"ცხოვრება ზოგისთვის მარტივია, ზოგისთვის - რთული. არიან ადამიანები, ვისთვისაც ცხოვრების გზა არც ისე იოლი აღმოჩნდება ხოლმე... ადვილად არაფერი გამომსვლია" - გვეუბნებამარიკა ქაჯაია, დღესდღეობით ერთ-ერთი კომპანიის მენეჯერი.
რამდენიმე წლის წინ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნა - გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი დაუსვეს. რთული პერიოდი ჰქონდა. რაღაც ეტაპზე ფიქრობდა, რომ ყველაფერი მორჩა, მაგრამ პრობლემას რაღაცნაირად გაუმკლავდა...
მის ცხოვრებაში ეს არ ყოფილა ერთადერთი განსაცდელი, რის პირისპირაც აღმოჩნდა. ამ ყველაფერზე კი ამ ინტერვიუში თავად გვიამბობს.
მარიკა ქაჯაია:
იმ დილას სანდრიკას აღებინა, „რეგიდრონი“ დავალევინე, ცოტა ხანში „პიურე“ მომთხოვა, გავუკეთე, ვაჭამე და ჩაეძინა. მე გარეთ სარეცხს ვფენდი და უცბად დედა, მიშველეო. ბავშვს სახეზე სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჰქონდა. ცივი ოფლი ასხამდა. დედა, მომეფერეო - ხელში ავიყვანე. რა გჭირს დედა-თქო და კრუნჩხვა განვითარდა... „იაშვილში“ წამოვედით, აპარატზე შეაერთეს, უკეთესობას ველოდით, მაგრამ სამწუხაროდ ვერაფერი უშველეს...
- მძიმე მოსასმენია... ყივანახველა რამდენი ხნის მოხდილი ჰქონდა? რთულ ფორმებში ჰქონდა?
- ორი კვირის მოხდილი ჰქონდა და რთულ ფორმებში ჰქონდა, მაგრამ ისეთიც არაფერი ყოფილა, რომ ეს შედეგი დამდგარიყო. წარმოიდგინეთ, რომ დიაგნოზი არ მაქვს... იმ პერიოდში რაზეც იყო ეჭვი, იმის ანალიზები გაუკეთეს და გერმანიაში გავგზავნეთ. ექიმების ეჭვი არ დადასტურდა. პასუხები რომ ჩამოვიდა, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო... ამიტომ, რა მოხდა, ეს დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშაა... მას შემდეგ 20 წელი გავიდა.