"პალიტრა L" დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მარო მაყაშვილის დღიურს გამოსცემს. წიგნში შესულია მაროს ჩანახატები და იმ ადამიანების ფოტოსურათებიც, რომლებსაც ის თავის ჩანაწერებში ახსენებს. ეს გამოცემა კიდევ ერთხელ გააცოცხლებს ახალგაზრდა გოგონას, რომელიც თავისუფლებისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლოდ იქცა.
მარო თავის დღიურებში ყვებოდა თავის ემოციებზე, სწავლაზე, წიგნებზე, მოგზაურობასა და მომავალ პროფესიაზე. ფიქრობდა პოლიტიკაზე და ქალების უფლებებზე, გვიზიარებდა წუხილს საქართველოს ბედზე. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს დღიურიდან.
- მღეროდნენ ქართველები, მაგრამ გულში რა ჰქონდათ? სევდა და დაღონება. მოვიშორეთ ერთი ბატონი. მონობისგან გავთავისუფლდით, ეხლა კი ახალა უღელი დავიდგით. ღმერთო, მამა ზეციერო, რა დაგიშავა ამ პატარა ერმა, რომ მთელ თავის ჯავრს ჩვენ ზედ იყრი?! ამ საშინელ დღეს მიდიოდა ორი ჯარი ქართველი და გერმანელები. ხალხი ბუზებივით ირეოდნენ. ზოგი იცინოდა, მხიარულობდა, ზოგი კი სდუმდა და სევდას ეძლეოდა. ჩემზედ ამან ისე იმოქმედა, რომ ტირილიც კი მინდოდა. აი, რისთვის ვიბრძოდით, აი, ნაყოფი წარმოუდგა ეხლა ყველას.

- თანდათან იქნება დისციპლინას შეგვაჩვიონ. ჩვენ ხალხში ეგ საჭიროა. უმაგისოთ ჩვენ ყველაზედ დაქვეითებული ერი ვიქნებით. ეკონომია და ყველაფრის გაზომვა უნდა შევითვისოთ, თუ გვინდა, რომ ვიარსებოთ. იქნება, გერმანელებმა მაინც კარგ გზაზე დაგვაყენონ.
- იქნება, სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულათ ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება მისთვის აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის.
- იმისთანა ადამიანი, რომელიც სულ თავის ინტერესებზე ფიქრობს, წვრილმანია. მისი შეხედულება უმნიშვნელო არის. ის არაფერს სხვას არ მოუტანს სარგებლოს. ისეთი ადამიანი, რომელიც სცხოვრობს სხვებისთვის, ის მესმის. მე არც ასეთი ვარ, არც ისეთი ვარ, მაგრამ იქნება გავხდე, როგორც უკანასკნელი.
- ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა? ამ ფულით შეიძლება სხვას მოუტანო ბედნიერება და თვითონაც იქნები ბედნიერი. „რასაცა გასცემ, შენია, რაც არა, დაკარგულია“. სხვაზე ფიქრი უფრო კარგია. თავისაზე უნდა, მაგრამ სულ მუდამ არა.
- ღმერთო! რათ დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს - ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს - ის მდგომარეობის მონაა.
- ოჰ, როგორ მინდა, ჩქარა მოვრჩე საშუალო სწავლას და უმაღლესში წავიდე უსათუოდ საზღვარგარედ. ეგ მე გადაწყვეტილი მაქვს. რათ შემჯავრდა სასწავლებელი. მეჯავრება მეტადრე უფრო... არა, ამისთანა სიტყვები შეუძლებელია. რათ არ უნდა მიყვარდეს? იმიტომ, რომ რომ მასწავლებლები არიან ცუდი?
- მინდა საზღვარგარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გაუადვილებ ჩემ მშობლებლებს ამითი. იქ ცხოვრებისთვის ცოტა მეყოფა. ისე მინდა გავაკეთო, რომ მამამ ბევრი არ მიგზავნოს, ჩემიც მქონდეს. ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს? ღმერთო, გემუდარები, გეხვეწები მონა შენი, დავიჭირო გამოცდები და სწავლა კარგად დავასრულო. არ შევკრთე და მალე გავიგო ამოცანა, რომელსაც მასწავლებელი მომცემს. ჩემი თხოვნა და მუდარა ეგ არის.
- ომი, მერე რა ომი. ათასობით იღუპება ხალხი. ევროპა დაწყნარდა, მსოფლიო სტიქია ჩაწყდა. თითქოს ყველამ მოისვენაო. ჩვენ კი უბედურება დაგვატყდა თავს. ბინძურმა ხალხმა გამოგვიცხადა ომი. არა მაქვს ისეთი გამომხატველი სიტყვა, რომ მათ უწოდო. გველები. აირია პატარა საქართველო. დაიწყო ძველერად ბრძოლები. რამდენი ყოჩაღი და მშვენიერი ვაჟკაცი მოკვდა. მერე ვისგან? ოჰ, ღმერთო, ეს ტანჯვა აუწერელია და საძულველი. ვჯობნით ჩვენ ჯერ -ჯერობით. მათთაც კარგი ჯარი ჰყავთ. ქოფაკები. 19 ამ თვეს იყო ბრძოლა, ქართველებმა აჯობეს, მაგრამ ბევრი სხვერპლი შეიწირა. რა მოგველის, არ ვიცი?..

- მე მრწამს გამარჯვება მტრებზე. შიში გულში არა მაქვს. მრწამს მითუმეტესად, რომ ქართველი ერი შესწირამს თავს და არ მიანებებს სამშობლოს, მხოლოდ ეს ბოლშევიკები რას სჩადიან, რას გვერჩიან და რად გვღუპავენ. თავის აგენტები ყველგან ჰყავთ დაფანტული. ოსების აჯანყებაც მათი საქმეა, სათავეში სულ ისინი სდგანან. ადერბეიჯანთან ზავი შეიკრა, ჯერ -ჯერობით არ არის გამორკვეული, რა პირობებით.
- თანდათან ცხოვრებაზე მეცვლება აზრი. რა არის იგი, არაფერი: წუთიერი ბედნიერება, დართული მასთანვე უბედურებაც. ადამიანი დღესსა, ხვალ კი აღარ არის. დაცინვაა თუ რა. გაჭირვებაში ღმერთს მივმართავთ ხოლმე, მაგრამ ღმერთი შეუწყნარებელია, სასტიკი, არც ერთი მუდარა, ხვეწნა მას არ ულბობს. ღმერთი კეთილია. დიაღ, კეთილია ზოგიერთი პირების ვის, რომლის ცხოვრება`как по маслу~ მიდის, რუსები რომ იტყვიან. ოჰ, რუსებო, მძულხართ, იმის მიუხედავად, რომ მე სულ რუსულ წიგნებს ვკითხულობ, ესეც იმიტომ _ მეტი გზა არ არის.
„პალიტრა L-ის“ ახალი გამოცემის სპეციალური ფასი 26 მაისიდან ერთი კვირის განმავლობაში 10 ლარი იქნება და მის შეძენას როგორც ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში, ისე გამომცემლობის ვებგვერდზე: https://www.palitral.ge/ შეძლებთ.
R