43 წლის სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი ჯეიმი კერნ ლიმას პოდკასტის სტუმარი გახდა. ის სტუდიაში მაკიაჟის გარეშე და სპორტულ ტანსაცმელში გამოცხადდა. ინტერვიუს დროს მან პრინც ჰარისთან რომანის საწყისი იტაპი გაიხსენა და ისაუბრა, თუ როგორ უყვარს პრინცი დღემდე. ასევე გააკეთა კომენტარი იმ ჭორებზე, რომლებიც მის მემუარებს უკავშირდება.
"ადამიანებმა არ იცოდნენ, რომ ჩვენ ვხვდებოდით, და მე ეს ვერავისთან გავამხილე. ამიტომ ჩვენ მიმოწერისას კოდური სახელები გამოვიყენეთ", - განაცხადა მან. მისი თქმით, მომავალ მეუღლესთან ერთად ისინი ერთმანეთს "M"-ს და "H"-ს უწოდებდნენ - მათი სახელების პირველი ასოების მიხედვით.
ჰერცოგინიამ განაცხადა, რომ ისევ უყვარს თავისი მეუღლე, რომელთანაც უკვე შვიდი წელია ერთად არის, და რომ ეს გრძნობა ორმხრივია. "ამ კაცს ძალიან ვუყვარვარ. და შეხედეთ, რა ლამაზი ცხოვრება ავაშენეთ. გვყავს ორი ჯანმრთელი, ლამაზი შვილი. ჰარი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჩვენი ოჯახი იყოს უსაფრთხოდ და დაცული. ჩვენ დღესაც ვპოულობთ დროს პაემნებისთვის", - თქვა მან.
ამასთან, მეგანმა ირიბად უპასუხა დიდი ხნის განმავლობაში გავრცელებულ ჭორებს იმის შესახებ, რომ ის და პრინცი ჰარი განქორწინების ზღვარზე არიან. "როგორ ფიქრობთ, სამუდამოდ იქნებით დაქორწინებული?" - ჰკითხა წამყვანმა მარკლს, რაზეც მან ემოციურად უპასუხა: "დიახ!".
მეგანმა გაიხსენა თავისი რთული ცხოვრება სამეფო ოჯახში შესვლის შემდეგ. როგორც გახსოვთ, ქორწინებიდან ორი წლის შემდეგ, სამეფო კარზე კონფლიქტის ფონზე, ის და ჰარი ინგლისიდან წავიდნენ. მეგანმა განაცხადა, რომ პრინცთან რომანის პერიოდში ორივენი თითქოს "სანგრებში" იყვნენ: "დასაწყისში ეს იყო პეპლები მუცელში, მაგრამ შემდეგ ჩვენ მაშინვე გადავინაცვლეთ "სანგრებში" - დაახლოებით გაცნობიდან ექვსი თვის შემდეგ. და მხოლოდ ახლა გვაქვს შესვენება და შეგვიძლია უბრალოდ ერთმანეთით ვტკბებოდეთ. ვგრძნობ, რომ მხოლოდ ახლა დაგვიდგა თაფლობის თვე".
მეგანმა ასევე პირველად გააკეთა ირიბი კომენტარი იმ ინფორმაციაზე, რომ ის ჰარისთან ცხოვრების შესახებ მემუარებს ამზადებს. "ვიცი, რომ ხალხს ხშირად აინტერესებს, ვაპირებ თუ არა მემუარების დაწერას, მაგრამ მე ჯერ კიდევ ბევრი რამ მაქვს გამოსაცდელი, სანამ ამ ეტაპამდე მივალ", - განაცხადა მან.
ჰერცოგინია, რომელსაც პრინცთან რომანის დასაწყისიდანვე სხვადასხვა მიზეზის გამო აკრიტიკებენ, საკუთარი თავის მიმართ საზოგადოების დაინტერესებასაც შეეხო და განაცხადა, რომ უკვე შეწყვიტა რაიმეს მტკიცება საზოგადოებისთვის. "მე მივაღწიე იმ წერტილს, როცა ვგრძნობ, რომ აღარ მჭირდება მტკიცება, რომ კარგი ადამიანი, კარგი ცოლი, დედა ან მეგობარი ვარ, რომ ბევრს ვმუშაობ. ეს ნამდვილი გათავისუფლებაა. საკუთარი თავის გარდა არავის არაფერს ვუმტკიცებ. არა, ჩემთვის არაა სულ ერთი, რას იფიქრებენ ადამიანები, მაგრამ არ მჭირდება ვინმეს დავუმტკიცო რაიმე, თუ ის ამას ვერ ხედავს", - განაცხადა მარკლმა.
როდესაც საუბარი შვილებს შეეხო, მეგანი ატირდა იმ წერილის კითხვისას, რომელიც ბავშვებმა ცოტა ხნის წინ მისწერეს. მან განაცხადა, რომ სურს კარგი დედა იყოს, ასევე ისაუბრა იმ საჩუქარზე, რომელსაც არჩის და ლილიბეტს 18 წლის შესრულებისას გაუკეთებს. მეგანის თქმით, ყოველ საღამოს შვილებისთვის სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ ფოსტებზე აგზავნის წერილებს მათი ცხოვრების მომენტებით - ფოტოებს, "რომლებსაც ჩარჩოში ვერ ჩადებ", მათი აკადემიური მოსწრების ფურცლებს და "გულისთვის ძვირფას მოგონებებს". "ვიფიქრე, რომ ეს შესანიშნავი შესაძლებლობა იქნებოდა მათთვის დროის კაფსულის შესაქმნელად", - ასე ახსნა მეგანმა თავისი იდეა.
ბოლოს, მეგანმა დაასახელა ის, რაც აბსოლუტურად არ შედის მისი ინტერესების სფეროში: ეს არის პოლიტიკა. როდესაც მას ჰკითხეს, ხომ არ სურდა პრეზიდენტობისთვის კენჭი ეყარა, მარკლმა უპასუხა: "არა. არასდროს. ღმერთო ჩემო". თუმცა დაამატა: "არასდროს არ თქვა "არასდროს", მაგრამ არა, ეს არ მაინტერესებს".
ყოფილი ჰოლივუდის მსახიობი მეგან მარკლი და ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჰარი 2018 წელს დაქორწინდნენ. 2020 წელს მათ უარი თქვეს სამეფო პრივილეგიებსა და მოვალეობებზე და აშშ-ში დასახლდნენ. მათი ვაჟი არჩი ამჟამად ხუთი წლისაა, ხოლო ქალიშვილი ლილიბეტი - სამის. ამერიკაში წყვილი საკუთარი ბიზნესის კეთებას ცდილობს: იღებდნენ დოკუმენტურ ფილმებს და კულინარიულ შოუს Netflix-ისთვის, პოდკასტებს, გამოსცემდნენ წიგნებს. მეგანი ავითარებს საკუთარ ბრენდს American Riviera Orchard, რომლითაც საყოფაცხოვრებო საქონელსა და ფერმერულ პროდუქტებს, კერძოდ, მარწყვის მურაბას ყიდის. თუმცა, მათი წამოწყებების ნაწილი წარუმატებელი აღმოჩნდა, ხოლო თავად ჰერცოგინიას აკრიტიკებენ არაგულწრფელობის, სიცრუისა და შვილებისა და ბრიტანეთის გვირგვინთან კავშირის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მცდელობის გამო.