ბავშვის სიმაღლეზე მშობლები ძალიან ხშირად ღელავენ და ბევრი კითხვაც უგროვდებათ. რა თქმა უნდა, კვალიფიციური ექიმის რჩევები ამ საკითხთან დაკავშირებით მათთვის ყოველთვის საინტერესოა. ამჯერად ექიმი-ენდოკრინოლოგის, ასოცირებული პროფესორის, შოთა ჯანჯღავას რეკომენდაციებს გთავაზობთ, რომლებიც მანგადაცემაში "შენი დილა" მაყურებელს გაუზიარა.
რა გარემო ფაქტორები იწვევს ბავშვებში ზრდის შეფერხებას, როდის არის დაგვიანებული ექიმთან ვიზიტი და შეუძლია თუ არა ფიზიკურ აქტივობას ზრდის პროცესის შენელება
- ზრდაზე ორი მთავარი ფაქტორი მოქმედებს: გენეტიკა და გარემო. გარემო ფაქტორებში იგულისხმება არა მარტო გარემოცვა, არამედ შინაგანად მიმდინარე პროცესები, რომელიც ჰორმონალური ბალანსის დარღვევით შეიძლება გამოიხატოს. მთავარი პრობლემა, რომელიც პუბერტატის პერიოდში გვაქვს და გერემო ფაქტორს მიეკუთვნება, ეს არის ძილ-ღვიძილის პერიოდი, რომელსაც ზრდასთან მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. როგორც ცნობილია, დაძინებიდან 2-3 საათის შემდეგ ზრდის ჰორმონის სინთეზი იწყება და ის გამონათქვამი, რომ "ბავშვი ძილის დროს იზრდება", ნამდვილად სწორია, რადგან ამ პერიოდში გარკვეული პიკური მაჩვენებელი გვაქვს. თუ ჩვენი შვილი ღამის საათებში ინტერნეტზე, ტელეფონზე დამოკიდებულია და 4-5 საათზე იძინებს, შესაბამისად, ზრდის ჰორმონის სინთეზი ისე არ მიმდინარეობს, როგორც უნდა მიმდინარეობდეს. აქედან გამომდინარე, ეს, რა თქმა უნდა, გარდატეხის პერიოდში ყველაზე დიდი ფაქტორია. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საკვები პროდუქტებია, სადაც მიკროელემენტების, მინერალების შემცველობა, ადრინდელთან შედარებით, ძალიან შემცირებულია. ეს სხვადასხვა რამითაა განპირობებული. მათ შორის, დაბინძურებით, დიდი რაოდენობით სასუქებისა და ემულგატორების გამოყენებით, ფერის მიმცემლების, დამამუშავებლების, შემნახველების - უამრავი ქიმიური ნივთიერების, რომლებიც ზრდასთან მიმართებით ძალიან უარყოფით გავლენას ახდენს.კიდევ ერთი საკითხია, რამდენად კარგად იკვებება ბავშვი და რამდენად ადეკვატურია მისი დღის განმავლობაში მიღებული რაციონის შემადგენლობა ორგანიზმის მოთხოვნასთან მიმართებაში. ხშირად მოჰყავს მშობელს ბავშვი, რომელიც ამბობს, რომ მისი შვილი დღეში ერთხელ იკვებება, სხვა პერიოდში ან გაზიან სასმელს სვამს ან ტკბილეულს ჭამს. შესაბამისად, ასეთ ბავშვთან ის, რაც გვჭირდება, ცილა, კალციუმი, თუთია, D ვიტამინი, B12 დაბალ მაჩვენებელზეა და აქედან გამომდინარე, ბავშვი როგორ უნდა გაიზარდოს, თუ მას საშენ მასალას არ მივაწვდით?
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვთან მიმართებით, როდის ვაქცევთ ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებს ყურადღებას. ზოგჯერ გვიან ხდება დიაგნოსტირება. მაგალითად, 15-16 წლის რომ გახდება ბავშვი, მერე ექცევა ყურადღება იმიტომ, რომ თვლიან, თანატოლებთან შედარებით, დაბალია. ასეთ მდგომარეობაში დიაგნოსტიკა უკვე დაგვიანებულია, რადგან ძვლის თავზე ძვლის საზრდელა ზონები გვაქვს. ამ ძვლის საზრდელი ზონების გაძვალება პუბერტატის პერიოდის შემდგომი პერიოდიდან იწყება და თუ გოგონას ციკლი ადრე მოუვიდა, კაცისა და ქალის ჰორმონის ბალანსი შეიცვალა და უკვე ქალური ორგანოების ჩამოყალიბება იწყება, გაძვალების პროცესი უფრო ჩქარდება. თუ ვხედავთ, რომ ბავშვს ციკლი არა 11-12 წლის, არამედ 9 წლის ასაკში მოუვიდა, გენეტიკურად განპირობებული სიმაღლის შესაძლოა არ გაიზარდოს.
ექიმმა ასევე ისაუბრა, შესაძლებელია თუ არა წინასწარ იმის პროგნოზირება, რამდენი სანტიმეტრი იქნება ბავშვი სიმაღლეში:
- სპეციალური ცხრილები გვაქვს, სადაც მოცემულია, რომელ ასაკში, რა უნდა იყოს სიმაღლის მინიმალური და მაქსიმალური მაჩვენებელი. ყველაზე კარგია, თუ ბავშვი არც ქვედა ზღვართან იქნება ახლოს და არც ზედა ზღვართან. მაგრამ, ზედა ზღვართან შეიძლება ახლოს იყოს, თუ მშობლები მაღალი ჰყავს. ქვედა ზღვართან ახლოსაა ხოლმე, პირიქით, თუ მშობლები ჰყავს დაბალი. მედიუმი რომ ავიღოთ, ყველაზე კარგი მაჩვენებელია. თუ ბიჭებში ვხედავთ, რომ ადრიანად დაიწყო გათმიანება სახეზე, იღლიის, ბოქვენის მიდამოში, ესეც მიუთითებს, რომ ბიჭთან კაცის ჰორმონი იწყებს წინ წამოსვლას და შესაბამისად, შესაძლოა, გენეტიკური სიმაღლე არ იყოს მიღწევადი. მაგალითად, ვვარაუდობთ, რომ ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლე 165 სანტიმეტრი უნდა იყოს, ადრეული პუბერტატით, არასწორი ძილის რეჟიმით, არასწორი კვებით, ყველა ეს სანტიმეტრი გენეტიკურად მოცემულ ინფორმაციას აკლდება. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი შვილი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობდეს, ჯანსაღი კვების რაციონი ჰქონდეს და მაქსიმალურად დაბალანსებულ მდგომარეობაში იყოს, რათა ის, რაც გენეტიკამ მოგვცა, გამოვიყენოთ.
არის ასევე დაავადებები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ზრდის ფაქტროზე. მაგალითად: ცელიაკია, გლუტენის აუტანლობა, ლაქტოზის აუტანლობა, რომლებიც ორგანიზმს გარკვეულწილად სტრესულ სიტუაციაში ამყოფებს. დიაბეტიც შეიძლება რისკფაქტორად ჩაითვალოს, თუ არასწორადაა ნამართი. სწორად წარმართული დიაბეტი დამაბრკოლებელი ფაქტორი არ არის. ცელიაკიის დროს მიკრო და მაკროელემენტების შეწოვა არ ხდება, განსაკუთრებით, როდესაც რკინაზეა საუბარი. შეიძლება ბავშვი კარგად იღებდეს საკვებს, მაგრამ შეწოვა არ ხდება. შესაბამისად, თუ შეწოვა არ ხდება, ეს ფაქტორი ზრდაზე უარყოფითად მოქმედებს.
შოთა ჯანჯღავამ ასევე ისაუბრა იმ ფაქტორზე, გენეტიკიდან რა ახდენს ბავშვის სიმაღლეზე გავლენას და თუ ორივე მშობელი დაბალია, ბავშვის მოსალოდნელი სიმაღლეც მათი შესაბამისი იქნება თუ არა:
- რაც გენეტიკურადაა მოცემული, მას ძირითადად ვერ შევცვლით. მაგრამ, გასათვალისწინებელია, რომ მარტო მშობლის სიმაღლეს ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია ბებიის, ბაბუის სიმაღლე იმიტომ, რომ გენებს ორივე მხრიდან ვიღებთ - დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც. ასეთი მიდგომაა, რომ ბიჭის სასქესო განვითარება დედის გენეტიკაზეა დამოკიდებული. ბაბუის, დედის მამის სასქესო განვითარება როგორიც იყო, დაახლოებით, ისეთივე იქნება. ამიტომ, ბებიასა და ბაბუას დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან არ ვიცით, ბავშვმა დომინანტური გენი რომელი მშობლის მხრიდან მიიღო. შესაბამისად, რომ ვთქვათ, რომ მამის სიმაღლე 160 სანტიმეტრია და ბავშვის სიმაღლეც ამდენივე უნდა იყოს, არასწორია. არის სპეციალური ფორმულები, სადაც დედის სიმაღლე, მამის სიმაღლე, ბავშვის დაბადების დროს სიგრძის მაჩვენებელი, დაბადების დროს ბავშვის წონა, ასაკი, სქესია გათვალისწინებული და მერე სპეციალურ ფორმულაში მოსალოდნელი სიმაღლე გამოითვლება.
ექიმმა ყურადღება გაამახვილა ფიზიკურ აქტივობასა და სიმაღლეში ზრდასთან არსებულ კავშირზე:
- ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა ზრდის შეფერხებას იწვევს იმიტომ, რომ ძვალ-სახსროვან სისტემაზე ვზემოქმედებთ და ადგილობრივი მოქმედების გამოა შეფერხება. სამწუხაროდ, ჩვენთან ცუდი მიდგომაა, რომ ცეკვის დროს ძალიან ტვირთავენ ბავშვებს. ჩემი ახლობლებიც დადიან ცეკვაზე, კვირაში 5 გაკვეთილი და 3-საათიანი ინტერვალი აქვთ. ეს ძალიან ცუდია. კალათბურთი, ცურვა, სადაც დოზირებულადაა ფიზიკური აქტივობა კარგია, მაგრამ გადამეტებული მდგომარეობა არ უნდა იყოს.