„მე როგორც კი ავიღებ წიგნს ხელში, ისინიც კითხულობენ... ყველაზე კარგი მაგალითი შვილებისთვის, მშობლების ქცევაა...“ - გვანცა დარასელია - მშობლები

„მე როგორც კი ავიღებ წიგნს ხელში, ისინიც კითხულობენ... ყველაზე კარგი მაგალითი შვილებისთვის, მშობლების ქცევაა...“ - გვანცა დარასელია

2025-04-22 20:37:33+04:00

23 აპრილი 1923 წლიდან წიგნის საერთაშორისო დღედაა მიჩნეული. საქართველოში კი 2019 წლიდან ამ დღეს წიგნის ჩუქების ტრადიცია დამკვიდრდა, რომლის მიზანი ქვეყანაში წიგნისა და წიგნიერების პოპულარიზაცია გახლავთ.

სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით დავუკავშირდით ორი შვილის დედას - გვანცა დარასელიას და არა მარტო ხსენებულ ტრადიციაზე ვკითხეთ, მისი შვილებისა და წიგნების ურთიერთობაზეც ვისაუბრეთ.

gvanca3-1745341063.jpg

- ერეკლე ახლა არის 13 წლის, თვეების იყო, როცა წიგნთან პირველად ჰქონდა შეხება, ოღონდ ეს იყო აბაზანის სათამაშო, რომელიც იშლებოდა წიგნივით და მახსოვს, განსაკუთრებულად უყვარდა ამით თამაში. ალბათ იმიტომაც, რომ ძილის წინ გვქონდა წიგნების დათვალიერების და კითხვის რიტუალი. საბედნიეროდ, ჩვენი შვილების თაობას აქვს უდიდესი შესაძლებლობა და არჩევანი მრავალფეროვანი წიგნებისა, იქნება ეს საოცრად ილუსტრირებული, 3დ, ფაზლებიანი თუ სხვა. ჩემს შვილებს უყვარდათ ამ ილუსტრაციებზე საუბარი, ოღონდ საკუთარ ინტერპრეტაციასაც რთავდნენ და აიგივებდნენ ყოველდღიურ, რეალისტურ ცხოვრებასთან. დოკუმენტური წიგნებითაც ინტერესდებოდნენ, მაგალითად, როგორიცაა საბავშვო ენციკლოპედია, ისტორიები და ამბები ცხოველებსა თუ სხვადასხვა ნივთებზე ძალიან აინტერესებდათ, ამოჩემებაც იცოდნენ..

- ახლა, როცა უკვე მოსწავლეები არიან და თავად შეუძლიათ კითხვა, რა დროს უთმობენ ამ საქმეს? გაჯეტები ჩვენი დროის სენია, რომელთანაც ბავშვები საკმაო დროს ატარებენ. თქვენი შვილების შემთხვევაში, კითხვის საკითხი როგორ დგას? სჭირდებათ შეხსენება?

- ეს ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენს ოჯახში, არ ვიქნები ალბათ ამ მხრივ გამონაკლისი და ვერ მოვიტყუები, რომ ჩემს შვილებს ვერ „ვადღლიზავ“ წიგნებს ხელიდან. ეს მომხიბლავი ალტერნატივა - გაჯეტები ჩვენს სახლშიც აქტუალურია და წიგნის კითხვა იწყება ყოველთვის შეხსენებით, თხოვნით ან მოთხოვნით. განსაკუთრებით თინეიჯერის შემთხვევაში რთულია ამ რუტინის ჩამოყალიბება, მაგრამ ისევ მშობლების, ანუ ჩვენი ჩართულობით ვახერხებთ იმას, რომ დღეში 20 წუთი მაინც დაუთმონ კითხვას, მიუხედავად იმისა რომ დაკავებულები არიან სკოლით, სპორტით და.ა.შ.

- წიგნს თავად ურჩევთ ხოლმე?

- თინეიჯერების შემთხვევაში ძალიან რთულია შესთავაზო და ურჩიო - რა წაიკითხოს, იმიტომ, რომ მთავარია თვითონ დაინტერესდეს და ისიამოვნოს პროცესით. დაძალებით მსხვილტანიანი წიგნის წაკითხვას სასტიკად არ ვეთანხმები, მართლა ხომ არ ჩამაბარებს იმ წაკითხულს, თავად უნდა გაიაზროს და ცოდნა დააგროვოს ამით. გვქონდა მცდელობა წაეკითხა დოკუმენტური, საფეხბურთო ლიტერატურა, რაც მას აინტერესებს. დიდ ძალისხმევას ვდებთ უფროსები იმაში, რომ ბავშვებს კითხვა შევაყვაროთ, რადგან ვთვლი, რომ წიგნს ალტერნატივა არ გააჩნია დ არც ექნება არასდროს. სხვათა შორის, ჩემს შვილთან მქონდა ამ თემაზე ერთი პერიოდი საუბარი, მეკითხებოდა, რა საჭიროა ამ სისქე წიგნების კითხვა, როცა შესაძლებელია ინფორმაცია სწრაფად მოვიძიო ინტერნეტიდან ნებისმიერ თემაზე, ნაწარმოებზე, ავტორზე და ა.შ. მაგრამ უამრავი ადამიანის, მათ შორის ჩვენი მაგალითით ვუხსნიდი, რამხელა დატვირთვა აქვს წიგნს და მის კითხვას. საბოლოო ჯამში, დავრწმუნდი, რომ ყველაზე კარგი მაგალითი შვილებისთვის, არის მშობლების ქცევა, მე როგორც კი ავიღებ წიგნს ხელში, ისინიც კითხულობენ, პირადი მაგალითი ნამდვილად გადამწყვეტია. თუ ბავშვი ვერ ხედავს წიგნებით დაინტერესებულ გარშემო მყოფებს, მისთვისაც ეს აქტივობა უცხო ხდება და სწორედ ამიტომ მგონია, რომ თუ გვინდა, წაიკითხონ, ჩვენც უნდა წავიკითხოთ.

my-girl-1745341062.jpg

- ზემოთ ახსენეთ, რომ საკმაოდ რთულია თუნდაც შვილისთვის წიგნის შერჩევა. მაგრამ თუ გახსენდებათ ისეთი მომენტი, როცა თქვენ აჩუქეთ შვილს წიგნი და მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა...

- სხვათა შორის, ასტრიდ ლინდგრენი არის ავტორი, რომელიც არასდროს მიცრუებს ამ მხრივ იმედს. მეც როცა ბავშვი ვიყავი და ვკითხულობდი რა ემოციაც დამიტოვა, იმ ემოციით კითხულობდა ჩემი შვილიც, ზუსტად ისეთივე სიამოვნება მიანიჭა ლილეს თუნდაც „ემილის თავგადასავალმა“ და სხვა ნაწარმოებებმა, რომელიც ძალიან სახალისო და კარგი საკითხავია. ეს ავტორი თაობებს უძლებს და ამით არის ალბათ უნიკალური. ასევე ძალიან მინდა თანამედროვე, ქართველი ავტორები „შემოვიტანო“ მათ ცხოვრებაში.

მე როცა მაკითხებდნენ ჟიულ ვერნს, ეს მოვალეობად და აუცილებლად მიმაჩნდა, მაგრამ ახლა შეიძლება ჩემს შვილს ვერ დავაძალო ამხელა ნაწარმოების წაიკითხოს, რადგან ცოტა სხვა ენითაა დაწერილი და თითქოს მოწყვეტილი არიან ბავშვები იმ ცხოვრებას, რასაც იმ დროინდელი ნაწარმოებები ასახავს. მთავარია უყვარდეთ კითხვა და შემდეგ მიუბრუნდებიან ამ კლასიკოსებსაც.

- წიგნის ჩუქების ტრადიცია თუ გაქვთ?

- ძალიან მიყვარს წიგნის ჩუქება და მეც რომ ვიღებ საჩუქრად - ესეც ძალიან მიხარია. რომ მეუბნებიან, მათხოვე და დაგიბრუნებ, ესეც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ან პირიქით - მე რომ ვთხოულობ. ზოგი წიგნი ასე დაკარგულიც მაქვს, ეტყობა ვათხოვე ვინმეს და აღარ დამიბრუნეს. მომწონს, წიგნს რომ წაკითხვის, გამოყენების კვალი ატყვია, ცოტა გაცრეცილი და შელახული რომაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ბევრ ხელში გაიარა. წიგნი ინტერიერს და შპალერის ფერს არ უნდა ეხამებოდეს (იცინის), მთავარია ბევრჯერ ან ბევრი ადამიანის მიერ წაკითხული და თუნდაც შელახული იყოს.

ციცი ომანიძე