ამ პროფესიებზე დარეგისტრირება და უფასოდ სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორ ხდება ჩარიცხვა და რა უპირატესობა აქვს უმაღლეს პროფესიულ განათლებას - მშობლები

ამ პროფესიებზე დარეგისტრირება და უფასოდ სწავლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - როგორ ხდება ჩარიცხვა და რა უპირატესობა აქვს უმაღლეს პროფესიულ განათლებას

2025-05-19 12:40:01+04:00

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. მსურველებს შეუძლიათ, 20 მაისამდე სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირდნენ. თემაზე უფრო ვრცლად პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი, თამარ კვინიკაძე გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:

- პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს. 20 მაისის ჩათვლით ნებისმიერ მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს ონლაინ პორტალზე vet.emis.ge, სადაც ისინი დაწესებულებების, პროგრამების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. ასაკობრივი ზედა ზღვარი შეზღუდული არ არის. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასაკის მსურველს შეუძლია, დარეგისტრირდეს, სასურველი პროფესია აირჩიოს, ჩაირიცხოს და შეიძინოს დამატებით ან მისთვის პირველი პროფესია.

პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე დაშვების წინაპირობები განსაზღვრული გახლავთ. მესამე დონის პროგრამებისათვის საბაზო განათლება საკმარისია. დანარჩენი პროგრამებისათვის სრული ზოგადი განათლება, ანუ 12 კლასის ატესტატი აუცილებელია.

რაც შეეხება დოკუმენტაციის წარდგენას, როდესაც აპლიკანტი ჩარიცხვის უფლებას მოიპოვებს, დაწესებულების მიერ დადგენილი ნუსხის შესაბამისად დოკუმენტებს წარადგენს, გააფორმებს ხელშეკრულებას და სასწავლო პროცესს დაიწყებს. სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება.

მეხუთე დონის პროგრამებისათვის, როგორებიცაა, მაგალითად, საექთნო განათლება, შრომის უსაფრთხოება, ვეტერინარია, ფარმაცია და ასე შემდეგ, Naec-ის ცენტრალიზებული ტესტირება ტარდება. დანარჩენ პროგრამებზე დაწესებულება შერჩევის მეთოდს თავად განსაზღვრავს. ეს შეიძლება, იყოს შიდა ტესტირება, მოტივაციური გასაუბრება, პრაქტიკული მოსინჯვა, შემოქმედებითი ტური ისეთი პროგრამებისათვის, როგორებიცაა სახელოვნებო მიმართულება, მომსახურების სფერო და ასე შემდეგ.

პროფესიული განათლების პროგრამები 3 დონეზეა განთავსებული. არსებობს საბაზო, საშუალო და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები. შესაბამისად, კომპეტენციებიც განსაზღვრულია. აქედან გამომდინარე, შერჩევისა და დაშვების წინაპირობებიც დგინდება.

რამდენიმე პროგრამაზე ერთდროულად დარეგისტრირება შესაძლებელი არ არის. სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლებას სრულად აფინანსებს. აქედან გამომდინარე, ერთ მიღებაზე აპლიკანტს შეუძლია, მხოლოდ ერთი პროგრამა აირჩიოს. როდესაც ამ პროგრამას დაასრულებს, მხოლოდ მას შემდეგ შეუძლია, სურვილის შემთხვევაში, სხვა პროგრამა აირჩიოს.

აპლიკანტს შეუძლია, მაქსიმუმ 3 პროგრამა აირჩიოს და შემდეგ უკვე ქულისა და რეიტინგული ადგილის მიხედვით, კონკრეტულ დაწესებულებაში, ერთ კონკრეტულ პროგრამაზე ჩაირიცხება. საგაზაფხულო მიღებაზე მთელი საქართველოს მასშტაბით 340-მდე პროგრამა და 8700-მდე ადგილი გვაქვს შეთავაზებული.

ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მოთხოვნადი პროგრამა საინფორმაციო ტექნოლოგიებია. ასევე, მომსახურების სფეროდან კულინარია, კონდიტერია. ახლა მშენებლობა და ინჟინერია ძალიან პოპულარული გახდა იქიდან გამომდინარე, რომ დარგის მხრიდანაც დიდი მოთხოვნაა. საკმაოდ მაღალანაზღაურებადი პროფესიებია. ასევე, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პროგრამა. ჯანდაცვის მიმართულებაც ყოველწლიურად სულ უფრო პოპულარულია.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსია, პროგრამაზე საუკეთესო შედეგების მქონე აპლიკანტები ირიცხებიან. ხოლო, თუ დაწესებულება შიდა შესარჩევ კონკურსს ადგენს, იქაც პროგრამაზე შეფასების მიხედვით მოხვდებიან.

როგორც აღვნიშნე, რეგისტრაცია და დეტალური ინფორმაციის მიღება პორტალზე vet.emis.ge-ზე შეგიძლიათ. ასევე, შეგიძლიათ, ნებისმიერ კოლეჯში მიბრძანდეთ და თქვენთვის სასურველ პროგრამაზე ინფორმაცია მიიღოთ. რეგისტრაციის პროცესში ტექნიკურ მხარდაჭერასაც გაგიწევენ. ასევე, მუშაობს სამინისტროს ცხელი ხაზი: 2 200 220 და აქაც შეგიძლიათ, კონსულტაცია გაიაროთ.

პროგრამების ხანგრძლივობა განსხვავებულია და შინაარსისა და სპეციფიკის გათვალისწინებით, 1-დან 3 წლამდეა განსაზღვრული.

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისას მამაკაცები სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან ერთჯერადად თავისუფლდებიან. თუ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩააბარებენ, პროგრამის ხანგრძლივობის ვადაში მათ სამხედრო სავალდებულო სამსახური გადაუვადდებათ. მაგალითად, თუ 2-წლიან პროგრამაზე ჩააბარებენ, შესაბამისად, 2 წლის ვადით სამხედრო სავალდებულო სამსახური გადაუვადდებათ.