ექიმი-რეპროდუქტოლოგი მანანა მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე პრემენსტრუალური სინდრომის შესახებ საუბრობს, საყურადღებო ნიშნებს ასახელებს და მკურნალობის გზების შესახებაც განმარტავს:
- თუ თქვენ ყოველი მენსტრუაციის წინ გეცვლებათ ხასიათი, ხდებით უფრო გაღიზიანებული, დეპრესიული და მგრძნობიარე მცირე სტრესზეც კი. ასევე, შეიძლება გქონდეთ გაძლიერებული მადა, მუცლის შებერილობა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი - თუ ამ ჩამონათვალიდან ერთი ან რამდენიმე სიმპტომი მეორდება თითქმის ყველა მენსტრუაციის წინ, ხოლო მენსტრუაციის დაწყებისთანავე ის თავისით ქრება, თქვენ პრემენსტრუალური სინდრომი გაქვთ.
მოგეხსენებათ, მენსტრუალურ ციკლს საკვერცხეების ჰორმონების ციკლური გამოყოფა განაპირობებს, რაც ჩვეულებრივ, ნერვულ სისტემასთანაა კავშირში. კერძოდ, იმ ნივთიერებების გამოყოფასთან, რომლებიც ჩვენს გუნება-განწყობილებას განაპირობებენ. ალბათ, ბევრ თქვენგანს გაუგია სეროტონინი, დოფამინი, ადრენალინი - ეს ის ნივთიერებებია, რომლებიც პირდაპირ მოქმედებენ ჩვენს ხასიათზე. ისინი საკვერცხეების ჰორმონებთან ურთიერთკავშირში არიან. როდესაც ეს კავშირი დარღვეულია, ამ შემთხვევაში პრემენსტრუალური სინდრომი ვითარდება.
საინტერესოა, რომ არ არსებობს ლაბორატორიული კვლევა, რომლებითაც შეგვიძლია დავადგინოთ, ქალს, რომელსაც პრემენსტრუალური სინდრომი აქვს, ესა თუ ის ჰორმონი უფრო მაღალი ან დაბალი აქვს, ვიდრე იმ ქალს, რომელსაც არ აქვს პრემენსტრუალური სინდრომი. ამიტომ, პრემენსტრუალური სინდრომის დროს ქალს ჰორმონალური კვლევა ან ვიტამინების კვლევა არ სჭირდება. ეს დარღვევა რეცეპტორულ, უჯრედულ დონეზე ხდება და პერიფერიულად სისხლსა და სხვა ორგანოებში ვერ აისახება. პრაქტიკულად, არ არსებობს მეთოდი, რომ ეს განვსაზღვროთ.
ძირითადად, ორი ტიპის პრეპარატი ინიშნება - ჰორმონალური თერაპია და ფსიქოტროპული პრეპარატები. ფსიქოტროპული პრეპარატები არეგულირებენ იმ ნივთიერებებს, რომლებიც ხასიათზე მოქმედებს.
თუ პრემენსტრუალური სინდრომი მსუბუქია, მას მედიკამენტოზური მკურნალობა არ სჭირდება. გასათვალისწინებელია სხვადასხვა გარემოება. მაგალითად, სწორი კვება, ზომიერი ფიზიკური აქტივობა, ნორმალური ცხოვრების რეჟიმი.
ხოლო, უფრო მძიმე პრემენსტრუალური სინდრომის შემთხვევაში, ინიშნება ჰორმონალური თერაპია, ფსიქოტროპული პრეპარატები, ან ორივე ერთად.
პრემენსტრუალური სინდრომი ქალების, დაახლოებით, 30%-ში გვხვდება. არსებობს ძალიან მძიმე პრემენსტრუალური სინდრომი, რომელსაც პრემენსტრუალურ დისფორიას უწოდებენ და ქალების, დაახლოებით, 2%-ში გვხვდება.