14 წლის გიორგი ავაგუმაშვილს,იშვიათი და მძიმე დაავადება - ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება 7 წლის ასაკში დაუდგინდა. ეს მდგომარეობა, რომლის დროსაც ორგანიზმი სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებთან ბრძოლას ვეღარ ახერხებს, მის ჯანმრთელობაზე მძიმედ აისახა.
ბოლო ორი თვეა, გიორგი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებით ჯერ თბილისში ნიუ ჰოსპიტალში მკურნალობდა, თუმცა მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, ოჯახმა ბავშვი თურქეთში გადაიყვანა. გიორგი ამჟამად სტამბოლის კლინიკა "მემორიალში“ გადის მკურნალობას.
გიორგის დედას,ელენე შავთავალაძესსტამბოლში დავუკავშირდით. ბავშვი ახლა მკურნალობას გადის, მაგრამ ოჯახს ფინანსური დახმარება სჭირდება, რომ 14 წლის ბიჭი გამოჯანმრთელებული დაბრუნდეს საქართველოში
- ელენე, როდის დაუდგინდა გიორგის პირველადი თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი - ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება? რა სიმპტომები გამოვლინდა თავდაპირველად?
- 7 წლის იყო, როდესაც გიორგის ეს დიაგნოზი დაუსვეს. იქამდე ჰქონდა ხშირი ავადობა. დაუდგენელი პათოლოგიები,ექიმები დიდი ხანი ვერ ადგენდნენ რა სჭირდა. ხან ფილტვზე ჰქონდა პრობლემა, ხან თირკმელზე. დიაგნოზის დასმის შემდეგ, მდგომარეობას ვმართავდით და 14 წლამდე კარგად იყო.
- ახლა რამდენი ხანია, რაც განმეორებით ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო?
- ორი თვის წინ გახდა ცუდად, როდესაც ღვიძლში აბსცესი დაიწყო. ნიუ ჰოსპიტალში იწვა გიო, მაგრამ მკურნალობის დასრულების შემდეგ, პარალელურად პროცესი ფილტვზე წავიდა. დაეწყო გართულება და რენტგენოლოგიური კვლევით დადგინდა სავარაუდოდ სოკოვანი ინფექცია. რადგან ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, სოკოს ფართო სპექტრის პრეპარატი, რითაც ბავშვს მკურნალობა ჩაუტარდებოდა, იძულებულები გავხდით თურქეთში გადაგვეყვანა. ამჟამად ვიმყოფებით სტამბოლისკლინიკაში, სადაც ბავშვს ანტიფუნგალური და ანტიბაქტერიული მკურნალობა უტარდება.
- რას ნიშნავს ქრონიკული გრანულომატოზური დაავადება მარტივი ენით რომ ავუხსნათ მკითხველს? - რა გავლენას ახდენს ეს დაავადება გიორგის ორგანიზმზე?
- ამ დროს ბავშვის ორგანიზმი ვერ ებრძვის სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციებს და ეს ცუდად აისახება მის ჯანმრთელობაზე. სტაფილოკოკი, რომელიც ვერაგი ბაქტერიაა, შეიძლება შეიჭრას მის ორგანიზმში, ვერ გააუვნებელყოს და რომელიმე ორგანოში ჩაბუდდეს, როგორც გიოს შემთხვევაში მოხდა. ღვიძლის აბსცესიც მაგის შედეგია.
- როგორ უმკლავდება გიორგი ამ რთულ პერიოდს? როგორია მისი განწყობა?
- მის განწყობა ბავშვობიდან დადებითი იყო, ყველა პრობლემას ვაჟკაცურად ხვდებოდა. ახლაც იცის, რომ მაგრად უნდა იდგეს, იმიტომ რომ წინ ძალიან რთული გზა აქვს გასავლელი. მშობლები, ახლობლები ყველა გვერდში ვუდგავართ. გარდატეხის ასაკი აქვს და ცუდი პერიოდი დაემთხვა.
- რა არის ყველაზე გადაუდებელი საჭიროება ამ ეტაპზე? რა სახის ფინანსური დახმარება გჭირდებათ?
- -ამ ეტაპზე გადაუდებელი საჭიროებაა, სტამბოლში მემორიალის კლინიკაში მიმდინარე ინფექციისგან სამკურნალოდ საჭირო თანხა, რაც დაახლოებით 60 ათასი დოლარი ჯდება. შემდეგი ეტაპია ღეროვანი უჯრედების გადანერგვა. აქამდე ახლობელი ოჯახის დახმარებით მოვედით, თანხა მხოლოდ ერთი კვირა გვეყო და უკვე იწურება.
გიორგის დახმარების მსურველებმა, გთხოვთ, ჩარიცხოთ თანხა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:
GE14BG0000000525255073 (მიმღები გვანცა შავთვალაძე, ბავშვის დეიდა)
GE95TB7907245061600020 (მიმღები გვანცა შავთვალაძე, ბავშვის დეიდა)
Paypal -Gvantsa Shavtvaladze