ქართველი ბლოგერი, სოფია კვინიკაძე, დედა გახდა. ის და მისი სამხრეთ კორეელი მეუღლე პატარა იოჰანეს მშობლები გახდნენ. სოფიას სამხრეთ კორეაში საკეისრო კვეთა ჩაუტარეს. მან მშობიარობამდე და მშობიარობის შემდგომ დღეები გადაიღო და საკუთარ გულშემატკივრებს ემოციები გაუზიარა:
"ბავშვი ხომ ვნახე, მახინჯ კარტოფილს ჰგავს (იცინის), კორეელს საერთოდ არ ჰგავს. არ აქვს აზიური თვალი. რომ დაიბადა, ექიმები ამბობდნენ, რომ მე მგავს." - ამბობს სოფია.
სოფიამ აჩვენა, როგორ ჰყავთ პატარები ცალკე განყოფილებაში და მშობლებსა და ახლობლებს შეუძლიათ, გარედან, მინის კედლებიდან შეხედონ.
ბლოგერმა, როგორც აღვნიშნეთ, საკეისრო კვეთა ჩაიტარა. ვიდეოში აჩვენა ის სივრცეც, სადაც ქალებს, რომლებმაც შვილი საკეისრო კვეთით გააჩინეს, ბანაობა შეუძლიათ. თავის დაბანაში მეუღლე დაეხმარა და სახალისო კადრებიც გადაიღო.
აჩვენა ის საკვები, რასაც ახალნამშობიარევ ქალებს სამშობიაროში აჭმევენ. მათ შორის, გოგრის სუპი, ომლეტი, სალათი, ტოსტი, ბრინჯი იყო.
"ხსენს ვიწველი და ბავშვს ვუგზავნი. პირადად ბავშვის ნახვა და ჭმევა დღეში ორჯერ შემიძლია. მაგრამ, რახან ოპერაცია მაქვს გაკეთებული, მიფრთხილდებიან. საწველი აპარატი, ბოთლი, ბავშვის ჩასაცმელი, გამოსაცვლელი - ყველაფერი აქ არის. არაფერი გვჭირდება. უბრალოდ, ხსენი უნდა გამოიწველო და გაუგზავნო. დღეში ორჯერ მიდიხარ და გასწავლიან, ბავშვს როგორ უნდა აჭამო რძე." - ამბობს სოფია.
სოფია ახალბედა მშობლობის შესახებაც საუბრობს და გამომწერებს გულწრფელად უზიარებს იმ შიშებს, რაც ამ პროცესს თან ახლავს:
"სიგიჟეა, ბავშვი სახლში მიგვყავს და ჩვენ, რომლებიც წესიერად საკუთარ თავს ვერ ვუვლით, მუცელი რომ აგვტკივდება, არ ვიცით, რა ვქნათ, ახალი არსება უნდა ვაცოცხლოთ. თან რა სიყვარულია, ღმერთო..." - ამბობს ბლოგერი.
სოფიამ აჩვენა ისიც, თუ რამდენად იცავენ ახალშობილთან ჰიგიენას, რომ მას ვირუსით დაინფიცირების რისკი არ შეუქმნან.
იხილეთ სოფიას ვიდეო ვრცლად: