მსახიობი იმედა კახიანი 88 წლის გახდა. დაბადების დღე მეგობრების და ოჯახის გარემოცვაში აღნიშნა. შვილიშვილმა ტორტზე სანთლებიც ჩააქრობინა. ქალიშვილი ეკა კახიანი სოციალურ ქსელში ულოცავს:
"ჩემს დიდ იმედს, დიდ სიყვარულს, იმედა კახიანს გაუმარჯოს! 88".
იმედა კახიანს მეუღლე, ერთი ქალიშვილი, სამი შვილიშვილი და შვილთაშვილები ჰყავს. ერთი ვაჟი - ლადო, ტრაგიკულად დაეღუპა ბევრი წლის წინ.
იმედა კახიანი ცოტა ხნის წინ იხსენებდა ინტერვიუში განვლილ წლებს და საუკეთესო პერიოდებზეც საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ამ ინტერვიუდან:
"ბევრ რამეს მოვესწარი. ოთხმოცდამერვე წელში ვარ, სასაყვედურო რა მაქვს, ჩემზე ნაკლები ასაკის ამ ქვეყნიდან არავინ წასულიყოს... როცა მეკითხებიან, განვლილი ცხოვრებიდან ყველაზე კარგად რომელი დრო გახსოვთო? უკვირთ, როცა ვამბობ, ჩემთვის საუკეთესო დრო დიდი სამამულო ომის წლები იყო-მეთქი... სოფელში ვიზრდებოდი. მამა თავის დროზე ციმბირში გახლდათ გადასახლებული და ქალაქის ტიპის დასახლებში ცხოვრების უფლება არ ჰქონდა. ავადმყოფობდა, სამსახურსაც არ აძლევდნენ, როგორც პოლიტიკურად არასაიმედოს. სამტრედიის რაიონის სოფელ პატარა ეწერში, ბაბუაჩემის სახლში ვცხოვრობდით, ათ წლამდე იქ ვიზრდებოდი. დედა სკოლაში მუშაობდა, პედაგოგი გახლდათ. ბოლოს პენსიაში გავიდა, როგორც დამსახურებული პედაგოგი. მართლაც ძალიან მოწესრიგებული და კარგი მასწავლებელი იყო. მეც დედასთან ვსწავლობდი, ოთხი კლასი ამ სკოლაში დავამთავრე... მახსოვს, სოფელში როგორ უჭირდათ. კაცები ომში იყვნენ, ირგვლივ მხოლოდ მოხუცები, ქალები და ბავშვები გახლდნენ. მამას კოლექტივში არ ამუშავებდნენ. პატარა მიწა გვქონდა და ძირითადი შემოსავალი მხოლოდ დედას ხელფასი იყო. ძალიან მძიმე პერიოდი იყო. ქალები დღე და ღამე მუშაობდნენ, ოჯახებსაც ინახავდნენ და ქალაქში ქათამს, კვერცხს, მჭადის ფქვილს ნათესავებს უგზავნიდნენ... დღეს რომ იძახიან, გვიჭირსო, არ შრომობენ და აბა, რა იქნება?! სოფელში რომ ჩავდივარ, გული მისკდება... აქაც, მცხეთაში ბალახს მიაქვს ეზო. ფულს ვიხდი, პატივს ვცემ, მაგრამ ვერავინ ვერ ვნახე, ვინც გამითიბავს.
- პატარა იყავით, როცა ქალაქში, მამიდასთან გადმოხვედით...
- რატომ?
- რატომ და მაშინ ირგვლივ ადამიანები იყვნენ! თბილისში 12 წლიდან მარტო ვცხოვრობდი, რადგან მამიდა გარდაიცვალა. მას ქმარი, შვილები არ ჰყოლია და სოფლელი ბავშვი პლეხანოვზე მარტო დავრჩი. ჩემები სანახავად თუ ჩამოვიდოდნენ, თორემ აქ ცხოვრების უფლება არ ჰქონდათ. სულ არდადეგებს ველოდებოდი, ერთი სული მქონდა სოფელში გავქცეულიყავი... თბილისში ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ რუსები, სომხები, სხვა ეროვნების ხალხი, მაგრამ ვინ ვინ იყო, ამას არც არავინ კითხულობდა. ჩემზე ყველამ იცოდა, მარტოხელა ბიჭი რომ ვიყავი და მიუხედავად იმისა, თავადაც უჭირდათ, საკვებით ყველა მეხმარებოდა... აი, ის ურთიერთობები, ის დრო მენატრება...
თეატრალურ ინსტიტუტში 1955 წელს, შემთხვევით მოვეწყვე, მსახიობობაზე არ ვფიქრობდი, ვერც გავბედავდი... მე მახსოვდა ძველი დრო, დიდი სპარტაკ ბაღაშვილი და რას წარმოვიდგენდი, მეც თუ კინოში ვიქნებოდი, სპარტაკ ბაღაშვილი კი მამაჩემის როლს ითამაშებდა... ჩემს მშობლებს სურდათ, ექიმი გამოვსულიყავი, მეც ძალიან მომწონს, დიდებული პროფესიაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ქიმიაში, ფიზიკაში მომამზადეს, გამოცდებზე ქულები არ მეყო და ჩავიჭერი. ახლა არ ვიცი, როგორაა, მაგრამ მაშინ, რაც უნდა მაღალი ნიშანი მიგეღო, ვერ მოეწყობოდი, პატრონი თუ არ გყავდა... შემდეგ ჩემმა მეზობელმა, ცხონებულმა ნოდარ ფირანიშვილმა მირჩია, თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარეო... თავიდან მკაცრი უარი ვთქვი. ლექსი ხმამაღლა არასდროს წამიკითხავს და იქ რამეს რომ დამავალებენ, ვერ შევასრულებ-მეთქი... დამპირდა, მე მოგამზადებო. შემომიჩნდა, - წამო, ჩააბარეო. თან საბუთების მიღების ბოლო დღე იყო. იმდენი ქნა, გავიქეცით, საბუთები თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანეთ. მეორე დღეს უკვე ტურები იწყებოდა (თეატრალურ სასწავლებელში გამოცდებამდე სამი ტურია, ეს თუ გადალახე, მერე იწყება ნიშნის დასმა და გამოცდაზე მიღება)..."