პროექტში "ხალხური" ფირცხელანების გამოსვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სცენაზე 3 თაობის წარმომადგენლები იდგნენ და სვანურ ხალხურ სიმღერას, "კასლეთილას" ასრულებდნენ. ფირცხელანების დიდი ოჯახი უკვე მრავალი წელია, ქართულ ხალხურ სიმღერებს შესანიშნავად ასრულებს, დასაკრავ ინსტრუმენტებს თავად ამზადებს, არ ივიწყებს ტრადიციებს და მონაწილეობს არაერთ ღონისძიებაში. ოჯახის უფროსმა, რომეო ფირცხელანმა და მისმა მეუღლემ 8 შვილი აღზარდეს, რვავე მღერის და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკრავს. როგორც რომეო ფირცხელანი გვეუბნება, სიმღერა, სვანური ტრადიციებისა და კულტურის შენარჩუნებაზე ზრუნვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და უნდა, ეს ისევე გადასცეს 10 შვილიშვილს, როგორც საკუთარ შვილებს:
- მეუღლე და 8 შვილი მყავს. ჩემს შვილებს ცალკე ოჯახები ჰყავთ და 10 შვილიშვილის ბაბუა ვარ. დაახლოებით, 23 წლის წინ სვანეთში ფოლკლორული ანსამბლი - "ბეთქილი" ჩამოვაყალიბე. სვანეთის სოფლები შემოვიარეთ, პატარ-პატარა კონცერტებს ვატარებდით. ბავშვებს სხვადასხვა საკრავზე დაკვრა შევასწავლე. მათ შორის, ფანდურზე, ჩონგურზე, ჭიბონზე, ჩანგზე, ჭუნირზე და ასე შემდეგ. ახლა ამ საკრავებს მე და ჩემი შვილები თავად ვამზადებთ. შორეულ სოფლებში გვიწევდა მგზავრობა. როგორც გითხარით, პატარა კონცერტებს ვატარებდით, შემოსავალი გზის ფულად არ გვყოფნიდა, მაგრამ მაინც ხალისით მივდიოდით. ჩვენმა საქმიანობამ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის დაინტერესება გამოიწვია. ერთ დღეს მან დამირეკა და მთხოვა, რომ ოჯახთან ერთად თბილისში ჩავსულიყავი. მაშინ ბატონი ანზორი გადაცემას "100 ქართული ხალხური სიმღერა" უძღვებოდა. მართლაც, ჩავედით. ჩვენი 7 სიმღერა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს ოქროს ფონდში მოხვდა. არაერთ გადაცემაში მიგვიწვიეს. 2000 წელს ოპერისა და ბალეტის სამხატვრო აკადემიურ თეატრში საუკუნის ზეიმში მივიღეთ მონაწილეობა, რომელიც პირველად ჩატარდა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატის მიწვევით უნივერსიტეტში ვიმღერეთ. გამოვედით პროფკავშირების სასახლეში, მარჯანიშვილის თეატრში, რუსთაველის თეატრში, გრიბოედოვის თეატრში, ფილარმონიის დიდ სცენაზე. ჩემი შვილები სიღნაღში მოხვდნენ. იქ მეგობრები გაიჩინეს და ფოლკოლური ანსამბლი ჩამოაყალიბეს. მათგანაც ბევრი რამ ვისწავლეთ. მხოლოდ სვანური სიმღერებით არ შემოვიფარგლებოდით. საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერას ვმღეროდით. წლები გადიოდა, დაახლოებით, 10-წლიანი პაუზა გვქონდა, რაც ერთად აღარ გვიმღერია. ახლახან უნიკალური შოუ - "ხალხური" დაიწყო. ძალიან დიდი ეროვნული საქმე გააკეთეს და ამისთვის პროექტის შემქმნელებს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო. ბატონმა დავით ცინცაძემ დაგვირეკა და მონაწილეობა შემოგვთავაზა. თავიდან უარი ვუთხარით. ჩემი ერთი შვილი სვანეთშია, მეორე თბილისში, მესამე სიღნაღში, საზღვარგარეთაც არიან და მობილიზება გაგვიჭირდებოდა. ეს იყო უარის თქმის მიზეზი. მაგრამ, ძალიან უნდოდათ, მონაწილეობა მიგვეღო, ბევრჯერ დაგვირეკეს და დავთანხმდით.
პროექტში მეუღლესთან, 4 შვილთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად გამოვედი. ყველანი რომ შევკრებილიყავით, ალბათ, უკეთესი იქნებოდა. ჩემს ქალიშვილსაც მომღერალი ოჯახი ჰყავს. პროექტში გამოსვლის შემდეგ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან გამოგვეხმაურნენ და ეს ჩვენთვის ნამდვილად დიდი ბედნიერებაა.
- მე და ჩემი მეუღლე ბავშვობიდან ვმღერით. სკოლის ანსამბლში ერთად ვმღეროდით. 5 წელი ვიყავით დანიშნულები. შემდეგ შევუღლდით და გაგვიჩნდა შვილები. ყველაზე უმცროსი, მამა ლეონიდე, ამჟამად ბერ-მონაზონია. ის რომ დაიბადა, მაშინ ანსამბლი ახალი ჩამოყალიბებული გვქონდა. ოთახში დავსვამდით და გარშემო ფერხულს შემოვარტყამდით. ვრეპეტიციობდით, საკრავებზე ვუკრავდით, შვილებს სიმღერას ვასწავლიდით. მამა ლეონიდე სიმღერებს ისმენდა, მაგრამ მას სიმღერა უფალმა ასწავლა. ახლა შვილებს შორის ყველაზე უკეთესად მღერის.
- უდიდეს სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ ვცხოვრობდით ისეთ დროში, როდესაც ელემენტარული პირობებიც არ იყო. არც ბავშვის საფენი, არც სხვა საჭირო ნივთები არსებობდა. სვანეთში მკაცრი ზამთარია. ღამეში რამდენჯერმე გვიწევდა ადგომა. ყინვების პერიოდში განსაკუთრებით რთული იყო. აბანო იყინებოდა, სვანური ღუმელი უნდა გაგვეხურებინა, წყალი გაგვეთბო და ბავშვები დაგვებანა. ღამის განმავლობაში, 2-3 საათი გვეძინა. მაგრამ, ბევრი შვილის ყოლა ძალიან გვინდოდა. წამოიზარდნენ, ათასი ქარტეხილი გავიარეთ, მაგრამ მიუხედავად ამ სირთულეებისა, მრავალი შვილი იმხელა იმედი, ნუგეში და მადლია, რომ ყველაფერს შეგაძლებინებს, ყველა წინააღმდეგობას დაგაძლევინებს... ჩვენ დღემდე ამ იმედით მოვდივართ. ჩვენი უფროსი შვილი 43 წლისაა. უმცროსი კი - 27-ის. 10 შვილიშვილი გვყავს. გვინდა, თუ უფალი გვაცოცხლებს, სიმღერა და საკრავებზე დაკვრა მათაც ვასწავლოთ და სერიოზული ანსამბლი ჩამოვაყალიბოთ.
- დიახ, ისინი ჩვენს ტრადიციას აგრძელებენ და მეც ყველაფერს ვაკეთებ, რომ მათ ჩვენი ადათ-წესები გადავცე. 26 წელია, მთაში, ბარად დავდივარ, მონაცემებს ვაგროვებ, ვიკვლევ და მარტო რომ დავრჩე დედამიწაზე, საქართველოში ჩვენი ტრადიციების, ადათ-წესების დაკარგვას არ შევეგუები. პირველ რიგში, ჩვენი სულიერება, ზნეობა და ტრადიციები უნდა გადავარჩინოთ. ამ თემაზე ვმუშაობ და რამდენიმე წიგნიც გამოვუშვი. მაისის ბოლომდე მინდა, კიდევ ერთი ახალი წიგნი გამოვცე, რომელსაც "უფალთან ახლოს" ჰქვია. უფლის შეწევნას ყოველდღიურად ვგრძნობ.
- ეკომიგრანტები ვართ. სტიქიური უბედურებების შედეგად, სვანეთიდან ძალიან ბევრი ოჯახი წავიდა და ბარში დასახლდა. კიდევ ერთი მიზეზი აფხაზეთის ომი იყო. აფხაზეთის ომის შემდეგ სვანეთში ცხოვრება განსაკუთრებით გართულდა. იარაღის უზარმაზარი რაოდენობა დაგროვდა. აფხაზეთიდან დევნილები ჭუბერის უღელტეხილიდან გადმოვიდნენ. დიდძალი შემოდინების შემდეგ, ასი მკვლელობა მოხდა. ქურდობა, ყაჩაღობა, ძარცვა გახშირდა. სამწუხაროდ, გულკეთილი, სტუმართმოყვარე სვანების დახვედრა არაერთმა ადამიანმა ბოროტად გამოიყენა. სახლის კარი ყველას გავუღეთ. 1 წლის განმავლობაში 10 ადამიანი მყავდა შეფარებული. მე და ჩემს მეუღლეს იატაკზე გვეძინა. ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ, მაგრამ სტუმრის პატივისცემა არასდროს დაგვიკარგავს. მაგრამ, კრიმინალური ისტორიები იმდენად გაიზარდა, რომ ჩემი შვილები, ოჯახი უნდა გადამერჩინა.
- რა თქმა უნდა, იციან. ახლა შვილიშვილებს ვასწავლით. სვანური ენის შესახებაც არაერთი კვლევა მაქვს ჩატარებული. თუ ვინმე ფიქრობს, რომ სვანური ენის დაკარგვით მარტო სვანეთი და სვანები იზარალებს, ძალიან ცდება. სვანური ენა არ უნდა დაიკარგოს. თუ ის დაიკარგება, მაშინ სვანური პოეზია, ფოლკლორი, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები დაიკარგება. ამიტომ, სვანური ენის გადარჩენაზე თითოეულმა ქართველმა უნდა იზრუნოს. ჩვენს ოჯახში ერთი ოთახის კედელი მთლიანად საქართველოს რუკას აქვს დათმობილი. დიდი ასოებით აწერია: "უფალო ღმერთო, გადაარჩინე და გაამთლიანე საქართველო." ასევე, კედელზე არაერთი ტექსტია, რასაც ჩემს შვილიშვილებს დავაზეპირებინებ, რომ არასდროს დაავიწყდეთ.
თამარ იაკობაშვილი