25 აპრილს იულია ვანმა სოციალურ ქსელებში განაცხადა, რომ მას ყოფილი პარტნიორი, მოსკოვის ოლქის ვაჭრობის ყოფილი მინისტრი, ბიზნესმენი მიხაილ ხუბუტია თავს დაესხა. ნაჯახით შეიარაღებულმა მამაკაცმა მას მრავლობითი დაზიანებები მიაყენა და მისი მოკვლა სცადა. იულიას გარდა, სახლში მათი საერთო ქალიშვილი და ძიძაც იყვნენ. გოგონამ მხოლოდ ამის წყალობით მოახერხა გადარჩენა. ახლა იულია სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი, მედიაში კი ამბავს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
მასთან ინტერვიუ რუსმა ჟურნალისტმა, ქსენია სობჩაკმა ჩაწერა და საქმის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. ცოტა ხნის წინ მან გამოაქვეყნა ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ შედის მიხაილ ხუბუტიას მანქანა ტაქსის თანხლებით სოფელ ტრეგორკაში. იქ ვანი მათ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკან ბრუნდებიან. ვიდეოში ასახულია, რომ მამაკაცი ქუჩაში გარბის და ხელში რაღაც საგანი, სავარაუდოდ, ნაჯახი უჭირავს. მკვლელობის მცდელობის დროს მიხაილის გვერდით კიდევ ერთი პირი - მისი დაცვის თანამშრომელი იმყოფებოდა.
თავად ხუბუტია უარყოფს დანაშაულს და აცხადებს, რომ თავდასხმის დროს ის მოსკოვშიც კი არ იმყოფებოდა. თუმცა, არსებული მტკიცებულებები მის სიტყვებს უარყოფს.
იულიამ გამოაქვეყნა ასევე მიხაილის მუქარის ზარი იმავე საღამოს. მისი მონათხრობის თანახმად, ის გამოფენაზე იმყოფებოდა ხუბუტიას კუთვნილ დაწესებულებაში, რაზეც ბიზნესმენი გაბრაზდა და მუქარის ამსახველი აუდიო გაუგზავნა:
ქსენია სობჩაკი აცხადებს, რომ დაზარალებულთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა და სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ სისხლის სამართლის დანაშაული მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიონ.
აღსანიშნავია, რომ იულიასა და მიხაილს შორის ურთიერთობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. 2024 წლის ბოლოსკენ ქალმა მასთან დაშორება გადაწყვიტა, მაგრამ, როგორც ცნობილია, მიხაილს მისი გაშვება არ სურდა და მუქარა დაიწყო. ის ქალს ბავშვის წართმევით ემუქრებოდა. ეუბნებოდა, რომ ქონებას სრულად დააკარგვინებდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებით მოათავსებდა… იულიას თქმით, სასტიკ თავდასხმამდე, მამაკაცმა მის მიმართ რამდენჯერმე გამოავლინა აგრესია.
2024 წლის შემოდგომაზე ის ბიზნესმენს დაშორდა და ახალი ურთიერთობა დაიწყო. თუმცა მისი თქმით, ხუბუტია ამ ინფორმაციამ გააგიჟა.
"გაცოფდა, ჩემს დაბრუნებას ცდილობდა. ეს ბოლო თვე მასთან ურთიერთობა აღარ მქონია".
ინტერნეტში ვანის საქმეს სალტანად ნუკენოვას ისტორიას ადარებენ, რომელიც ასევე გავლენიანი პირის მსხვერპლი გახდა. იულიამ გადარჩენა მოახერხა და ის მზადაა, საკუთარი უსაფრთხოებისა და სიმართლისათვის იბრძოლოს.
თავად ბიზნესმენი ამბობს, რომ ეს ცრუ ბრალდებებია.
"რა თქმა უნდა, სიცრუეა. ვინ იულია, ვინ ვანი, ვის სჭირდება ეს? საქმე არაფერი გაქვთ? ათას სისულელეს წერენ!" - ამბობს ხუბუტია.
სოციალურ ქსელშიც ორად გაიყო აზრი. ზოგიერთებს სჯერათ, რომ ხუბუტიამ ცემა ქალი და მის დასჯას ითხოვენ. სხვები კი ამბობენ, რომ საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია და არ არის გამორიცხული, ეს დადგმული სცენა იყოს ბიზნესმენისგან კომპენსაციის მისაღებად. ამბობენ, რომ პოლიციაში გოგონას ნაცნობები სულ სხვადასხვა ვერსიას ჰყვებიან. იმასაც ამტკიცებენ, რომ ძიძას არ გაუგონია მამაკაცის ხმა და არც დაუნახავს ვინმე. მხოლოდ ქალის კივილი ესმოდა და ამიტომ გამოიძახა სასწრაფო. თუმცა ამ ფაქტზე მოგვიანებით თავად იულიამ თქვა, რომ ძიძაც ხუბუტიას დაქირავებული იყო და ის განგებ ტყუის, რომ ხუბუტიას არ ავნოს...
ზუგდიდში დაბადებული 68 წლის მიხაილ ხუბუტია 1990-იანი წლებიდან რუსეთში ცხოვრობს. იქვე ააწყო ბიზნესი და კარიერა რუსეთის მთავრობაში. პუტინისტ ბიზნესმენად მიიჩნევა და მილიონერებს შორის მოიხსენიებენ.
ოფიციალურად ჰყავდა მეუღლე - ეკა ჯანაშია, რომელზეც განქორწინებულია. წყვილს ერთი შვილი ჰყავს. წლების წინ მათ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა - ხუბუტიას 26 წლის ვაჟმა თავი მოიკლა.