ქუთაისელ ფოტოგრაფს, დავით ოქროპილაშვილს, მეტსახელად - დანტესს, უამრავი ადამიანი იცნობს. მან არაერთ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა და ბევრი ბავშვის, მოხუცისა და თუ სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. დავითი და მისი მშობლები სტუმრად გადაცემაში "სხვა რაკურსი" იყვნენ, სადაც დედა იხსენებს იმ მძიმე წლებს, რომლებიც მისმა ოჯახმა გამოიარა:
- შვილი მიკვდებოდა და წამლის ფული არ მქონდა. ერთი ბავშვი გარდაცვლილი გვყავს. დათოს წინ... ძალიან მძიმე წლები გვაქვს გავლილი. ცოტა რომ დავდექით ფეხზე, გაჭირვებულ ადამიანებს რომ ვუყურებდი, სულ მეცოდებოდა. ბაზარში რომ წავიდოდი, ვხედავდი გლეხი მოწყენილი იჯდა, მოხუცი დასჩერებოდა დამჭკნარ მწვანილს ან უმწიფარ ხილს, იმას ვიყიდიდი და სახლში მივიტანდი. რომ შემეკითხებოდნენ, ეს რა მოგიტანიაო, ვყვებოდი, როგორ გაჭირვებულად იდგა ადამიანი, ვერ ყიდდა, შემეცოდა და გავუსაღე. მგონი, დათოს ხასიათზე ეს აისახა. ძალიან მძიმე წლები გვქონდა. ჩემი მეუღლე დღე და ღამე შრომობდა. სახლიდან მშიერი წავიდოდა, იშრომებდა, რომ სახლში რაღაც მოეტანა. მშობლები არ ჰყავდა. ახლა გვაქვს, მაგრამ იმ წლებს რა დაგვავიწყებს?!"