ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ასახელებს იმ პროდუქტებს, რომლებიც ბავშვს მეხსიერების გაუმჯობესებასა და ჩამოყალიბებაში ეხმარება:
-არა მხოლოდ ბავშვისთვის, ეს პროდუქტები ჩვენთვისაც ძალიან სასარგებლოა. პირველ რიგში, წყლით დავიწყებ. სითხე ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხშირად გვავიწყდება ხოლმე. წყლის მიმართ არც ერთი ორგანო არ არის გულგრილი, თუმცა ტვინი გაუწყლოებისა და სითხის დეფიციტის მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. ბავშვებისა და ხანდაზმულების შემთხვევაში კიდევ მეტად აღსანიშნავია. თუმცა, ჩვენთვის, შუახნის ასაკის ადამიანებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. სათანადო სითხის დატვირთვის პირობებში, შემდეგ უკვე მეხსიერებას თავისი ეტაპები აქვს. ინფორმაცია უნდა მოვიპოვოთ, გადავამუშაოთ, უნდა დაფიქსირდეს ეს ინფორმაცია და შემდეგ, საჭირო დროს სათანადოდ გამოვიძახოთ. ამ დაფიქსირების პროცესში თავის ტვინში კონკრეტული ტიპის ცილები წარმოიქმნება. ტვინში სტრუქტურირებული კვალი ჩნდება. შესაბამისად, მას სრულფასოვანი ცილით მდიდარი საკვები სჭირდება. მასთან ერთად, უჯერი ცხიმოვანი მჟავები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო თევზია. სრულყოფილ პროტეინთან ერთად, ქოლინი გვჭირდება, რომელიც კვერცხში შედის. თხილეული, რომელიც მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით და ასევე ძალიან მდიდარია მაგნიუმით. ამ პროცესებს თავისთავად გარკვეული მიკროელემენტებიც სჭირდება. შესაბამისად, პროტეინი, პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, მაგნიუმი, ასევე B ჯგუფის ვიტამინები ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, კვერცხი B12 ვიტამინითაა მდიდარი. მწვანე ბოსტნეული ფოლატებით, ანტიოქსიდანტებითა და C ვიტამინითაა ძალიან მდიდარი. ასევე, ტვინსა და მეხსიერების პროცესს კენკროვანები ძალიან უყვარს. ისინი ფლავონოიდებით, C ვიტამინით, ანტიოქსიდანტებით ძალიან მდიდარია. ნამდვილად შეიძლება ისეთი პროდუქტების შერჩევა, რომლებიც ბავშვებისთვის უფრო საყვარელი იქნება და მეხსიერების განვითარებასაც მიეხმარება.