მოულოდნელი სიურპრიზი: როგორ მიულოცეს სტუდია „თაობის“ ბავშვებმა დაბადების დღე დათო კენჭიაშვილს სცენაზე, კონცერტის დაწყების წინ - მშობლები

მოულოდნელი სიურპრიზი: როგორ მიულოცეს სტუდია „თაობის“ ბავშვებმა დაბადების დღე დათო კენჭიაშვილს სცენაზე, კონცერტის დაწყების წინ

2025-05-13 11:27:32+04:00

7 მაისს, ბათუმის კულტურის ცენტრის საზაფხულო თეატრში დათო კენჭიაშვილის გრანდიოზული ტურნე დაიწყო. პირველმა კონცერტმა, ორსაათიანი ცოცხალი შესრულებითა და აჭარული იმპროვიზაციით, სრული ანშლაგით ჩაიარა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ კონცერტით აღნიშნა მომღერალმა თავისი დაბადების დღე პირდაპირ სცენაზე, გულანთებულ მაყურებელთან ერთად.„ბათუმი და აჭარელი ხალხი მეორედ გავიცანი, გავიცანი სმენის კულტურით, ერთგულებით, მადლიერებით. ჩემი იუბილე არასდროს აღმინიშნავს ხმაურიანად, თუმცა ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ ის კონცერტზე, იმ დედებთან ერთად, რომლებიც დარბაზიდან კეთილად თანამიგრძნობდნენ უდედობას. მეც მადლიერებით აღსავსე ვარ, რომ ადამიანებმა დათმეს თავისი ძვირფასი დრო და ჩემს მოსასმენად მოვიდნენ. ეს იყო ჩემი პირველი საჯარო იუბილე და ვფიქრობ, რომ ყოველი დაბადების დღე კონცერტით უნდა აღინიშნოს, 10 მეტრიანი სუფრის ნაცვლად“, - თქვა მომღერალმა. თუმცა, კიდევ ერთი განსაკუთრებული ემოცია მას თავისივე სტუდიის ბავშვებმა აჩუქეს, როდესაც კონცერტის დაწყების წინ, რეპეტიციის მსვლელობისას, მოულოდნელი სიურპრიზის სახით, საყვარელ მასწავლებელს დაბადების დღის სიმღერა უმღერეს და ტორტზე სანთლები ჩააქრობინეს.

სტუდია „თაობა“, რომელიც დათო კენჭიაშვილმა 8 წლის წინ დააარსა, უკვე მრავალი ბავშვისთვის იქცა მუსიკის სიყვარულით აღსავსე სივრცედ. აქ არა მხოლოდ სიმღერას სწავლობენ, არამედ ურთიერთობას, გუნდურობას, პატივისცემას და რაც მთავარია საკუთარ ფესვებთან დაკავშირებას. სტუდიაში ბავშვები ეცნობიან ქართულ ფოლკლორს, გალობას, ნაციონალურ ინსტრუმენტებს: დუდუკს, ფანდურს, გარმონსა და დოლს, ასევე თანამედროვე მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც.სტუდია „თაობის“ ბავშვები დათოს სცენაზე ყოველთვის თან ახლავს. ეს მხოლოდ სასცენო გამოცდილება კი არა, ემოციური ერთიანობაა, რომელიც თაობებს აკავშირებს ერთმანეთთან. ასე იყო ბათუმის კონცერტზეც, სადაც ბავშვების გამოსვლამ დიდი ოვაციები გამოიწვია.როგორც დათო კენჭიაშვილი ამბობს, მისთვის ეს სტუდია ოჯახის გაგრძელებაა და ბავშვებთან ურთიერთობა — ყველაზე გულწრფელი ინსპირაცია. „საქართველოს ბულბულის“ მასშტაბური ტურნე ბათუმიდან დაიწყო და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება. ტურნეს ფარგლებში, მომღერალი კონცერტს გამართავს ქუთაისში, თელავში, ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, სადაც ადგილობრივები მოუთმენლად ელიან საყვარელ მომღერალთან შეხვედრას.