დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში ინსულტით ყოველ 40 წამში ერთი ადამიანი კვდება. ეს გახლავთ პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ხდება. სისხლმომარაგების შეწყვეტისას ტვინი ჟანგბადისა და საკვები ნივთიერებების გარეშე რჩება, რაც უჯრედების სიკვდილს იწვევს.
როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ნევროლოგი თამარ შენგელია აღნიშნავს, ინსულტი არა მხოლოდ სიკვდილიანობის, არამედ უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია მსოფლიო მასშტაბით. არსებობს ორი ტიპის ინსულტი: იშემიური და ჰემორაგიული. თამარ შენგელია ინსულტის შესახებ დეტალურად გვესაუბრება.
- რა განსხვავებაა იშემიურ და ჰემორაგიულ ინსულტს შორის?
- იშემიური ინსულტის დროს ტვინის კონკრეტულ უბანს სისხლი არ მიეწოდება, ხოლო ჰემორაგიული ინსულტის დროს ტვინის პარენქიმაში სისხლძარღვის დაზიანებასთან დაკავშირებული სისხლჩაქცევა ხდება. ეს უმეტესად მაღალი წნევითაა განპირობებული. იშემიური ტიპის ინსულტები უფრო ხშირად გვხვდება პრაქტიკაში. საერთო რაოდენობაში მათი პროცენტული გადანაწილება შემდეგნაირია 85%- 15%.
ასევე არსებობს გარდამავალი იშემიური შეტევა.
- როგორია ინსულტის დამახასიათებელი სიმპტომები?
- ინსულტის სიმპტომები დაკავშირებულია დაზიანებული უბნის ლოკალიზაციასთან. მის სიმძიმეს კი უშუალოდ დაზიანების ხარისხი განაპირობებს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია, თუ რომელი სისხლძარღვია დახშული და შესაბამისად, ტვინში ზუსტად რა ნაწილის სისხლმომარაგებაა შეწყვეტილი. აღნიშნულიდან გამომდინარეობს პაციენტის ჩივილებიც და სიმპტომოკომპლექსიც. ეს შეიძლება იყოს სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება და ა.შ.
- ვინ არიან ინსულტის განვითარების რისკჯგუფში?
- ინსულტის განვითარების რისკი აქვთ ადამიანებს, რომელთაც აწუხებთ არტერიული ჰიპერტენზია, ლიპიდური ცვლის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, კარდიოვასკულარული დაავადებები, როგორიცაა არითმია, სიმსუქნე, არიან თამბაქოს მომხმარებლები.
- რას ნიშნავს გარდამავალი იშემიური შეტევა?
- გარდამავალი იშემიური შეტევა არის ტვინის კეროვანი იშემია, რომელიც იწვევს უეცარ, მაგრამ გარდამავალ და არა პერმანენტულ ნევროლოგიურ დეფიციტს. იგი ჰგავს იშემიურ ინსულტს, მაგრამ მისგან განსხვავებით ნევროლოგიური დეფიციტი დაახლოებით 1 საათამდე დროში, ხშირად 5-15 წუთამდე პერიოდშიც კი გადის. ეს პროცესი მომავალში შეიძლება დაკავშირებული იყოს ინსულტის განვითარებასთან. სწორედ ამიტომ მსგავსი შემთხვევა პაციენტის ისტორიაში კლინიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, მისი გარდამავლობის მიუხედავად.
- როგორ უნდა მიხვდეს პაციენტი, რომ მას შეიძლება ინსულტი ჰქონდეს?
- თუ პაციენტს აღენიშნება თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სახის ასიმეტრია, სისუსტე კიდურებში, მეტყველების გაძნელება, მხედველების გაუარესება, წონასწორობის დარღვევა, მხედველობის გამოსახულების გაორება, გახდა დეზორიენტირებული და არაადეკვატური, უნდა ვიყოთ ძალიან ყურადღებით და მივმართოთ სასწრაფო გადაუდებელ დახმარებას, რომელიც პაციენტის ჰოსპიტალიზებას მოახდენს უახლოეს ინსულტის ცენტრში. ინსულტის მართვისას მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დრო, თუ რამდენად სწრაფად მოხდება მასზე რეაგირება.
- რას მოიცავს ინსულტის მკურნალობა? მკურნალობის რა გზებს იყენებთ „ნიუ ჰოსპიტალსში“?
- ინსულტის მკურნალობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, თუ რა ტიპის ინსულტთან გვაქვს საქმე. დიაგნოსტიკა ხდება ისეთი მაღალტექნოლოგიური კვლევებით, როგორიცაა თავის ტვინის CT და MRT.
„ნიუ ჰოსპიტალში“ ინსულტის მკურნალობა საერთაშორისო გაიდლაინებსა და პროტოკოლებზე დაყრდნობით მიმდინარეობს. იშემიური ინსულტის შემთხვევაში, თუ პაციენტის პოსპიტალიზაცია მოხდა დროულად და აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მკურნალობა მოიცავს თრომბოლიზისს (თრომბის დამშლელი მედიკამენტის ინტრავენურ შეყვანას), ან თრომბექტომიას (თრომბის მექანიკურ ექსტრაქციას). ჰემორაგიული ინსულტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თუ სისხლის რა მოცულობაა ჩაღვრილი თავის ტვინში. აღნიშნულის შესაბამისად შესაძლებელია ოპერაციული ჩარევა გახდეს საჭირო.
როგორია ცხოვრება ინსულტის შემდეგ? რა რჩევები და რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ პაციენტებმა?
ინსულტი სიკვდილიანობისა და უნარშეზღუდულობის ერთ-ერთი წამყვანი მიზეზია. საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დასაცავად, აუცილებელია ყველამ ვიცოდეთ სიმპტომების ამოცნობა და მოვახდინოთ სწრაფი რეაგირება. დიდწილად მასზეა დამოკიდებული, რა შედეგებით დასრულდება პათოლოგია.
ადამიანებმა უნდა მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ცენტრებს, რათა დროულად და ადეკვატურად მოხდეს რისკფაქტორების ამოცნობა, რისკების შემცირება და შესაბამისად, ინსულტის პრევენცია.
ახასიათებს თუ არა ინსულტს გამეორება? როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რომ რეციდივი თავიდან აირიდოს?
ინსულტს განმეორება ახასიათებს. ამიტომ პაციენტებმა ზედმიწევნით უნდა შეასრულონ ექიმის რეკომენდაციები და შეძლებისდაგვარად ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ.
R