"შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა..." - ელენე ეპიტაშვილი გიორგი მამარდაშვილთან თანაცხოვრებაზე - მშობლები

"შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა..." - ელენე ეპიტაშვილი გიორგი მამარდაშვილთან თანაცხოვრებაზე

2025-04-26 09:42:22+04:00

გიორგი მამარდაშვილის მოდელი მეუღლის - ელენე ეპიტაშვილის ვრცელი ინტერვიუ ჟურნალ "სითიში" დაიბეჭდა. ინტერვიუში ელენე საუბრობს გიორგისთან შეხვედრაზე, თანაცხოვრებაზე, პატარა ენიზე... გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

– ელენე, მზად იყავი სახალხო ყურადღებისთვის, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

– როდესაც ასეთ ყურადღებას იღებ, ცხოვრების ბევრი ასპექტი იცვლება. განსაკუთრებით, ყოველდღიურობა და პირადი სივრცე. მეტი პასუხისმგებლობა გაჩნდა რადგან ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გვადევნებს თვალს.თუმცა, რა თქმა უნდა, ვაფასებთ ხალხისგან წამოსულ სითბოს და ყურადღებას.

– თქვენი ცხოვრება განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა. ვნახეთ როგორ გთხოვა გიორგიმ ხელი. ეს იყო ორი წლის წინ, როცა საქართველომ უმასპინძლა U21-ს ევროპის ჩემპიონატს და მაშინ უკვე ყველამ დაიჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს მომდევნო 15-20 წელი კარის განსაკუთრებული მცველი ეყოლებოდა. ვნახეთ „ჯენდერ რივიალ“ ფართი და ქორწილი. როგორ მიიღეთ დიდი სიყვარული, რომელსაც ხშირ შემთხვევაში კრიტიკაც ახლავს ხოლმე?

– ეს იყო პერიოდი, როცა გიორგის ცოტა ხნით ჰქონდა დასვენება და ვეცადეთ ყველა ღონისძიება დროულად განგვეხორციელებინა. ხალხისგან ბევრი სიყვარული წამოვიდა. კრიტიკაც, თუმცა მესმის, რომ ყველასთვის ყველაფერი მოსაწონი არ იქნება და ვცდილობ გულთან ახლოს არ მივიტანო ნეგატიური გამოხმაურებები.

– გიორგის ინტერვიუებს როდესაც ვუსმენთ, ყველა ვხვდებით მის ძალიან მტკიცე ხასიათს, მოტივაციას, ფეხბურთის სიყვარულს, ცხადია. საკმაოდ რთულია ფეხბურთელების ცხოვრება. შენ თუ ახერხებ, რომ მას ეს რეჟიმი შეუმსუბუქო?

– ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გიორგის სტაბილურობა და სიმშვიდე ჰქონდეს. ფეხბურთელის ცხოვრება მართლაც რთულია, მუდმივი წნეხი, დატვირთული გრაფიკი, ნაკლები დასვენება,წარმატებებისა და მარცხის ცვალებადობა. ჩემი როლი იმაში მდგომარეობს, რომ მისთვის სახლი ყოველთვის იყოს ის ადგილი, სადაც შეუძლია დაისვენოს, იყოს უბრალოდ გიორგი და არა მხოლოდ ფეხბურთელი. ვცდილობ მისთვის ემოციური მხარდამჭერი ვიყო და მისი მოტივაცია გავაძლიერო.

– გვახსოვს შენი კომენტარი ევროპის ჩემპიონატზე, ესპანეთთან თამაშის წინ „გაუჭირდებათ მამარდასთვის გოლის გატანა“ – როგორ ამხნევებ მას თამაშის წინ?

– მე ვიცი გიორგის რა შეუძლია და შესაბამისად, ვამხნევებ იმით, რომ ვარწმუნებ, რომ ყველაფერი გამოუვა და კარგად იქნება. თამაშის წინ ყოველთვის ვცდილობ გიორგის სიმშვიდე შევუნარჩუნო, მიუხედავად იმისა, რომ ის საერთოდ არ ნერვიულობს და თავდაჯერებულია. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ყოველთვის ვუგულშემატკივროთ, როგორც პარტნიორებმა, რომლებიც ამ გზას ერთად გადიან.

– გიორგისთან შეხვედრამდე თუ უყურებდი ფეხბურთს? ვის გულშემატკივრობდი? რა იცოდი ფეხბურთზე?

- გიორგისთან შეხვედრამდე დიდად ვერ ვერკვეოდი ფეხბურთში. ახლაც ვსწავლობ, თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვგულშემატკივრობდი საქართველოს ნაკრებს.

– სად და როდის შეხვდით ერთმანეთს?

- 2021 წლის ბოლოს გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი პირველი შეხვედრა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში იყო. ცოტა ხნით იყო ჩამოსული და მაშინ ვნახეთ ერთმანეთი პირველად.

– თქვენი ცხოვრება ვალენსიაში – რა ხდება ფეხბურთის მიღმა?

– მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, ყოველთვის ვცდილობთ დრო ერთად გავატაროთ. თავისუფალ დროს ქალაქში ვსეირნობთ, ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობას. თუ ცოტა დიდი ხნით გვაქვს დასვენების საშუალება, ვმოგზაურობთ.

– რა შეცვალა ენის გამოჩენამ თქვენს ცხოვრებაში?

– ყველაფერი შეიცვალა, თითქოს ახალი თვალებით ვუყურებთ სამყაროს. შვილის გაჩენამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი ერთიანობა და ურთიერთობებში მეტი სიყვარული, მხარდაჭერა და ზრუნვა შემოიტანა.

– როგორ შეარჩიეთ მისთვის სახელი?

– დიდი ხანი ვარჩევდით სახელს. გვქონდა რამდენიმე ვარიანტი, თუმცა საბოლოოდ შევჩერდით ენიზე. მინდოდა მოკლე, უნივერსალური და საყვარელი სახელი აგვერჩია.მუცლიდანვე შევარქვით ენი და ისე შევეჩვიეთ, სხვა სახელი მასზე უკვე ვეღარ წარმოგვედგინა.