"ამ დიეტებისგან შეიძლება, შაქრიანი დიაბეტის უმართავი ფორმა ჩამოყალიბდეს, გულის, ღვიძლის პრობლემები..." - ნატა გაგუა მონოდიეტებსა და წონაში კლების პოპულარულ მეთოდებზე - მშობლები

"ამ დიეტებისგან შეიძლება, შაქრიანი დიაბეტის უმართავი ფორმა ჩამოყალიბდეს, გულის, ღვიძლის პრობლემები..." - ნატა გაგუა მონოდიეტებსა და წონაში კლების პოპულარულ მეთოდებზე

2025-04-28 13:16:30+04:00

რა რისკებს შეიცავს მონოდიეტა და რომელია საქართველოში ყველაზე პოპულარული მეთოდედები წონაში დასაკლებად - თემაზე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა საუბრობს:

- თუ ადამიანი ჯანმრთელია, შეიძლება, ნუტრიციოლოგთან კონსულტაცია აუცილებელი არ იყოს, მაგრამ მაინც უნდა იცოდეთ, გაქვთ თუ არა რაიმე პრობლემა. მაგალითად, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი, დაბალი რკინაფერიტინი, ნაღვლის ბუშტის ანთებითი პროცესი... დავუშვათ, ადამიანი პრაქტიკულად ჯანმრთელია და სჭირდება, მოკლე დროში წონაში დაიკლოს. შესაძლოა, პირობითად, ერთი კვირის განმავლობაში შეადგინოს ისეთი რაციონი, რომ შედეგსაც მიაღწიოს და ენერგიულიც იყოს. ეს მონოდიეტის ყველაზე დიდი უპირატესობაა. თუ ის გონივრულადაა შედგენილი, ძალას არასდროს გართმევს. თუმცა მონოდიეტას თვითნებურად არ შეიძლება, მივმართოთ იმიტომ, რომ მაგალითად, შესაძლოა, ადამიანს ქოლესტერინი აქვს მაღალი და არ იცის და აკეთებს თვითნებურად ცილოვან მონოდიეტას. ეს შეიძლება, ძალიან ცუდად დამთავრდეს და წლები იმკურნალოს კარდიოლოგთან და მაინც ვერ აღიდგინოს ჯანმრთელობა. ან შაქრიანი დიაბეტი, პრედიაბეტური მდგომარეობა აქვს და ზაფხულში ხილით განტვირთვის დღეებს ხშირად აკეთებს. შეიძლება, შაქრიანი დიაბეტის უმართავი ფორმა ჩამოუყალიბდეს. ამიტომ, პირველ რიგში, კონსულტაცია თერაპევტთან უნდა გავიაროთ.

ჩემი პაციენტები საკმაოდ გულწრფელები არიან და მეუბნებიან, რას აკეთებდნენ იქამდე, სანამ ექიმთან მისვლას გადაწყვეტდნენ. ზოგი 42 დღე არაქისის დიეტაზე იყო და ეს დამთავრდა იმით, რომ ნაღვლის ბუშტი აღარ აქვთ. ზოგი მთელი დღე კეფირსა და კიტრზე იყო და ეს გასტროენტეროლოგთან მკურნალობით დამთავრდა...

რამდენიმე პოპულარული მონოდიეტა:

კვერცხის დიეტა (7 დღე)

  • საუზმე: 2 მოხარშული კვერცხი + გრეიფრუტი ან ფორთოხალი
  • სადილი: მოხარშული კვერცხი ან ხაჭო + მწვანე ბოსტნეული
  • ვახშამი: 1-2 კვერცხი ან თევზი/ქათამი + ორთქლზე მომზადებული ბოსტნეული
  • წყალი აუცილებელია დიდი რაოდენობით ( 1,5 – 2 ლიტრი დღეში)

კვერცხის დიეტას არ გამოვიყენებდი არც მაშინ, პრაქტიკულად ჯანმრთელი რომ ვიყო. კვერცხი, გრეიფრუტი და ფორთოხალი საკმაოდ ძლიერი ალერგენია და შეიძლება, ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. წონაში დაკლების ნაცვლად, შევშუპდეთ და სითხე შეაკავოს. ამ დიეტის გამოყენებას არ გირჩევდით.

ბანანის დიეტა (3 დღე)

  • დღეში მხოლოდ 6-10 ბანანი
  • 1,5-2 ლიტრი წყალი
  • შესაძლებელია, მწვანე ჩაი, ყავა აკრძალულია

დავუშვათ, ადამიანს მაღალი ინსულინი აქვს და არ იცის. ასეთი, სამწუხაროდ, საქართველოში ძალიან ბევრია. ეს იქნება იმის პროვოცირება, რომ შეიძლება, პრობლემა შაქრიან დიაბეტშიც გადაიზარდოს. ბანანი, კვერცხი, ხაჭო - ცალ-ცალკე ყველა კარგი პროდუქტია, მაგრამ 6-10 ბანანის დღეში ჭამა სახიფათოა. 6 ბანანი რომ მიიღოთ მეორე დღეს შეიძლება, მაცივარმა ისე "დაგიძახოთ", რომ რაც შეგნითაა, ყველაფერი შეჭამოთ. ნახშირწყლები ინსულინს კიდევ გაზრდის და იმის ნაცვლად, რომ დანაყრდეთ, უფრო მეტად გშივდებათ.

წიწიბურას დიეტა (7 დღე)

  • წიწიბურა - დღის განმავლობაში რამდენიც გინდათ (მაგრამ, ჯობს, 3-4 ულუფა)
  • წყალი - მინიმუმ 1.5- 2 ლიტრი დღეში
  • მწვანე ჩაი უშაქროდ
  • არჩევით: დღეში 1 ჭიქა კეფირი ან 1 ვაშლი

კვირაში ერთხელ შეიძლება, ასეთი განტვირთვის დღე მოაწყოთ. ამ დიეტაში ბოსტნეულს დავამატებდი. მაგალითად, კიტრი, სატაცური, სალათის ფოთოლი და სხვა. მარილის დამატებაც შეიძლება. მედალს ორი მხარე აქვს. ჰიმალაის მარილი სითხის შეკავებას ისე არ იწვევს, როგორც სტანდარტული, სუფრის მარილი. თუმცა დოზირება აქაც მნიშვნელოვანია. მყავს პაციენტები, რომლებიც ჩემთან მოსვლამდე უმარილო დიეტას მიმართავდნენ და მათ ან დეპრესია დაეწყოთ ან წნევა დაუვარდათ. ამიტომ, მე ასე კატეგორიულად, უმარილო დიეტას ყველას არ ვუნიშნავ. არ არის გამართლებული.

მონოდიეტა შეუძლია, ჯანმრთელ ადამიანს კვირაში ერთხელ გაკეთოს. მაგრამ, წინა დღეებში არ უნდა გადაიტვირთოთ. ექიმი და სტაციონარი რომც არ დაგვჭირდეთ, ამას ნერვული სისტემა ეწირება.

6 ფურცლის დიეტა

  • დღე 1: თევზის მენიუ
  • დღე 2: ბისტნეულის მენიუ
  • დღე 3: ქათამი
  • დღე 4: მოხარშული მარცვლეული
  • დღე 5: ხაჭო
  • დღე 6: ხილი

ეს დიეტა ჯერ კიდევ ჩემს ახალგაზრდობაში იყო. მეც მაქვს გაკეთებული. ხილის მიღების შემდეგ მაცივართან ვიჯექი...

არაჟნის დიეტა

nata-gagua-1745832116.jpg

არაჟნის დიეტა პოპულარულია იმიტომ, რომ როდესაც წონის კლება შეჩერებულია, ორგანიზმი ე.წ. პლატოდან გამოჰყავს. მაგრამ არაჟანი ნაღვლის ბუშტს დუელში იწვევს. სანაცნობოში ბევრი ადამიანი ვიცი, რომლებიც დიეტიდან მეორე დღეს გასტროენტეროლოგთან მოხვდა. არაჟანი ნაღველმდენია და უზმოზე მისი მიღება ძალიან რისკიანია.

მე მიყვარს, როდესც ცილები თევზის ან ხორცის, ან რძის ნაწარმის სახითაა. აუცილებლად ბოსტნეული და თუ აკრძალული არ აქვთ, ხილი - ამ ჯგუფის კომბინირება მნიშვნელოვანია. ეს შეგიძლიათ, კვირაში ერთხელ გააკეთოთ.