2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებულმა აბიტურიენტმა, რომელიც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში ირიცხება როგორც არადამამთავრებელი კლასის მოსწავლე, თუმცა სწავლობს ნებისმიერი ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელ კლასში, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინოს დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ ირიცხება დამამთავრებელ კლასში.ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს. დოკუმენტის წარდგენა სავალდებულოა 28 აპრილიდან 15 მაისის 18:00 საათამდე.
აღნიშნულმა ინფორმაციამ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განგვიცხადეს, საბუთების წარდგენის ვალდებულება აქვთ იმ აბიტურიენტებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში სწავლობენ და იქ დაასრულეს სწავლა, ან ჯერ საქართველოში სწავლობდნენ, შემდეგ სხვა ქვეყანაში გადავიდნენ, მე-11 კლასი დაასრულეს და იმ ქვეყანაში სწავლების სრული კურსი 11 კლასს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში არადამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, წინა წლებისგან განსხვავებით, როცა მეთერთმეტეკლასელებიც მონაწილეობდნენ გამოცდებში, 2025 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის უფლება არ აქვთ.
ასევე, აღნიშნულ ვადაში უნდა მიმართონ ცენტრს განაცხადით არადამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებმაც, რომლებიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებას ექსტერნატის ფორმით გეგმავენ. მათ განაცხადს უნდა დაურთონ ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი
მნიშვნელოვანი დამატებითი ინფორმაცია:
თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში.
იმ გამოსაცდელებს, რომლებიც ვალდებულნი არიან წარმოადგინონ აღნიშნული დოკუმენტები, სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით (sms).
დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ ცენტრის ცხელ ხაზზე: 032 2 47 33 33