ზაზა თელია ჭარბი ოფლიანობის მიზეზებზე, რაც არ უნდა გამოგრჩეთ - "ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინფექცია, სიმსივნე, უპირატესად ღამის ოფლიანობა ახასიათებს" - მშობლები

ზაზა თელია ჭარბი ოფლიანობის მიზეზებზე, რაც არ უნდა გამოგრჩეთ - "ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინფექცია, სიმსივნე, უპირატესად ღამის ოფლიანობა ახასიათებს"

2025-05-02 09:29:59+04:00

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი, ზაზა თელია გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა შეიძლება, იწვევდეს ჭარბოფლიანობას ანუ ჰიპერჰიდროზს:

- ჰიპერჰიდროზის მაპროვოცირებელი ფაქტორებია:

  • ემოციურობა (აღელვება)
  • ფიზიკური აქტივობა
  • სიცხე
  • მწარე საკვების მიღება
  • მედიკამენტები

ეს პათოლოგიურ ნიშანს არ წარმოადგენს. ნებისმიერ ჩვენგანს ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გათვალისწინებით შესაძლოა, ჭარბოფლიანობა დაეწყოს. ეს დროებითი გამოვლინებაა და ნორმალურია.

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები შეიძლება, შინაგანი დაავადებებიც იყოს. ესენია:

  • მეტაბოლური დარღვევები
  • ნევროლოგიური დარღვევები
  • ინფექცია
  • სიმსივნე

ძირითადად, ეს 4 დაავადებაა გამოყოფილი, რომლებსაც მეორადი ჰიპერჰიდროზი ანუ გენერალიზებული ოფლიანობა ახასიათებს.

ჭარბი ოფლიანობა შესაძლოა, დღე-ღამის განმავლობაში გამოიხატოს, თუმცა გააჩნია, რა ფაქტორზე ვსაუბრობთ. ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ინფექცია, სიმსივნე, უპირატესად ღამის ოფლიანობა ახასიათებს.

შეგვიძლია, დავასახელოთ კონკრეტული დაავადებებიც, რაც ჭარბოფლიანობას იწვევს. ესენია:

  • შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერთირეოიდიზმი ანუ ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია
  • ორსულობა, მენოპაუზა
  • კარცინოიდული სინდრომი - ესეც სიმსივნესთან ასოცირებული პრობლემაა
  • ტუბერკულოზი, ბრუცელოზი, მალარია
  • პარკინსონის დაავადება, ზურგის ტვინის ტრავმა
  • ალკოჰოლი, კოკაინი, ჰეროინი, ციპროფლოქსაცინი, სერტალინი, ანტიდეპრესანტები, ესომეპრაზოლი, ე.წ. კუჭის დამცავი მედიკამენტი
  • ლიმფომა, გულის უკმარისობა, ფილტვის კიბო