2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები გვიახლოვდება და შესაბამისად, აბიტურიენტებს ბევრი სხვადასხვა შეკითხვა აქვთ. რამდენიმე კვირაში ისინი საგამოცდო ბარათებს მიიღებენ და გაარკვევენ, კონკრეტულად რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ საათზე მოუწევთ გამოცდების ჩაბარება.
აღსანიშნავია, რომ გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში, საგამოცდო ცენტრში აღარ დაიშვებით. გამოცდაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობას ვეღარ მიიღებთ. თუმცა, გარკვეული გამონაკლისებიც არსებობს, რა შემთხვევაშიც, თუ გამოცდაზე ვერ გახვედით, დამატებითი ტესტირების მოთხოვნის უფლება გაქვთ.
უფრო კონკრეტულად, ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, თუ მან საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლო გამოცდაზე გამოცხადება:
ტესტირებაზე გამოუცხადებელმა აბიტურიენტმა სტაციონარულ დაწესებულებაში ყოფნის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების და ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს ცენტრში შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში.
თუ აბიტურიენტმა დაუძლეველი ძალის გამო ვერ შეძლო საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს გამოცდაზე გამოცხადება, იგი ვალდებულია შესაბამისი საგამოცდო სესიის დასრულებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ცენტრში წარმოადგინოს დასაბუთებული განცხადება და, არსებობის შემთხვევაში, განცხადებაში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
რა არის "დაუძლეველი ძალა"? - საქართველოს ბიბლიოთეკის ენციკლოპედიურ ლექსიკონში ვკითხულობთ:
დაუძლეველი ძალა - განსაკუთრებული და, მოცემულ პირობებში, აუცდენელი (გადაულახავი) გარემოებაა. როგორც თეორიაში, ისე პრაქტიკაში დაუძლეველ ძალას მიეკუთვნება ბუნებრივი მოვლენები (მიწისძვრა, ქარიშხალი, წყალდიდობა, შტორმი, ზვავი და ა.შ.) და საზოგადოებრივი მოვლენები (ომი, გაფიცვა, აღმასრულებელი ხელისუფლების მორატორიუმი და ა.შ.). ამასთან, იმისათვის, რომ გარემოება ნამდვილად ჩაითვალოს ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელ გარემოებად, მას ყოველთვის უნდა ახასიათებდეს ორი ნიშანი: განსაკუთრებულობა და გადაულახავობა.
ასევე, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში დავაზუსტეთ, აბიტურიენტს, რომელიც ვერ დაადასტურებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სტაციონარში მინიმუმ 1 დღე-ღამე იმყოფებოდა, მას ეს მიზეზი საპატიოდ არ ჩაეთვლება. თუ, პირობითად, მაღალი სიცხე გაქვთ და სახლში მკურნალობთ, ან "ბატონები" გაქვთ, რაიმე დაიზიანეთ, ეს მიზეზები დამატებითი გამოცდის დანიშვნის წინაპირობად არ ჩაითვლება.
აღსანიშნავია ისიც, რომ დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები არ გათანაბრდება.
ყოველწლიურად ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისის თვეში იწყება. დეტალური განრიგი კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
თამარ იაკობაშვილი