"წაკითხვისთანავე არ დაიწყოთ შეცდომების გასწორება... ეს საკითხები ძალიან დაგეხმარებათ, რომ მაღალი შეფასება მიიღოთ" - როგორ შეგიძლიათ ქართულ ენისა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგის მიღება - მშობლები

"წაკითხვისთანავე არ დაიწყოთ შეცდომების გასწორება... ეს საკითხები ძალიან დაგეხმარებათ, რომ მაღალი შეფასება მიიღოთ" - როგორ შეგიძლიათ ქართულ ენისა და ლიტერატურაში უმაღლესი შედეგის მიღება

2025-05-14 12:08:09+04:00

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ხელმძღვანელი, ნანა ლოლაძე აბიტურიენტებს კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს, რომელთა გათვალისწინებაც მაღალი შეფასების მიღებაში დაგეხმარებათ:

- საგამოცდო ტესტი 2 ძირითადი ნაწილისაგან შედგება.

პირველი ტექსტის რედაქტირება გახლავთ. მოცემული იქნება ერთი, საშუალო მოცულობის ტექსტი, რომელშიც გრამატიკული, პუნქტუაციური შეცდომებია, არის სტილისტიკური ხარვეზები... თქვენ შეცდომები და ხარვეზები უნდა გაასწოროთ და ისე გადაიტანოთ ტექსტი პასუხების ფურცელზე, რომ მასში შეცდომები აღარ იყოს.

მეორე ნაწილი 2 ტიპის დავალებისაგან შედგება. ერთია წაკითხულის გააზრების უნარის შესამოწმებელი კითხვები. მეორე კი წერითი დავალება. ამ ნაწილში 2 ტექსტს შემოგთავაზებთ, რომელთაგანაც ერთ-ერთი უნდა აირჩიოთ. ეს ტექსტები ერთმანეთისაგან ჟანრობრივად განსხვავდება. ამავდროულად, ერთ-ერთი ტექსტი პროგრამული იქნება, ხოლო მეორე - არასაპროგრამო. თქვენ მიერ არჩეული მხატვრული ტექსტის მიხედვით უნდა შეასრულოთ როგორც წაკითხულის გააზრების უნარის შესამოწმებელი დავალებები, ასევე უნდა დაწეროთ წერითი დავალება.

პასუხები აუცილებლად პასუხების ფურცელში უნდა გადაიტანოთ იმიტომ, რომ გამსწორებელთან მიდის მხოლოდ ის ნამუშევარი, რომელიც პასუხების ფურცელზეა გადატანილი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოცდაზე დრო ისე გაანაწილოთ, რომ თქვენ მიერ შავად შესრულებული სამუშაო პასუხების ფურცელზე სრულყოფილად გადაიტანოთ.

ტექსტის რედაქტირებისას ძალიან მნიშვნელოვანია, შეცდომების გასწორება წაკითხვისთანავე არ დაიწყოთ. ჯერ ტექსტს უნდა გეცნოთ, გაიაზროთ, არა მხოლოდ თემატიკა, არამედ ის, თუ რა სტილის ტექსტია. არ დაიწყოთ პირდაპირ შეცდომების ძებნა იმიტომ, რომ განსაკუთრებით სტილისტიკური და სინტაქსური შეცდომების შემთხვევაში, კონტექსტის მიხედვით თუ არ გაიაზრებთ, შეიძლება, შეცდომა დაუშვათ. იმიტომ, რომ ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება, შეცდომა იყოს ან პირიქით, არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინება ძალიან დაგეხმარებათ, რომ მაღალი შეფასება მიიღოთ.

რაც შეეხება მეორე ნაწილს - ორივე ტექსტს ყურადღებით გაეცანით და არჩევანი შემდეგი მახასიათებლების მიხედვით გააკეთეთ: ერთი გახლავთ ის, რომ ტექსტი თქვენთვის ნაცნობი, ემოციურად ახლო და საინტერესო იყოს, რომ მსჯელობა უფრო თავისუფლად შეძლოთ. მეორე, თქვენთვის აუცილებლად უნდა იყოს საინტერესო ის პირობა, რასაც გთავაზობთ. თუ ამას გაითვალისწინებთ, დარწმუნებული ვარ, თქვენი ნამუშევარი საინტერესო იქნება და მაღალ შეფასებას დაიმსახურებთ.

რაც უფრო სიღრმისეულად გაივლით საპროგრამო ნაწარმოებებს, მით უკეთ შეძლებთ უცნობი ტექსტის ანალიზსაც. ამიტომ, გირჩევთ, ჯერ კიდევ არის დრო, რომ ცოდნა გაიმრავალფეროვნოთ და გამოცდისთვის მომზადებულები მოხვიდეთ. ჩვენ კი ვეცდებით, თქვენი ნაშრომები ადეკვატურად და კეთილგანწყობილად გავასწოროთ.