"ბავშვებმა დაბადების მოწმობა დახიეს... რა ჯდება და როგორ შემიძლია აღდგენა" - განმარტება სერვისების განვითარების სააგენტოსგან - მშობლები

"ბავშვებმა დაბადების მოწმობა დახიეს... რა ჯდება და როგორ შემიძლია აღდგენა" - განმარტება სერვისების განვითარების სააგენტოსგან

2025-05-15 10:54:15+04:00

"ბავშვებმა დაბადების მოწმობა დახიეს. როგორ უნდა აღვადგინო. საერთოდ, რა ასაკამდე დამჭირდება დაბადების მოწმობების დედნები" - ამ შეკითხვით საიტის მკითხველმა სოციალურ ქსელში მოგვმართა. ვფიქრობთ, სხვებსაც გამოადგებათ ამასთან დაკავშირებული რეკომენდაციები.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ დაბადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტია, რომელიც სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება. დაბადების მოწმობის მოთხოვნით შესაძლებელია მიმართოთ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს, მობილურ იუსტიციის სახლს ან ისარგებლოთ სააგენტოს დისტანციური მომსახურებით

საქართველოში ბავშვის დაბადების შესახებ ინფორმაციას სერვისების განვითარების სააგენტოს თავად სამედიცინო დაწესებულება აწვდის ელექტრონული შეტყობინებით, ხოლო სააგენტო არეგისტრირებს დაბადების ფაქტს,

დაბადების თაობაზე უფლებამოსილ ორგანოში განცხადებას წარადგენს:

  • ბავშვის ერთ-ერთი მშობელი;
  • მშობლის მინდობილი პირი;
  • მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილი პირი;
  • იმ სამედიცინო დაწესებულების უფლებამოსილი პირი, სადაც დაიბადა ბავშვი;
  • გამგეობის (მერიის) რწმუნებული, თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე.თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ ან სხვა სახელმწიფოში, ბავშვის დაბადების შესახებ მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის მოთხოვნით შეუძლია მიმართოს ასევე ბავშვის მშობელმა.

ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა უნდა წარადგინონ:

  • ქორწინების მოწმობა;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა/მშობელმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
  • ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება, რეგისტრაციისთვის კანონით გათვალისწინებული საბუთების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა

დაბადების მოწმობა გაიცემა უფასოდ.

რაც შეეხება მკითხველის შეკითხვას, როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განგვიცხადეს, დაბადების მოწმობის განმეორებით აღება შესაძლებელია. შეგიძლიათ, იუსტიციის სახლში მიხვიდეთ ან ონლაინ რეჟიმში შეიტანოთ განაცხადი. დოკუმენტი 5 სამუშაო დღეში დამზადდება და მისი ღირებულება 5 ლარია. თუ დაბადების მოწმობის განმეორებით აღება დაჩქარებული წესით გსურთ, მე-3 სამუშაო დღეში აღება 15 ლარი ღირს, მე-2 სამუშაო დღეში აღება 30 ლარი ღირს, იმავე დღეს კი - 50 ლარი. განცხადების შესატანად ერთ-ერთ მშობელს ან თავად სრულწლოვან პირს შეუძლია, იუსტიციის სახლის ფილიალებს პირადობის მოწმობით მიმართოს.

14 წლამდე პირის მთავარი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტი დაბადების მოწმობაა, 14 წლიდან პირი ვალდებულია, რომ პირადობის მოწმობა ჰქონდეს.

თამარ იაკობაშვილი