რამდენი ხნის განმავლობაშია გადამდები ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი და რას უნდა დავაკვირდეთ, რომ რთული მიმდინარეობა არ გამოგვეპაროს - მშობლები

რამდენი ხნის განმავლობაშია გადამდები ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი და რას უნდა დავაკვირდეთ, რომ რთული მიმდინარეობა არ გამოგვეპაროს

2025-05-19 14:28:57+04:00

ბოლო დღეებია, სოციალურ ქსელებში მშობლები აქტიურად წერენ, რომ მათ შვილებს ჩუტყვავილა აქვთ. ზოგიერთი მათგანი შედარებით გართულებულ სიმპტომებზეც საუბრობს და სურს, დაავადების მიმდინარეობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს. რა სიმპტომები ახასიათებს ჩუტყვავილას, რომელია ყველაზე საყურადღებო ნიშნები და რამდენი დღის განმავლობაშია პაციენტი გადამდები - თემაზე ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვესაუბრება:

- ჩუტყვავილას შემთხვევები თითქმის ყველა სეზონზე გვხვდება, თუმცა განსაკუთრებით აქტუალური გაზაფხულის სეზონზეა. სწორედ ამ პერიოდში, მობილობა კიდევ უფრო მეტად იზრდება. ბაღებსა და სკოლებში კი დაავადების აქტიურად გავრცელების ყველაზე მაღალი ალბათობაა. ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა და განსაკუთრებით ხშირი ბავშვთა ასაკშია. ამ ეტაპზე, საქართველოში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი არ არის. იმუნური ფენა არ გვაქვს და ამიტომ, ბავშვთა ასაკში მოსახლეობით 85-90%-ს გადააქვს. გარკვეულ შემთხვევაში, ინფექციას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება.

ზოგადად, ჩუტყვავილა მწვავე ინფექციური დაავადებაა. მას, თითქმის, 99%-ში მწვავე დასაწყისი ახასიათებს. თავიდან შესაძლოა, პაციენტს ზოგადი სიმპტომები აღენიშნებოდეს, როგორებიცაა: საერთო სისუსტე, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი. აღნიშნული სიმპტომების დაწყებიდან, დაახლოებით, 48 საათში გამონაყარი ვლინდება. თავიდან შესაძლოა, ლაქოვანი ელემენტები იყოს, შემდეგ კი ვეზიკულები ანუ ბუშტუკები ჩნდება. პირველი ელემენტები, როგორც წესი, თავის თმიან ნაწილსა და სახეზე ჩნდება. შემდეგ ეს ელემენტები მთელ სხეულზე ვრცელდება. გამონაყარის პარალელურად, პაციენტს სხვა სიმპტომებიც აღენიშნება. მათ შორის: ტემპერატურა, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები, საერთო სისუსტე, სახსრების, კუნთების ტკივილი. აღსანიშნავია, რომ ეს სიმპტომები დაავადების საშუალო ან მძიმე მიმდინარეობას ახასიათებს. მსუბუქი მიმდინარეობის დროს შესაძლოა, პაციენტს გამონაყარის ერთეული ელემენტები და 2-3 დღის განმავლობაში ტემპერატურული რეაქცია აღენიშნებოდეს.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ მძიმე მიმდინარეობა არ გამოგვეპაროს?

- თუ ადამიანს სხვადასხვა ქრონიკული ან თანდაყოლილი დაავადება აქვს, ასეთ დროს, როდესაც ინფექციის პირველი ნიშნები გამოჩნდება, ექიმს აუცილებლად უნდა მიმართოს და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღოს.

ზოგადად, რამდენიმე ნიშანს უნდა დავაკვირდეთ: უხვი გამონაყარი ნიშნავს იმას, რომ დაავადება აგრესიულად მიმდინარეობს და გარკვეული გართულებების რისკი არსებობს. ასეთ დროს აუცილებელია, ექიმს დროულად მივმართოთ. ასევე, თუ მაღალი ტემპერატურა 3-4 დღეზე მეტხანს გრძელდება, ესეც საყურადღებო ნიშანია.

გარდა ამისა, თუ პაციენტებს, განსაკუთრებით ბავშვებს, ძლიერი ადინამია, ძილიანობა აღენიშნებათ, საკვებს, სითხეს ვერ იღებენ, ასეთ შემთხვევაშიც ექიმს დროულად უნდა მივმართოთ.

ჩუტყვავილა სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის დაზიანებას იწვევს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება, მან დააზიანოს ცენტრალური ნერვული სისტემაა. განვითარდეს მენინგოენცეფალიტი ან ცერებელიტი. ამიტომ, თუ ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ძლიერი თავის ტკივილია გამოხატული, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, სპეციალისტს დროულად დავუკავშირდეთ.

ასევე, თუ გამონაყარს ჰემორაგიული ხასიათი აქვს, ბუშტუკები თავიდან გამჭვირვალე სითხისაა, მაგრამ შემდეგ სისხლჩაქცევები გვხვდება, ესეც დაავადების მძიმე მიმდინარეობაზე მიუთითებს.

გარდა ამისა, ჩუტყვავილამ შეიძლება, სასუნთქი სისტემის დაზიანება გამოიწვიოს და პნევმონია განვითარდეს. ამიტომ, თუ პაციენტს ხველა, სუნთქვის გაძნელება, ტუჩ-ცხვირის მიდამოს ციანოზი, სისხლიანი ხველა აღენიშნება - ესეც მნიშვნელოვანი ნიშნებია, რომ სპეციალისტს მივმართოთ და შესაბამისი მკურნალობა შევარჩიოთ.

გარდა ამისა, აღნიშნულმა დაავადებამ შესაძლოა, მეორადად კანის დაზიანება და ინფექციის განვითარება გამოიწვიოს. ეს ყველაზე მეტად აქტუალური ბავშვთა ასაკშია. გამონაყარი ხშირად ქავილს იწვევს. მოქავების შემდეგ ელემენტები ზიანდება, კანის მთლიანობა ირღვევა, რამაც შეიძლება, მეორადად ბაქტერიული ინფექციის განვითარება განაპირობოს. ჯობს საქმე აქამდე არ მივიყვანოთ და თუ ვხედავთ, რომ გამონაყარი მტკივნეული და გაღიზიანებულია, ექიმის დანიშნულებით სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალება გამოვიყენოთ.

- რამდენი ხნის განმავლობაშია გადამდები ჩუტყვავილათი დაავადებული ადამიანი?

- ვადები ინდივიდუალურია და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. საშუალოდ, ადამიანი გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე, დაახლოებით, 24-48 საათით ადრე. ხოლო ყველაზე მეტად გადამდები გამონაყარის მიმდინარეობის დროსა - პირველი 3-7 დღის განმავლობაშია. შემდგომ, გადადების ალბათობა ნელ-ნელა მცირდება. როდესაც ყველა ელემენტი ქერქით დაიფარება, ადამიანი მას შემდე გადამდები აღარ არის. დაახლოებით, ეს 7-დან 10 დღემდე გრძელდება.

ადამიანს შეიძლება, დაავადება კონტაქტიდან 21 დღის განმავლობაში გამოუვლინდეს. მაგრამ გადამდები იქამდეა, ვიდრე გამონაყარი ქერქით არ დაიფარება. ამ პროცესს, როგორც აღვნიშნე, დაახლოებით, 7-10, იშვიათად კი 14 დღე სჭირდება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს ვადები დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზეა დამოკიდებული. სიმპტომების გამოვლენიდან 2 კვირის განმავლობაში მაინც რეკომენდებულია, რომ ბავშვი სახლში იყოს.

- ბავშვობაში გადატანილი ინფექცია დიდ ასაკში ხელახალი ინფიცირებისგან იცავს?

- ზოგადად, ჩუტყვავილათი ხელმეორედ დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. მსგავსი ერთეული შემთხვევებია აღწერილი. 99,9%-ში ის ჩუტყვავილას სახით აღარ გამოვლინდება. თუმცა, დიდ ასაკში შეიძლება, სარტყლისებრი ჰერპესის, ანუ ჰერპეს ზოსტერის სახით გამოვლინდეს. ის ჩუტყვავილას რეაქტივაციაა. მას სპეციფიკური გამონაყარი ახასიათებს. თუმცა, ჩუტყვავილას ფორმით მეორეჯერ ეს დაავადება ადამიანებს არ ხვდებათ.

- როგორ შეიძლება, ჩუტყვავილათი ინფიცირებული ადამიანისაგან ოჯახის წევრებმა თავი დაიცვან?

- პირველ რიგში, თუ ეს დაავადება გადატანილი გვაქვს, მეორედ ინფიცირების საფრთხე აღარ გვემუქრება. ერთ სივრცეში ყოფნის დროს თავის დაცვა ძალიან რთულია, რადგანაც ჩუტყვავილა ჰაერწვეთოვანი ინფექცია გახლავთ და საკმაოდ ადვილად გადადის. მნიშვნელოვანია, ჰიგიენური ნორმები დავიცვათ და ინფიცირებულთან დისტანცირება ვცადოთ. მაგრამ, როდესაც საქმე ბავშვს ეხება, ეს ძალიან რთულია. კარგი იქნება, თუ ჩვენს ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა, რომელიც ადამიანს აღნიშნული დაავადებისაგან საკმაოდ ეფექტურად იცავს. იმ ქვეყნებში, სადაც დანერგილია, ჩუტყვავილას გავრცელება შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ვაქცინის დანერგვას გარკვეული წინაპირობები აქვს, სხვადასხვა საკითხის შესწავლა გვჭირდება, მაგრამ, იმედია, ეს პროცესი მალე დაიწყება.

თამარ იაკობაშვილი