სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი ოჯახურ მემკვოდრეობასთან დაკავშირებულ შეკითხვებს პასუხობს:
ბანკის ვალი დამადო მეუღლემ, მე ვარ თავდები, ის არ იხდის თანხას და მე მიწევდა გადახდა. ახლა მეც ვეღარ ვიხდი, რა შეიძლება გავაკეთო? სახლის ნახევარი წილი ჩემზეა გაფორმებული.
- სესხზე თავდები ისევეა პასუხისმგებელი, როგორც ძირითადი მსესხებელი. საქართველოში საბანკო-საფინანსო დაწესებულებები ძირითადად იყენებენ უზრუნველყოფის სოლიდარულ თავდებობას. რაც შეეხება სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზომას, თითოეული სოლიდარული მოვალე პასუხისმგებელია მხოლოდ თავისი ქონების ფარგლებში.
- ვართ სამი დედმამიშვილი, მშობლები გარდაიცვალნენ. არ ვიცით, მამამ დატოვა თუ არა ანდერძი, მაგრამ ფაქტია, ჩემმა ძმამ გაიფორმა მემკვიდრეობა თავის სახელზე ჩვენი, დების ხელმოწერის გარეშე. ახლა იმ სახლში შესვლის უფლება არა გვაქვს, რადგან რძალმა დაგვიკეტა სახლის კარი და გვეუბნება, რომ იქ არ უნდა მივიდეთ. ჩვენ, დები, ვითვლებით თუ არა მემკვიდრეებად და როცა უკვე ქონება გადაფორმებულია კარგა ხანია ძმის სახელზე, შეგვიძლია თუ არა მაინც წილის მოთხოვნა?
- პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მეუღლე, მშობლები და შვილები. კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს სამკვიდროს მიღების უფლება ჰქონდა როგორც თქვენს ძმას, ასევე დებსაც. თუ მამის გარდაცვალებიდან გავიდა 6 თვეზე მეტი, მაშინ სამკვიდროს მისაღებად სასამართლო გზით უნდა დადგინდეს თქვენი (დების) მიერ ფაქტობრივი ფლობა.
ანდერძი არ არის დაწერილი, ჩემი მშობლების სახლი და მიწის ნაკვეთები გაასხვისა ჩემმა ძმამ. რომ გავიგე, გაყიდულია ყველაფერი, უკვე დაგვიანებული იყო და ხანდაზმულობის ვადაც გასული. მაქვს თუ არა სამკვიდროს მოთხოვნის უფლება?
- პირველი რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან მეუღლე, მშობლები და შვილები. მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მემკვიდრეები მიმართავენ სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსს, თუ თქვენ არ გქონდათ მიმართული ნოტარიუსისთვის და არც 6 თვის მერე ფაქტობრივი ფლობის დადგენის გზით არ მიგიღიათ სამკვიდრო, მაშინ ერთადერთ მემკვიდრედ ჩაითვლებოდა თქვენი ძმა. შესაბამისად, უკვე ვეღარ მიიღებთ სამკვიდროს.