რა გზით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა - იურისტის რჩევები - მშობლები

რა გზით შეგიძლიათ საპენსიო დანაზოგის გატანა - იურისტის რჩევები

2025-05-19 14:35:21+04:00

ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნუგბარა როსტიაშვილი მკითხველების შეკითხვებს პასუხობს.

- მამაჩემი 23 წლის წინ გარდაიცვალა, 2 წლის შემდეგ დედამ გადაიფორმა ყველაფერი, თუმცა არ ჰქონდა ჩემგან მემკვიდრეობაზე უარის თქმის ხელწერილი და ქონება აჩუქა ჩემს ძმას. ჩემთვის არაფერი მოუციათ. ახლა ჩემმა ძმამ გაყიდა მამისეული ქონება და მეუბნება, არაფერი გეკუთვნისო. მაინტერესებს, თუ შემიძლია სავალდებულო წილის მიღება?

- საკმაოდ დიდი დროა გასული მამათქვენის გარდაცვალებიდან, შესაბამისად, დავას აზრი არა აქვს. თქვენ, ისევე როგორც დედათქვენი და თქვენი ძმა, პირველი რიგის მემკვიდრეები იყავით და სამივეს გქონდათ უფლება მამის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში მიგემართათ ნოტარიუსისთვის და მიგეღოთ სამკვიდროს კუთვნილი წილი. ვინაიდან დედამ 2 წლის მერე ფაქტობრივი ფლობით გაიფორმა ქონება და მაშინ არ მიედავეთ, სამართლებრივად სრული უფლება ჰქონდა, ვისთვისაც უნდოდა, მისთვის ეჩუქებინა.

- ვარ 40 წლამდე, ძალიან მჭირდება თანხა და მინდა ჩემი საპენსიო თანხა დავიბრუნო, იქნებ მირჩიოთ ისეთი გზა, რომ შევძლო თანხის გამოტანა.

- დაგროვილი თანხის მიღება შესაძლებელია სამი გზით:

პროგრამული გატანა - ყველაზე გავრცელებული მეთოდი, როდესაც გამოითვლება მონაწილის სიცოცხლის დარჩენილი ხანგრძლივობა და გასატანი თანხა გადანაწილება ყოველწლიურად. მაგალითად, თუ საპენსიო ასაკის მიღწევის თარიღისათვის საშუალო-სტატისტიკური სიცოცხლის ხანგრძლივობა 74 წელია, პირის ასაკი - 65 წელი, ხოლო საპენსიო ფონდში იმ დროისთვის დაგროვებული თანხის მოცულობა - 100.000 ლარია, მაშინ ვადა, რომელზეც უნდა განაწილდეს საპენსიო ფონდში დაგროვილი თანხა, არის 9 წელი. ყოველწლიურად გასაცემი თანხის მოცულობაა დაახლოებით 11.111 ლარი, ყოველთვიურად გასაცემი კი დაახლოებით 926 ლარი.

ერთჯერადი გადახდა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ საპენსიო სქემაში ჩაერთეთ საპენსიო ასაკამდე, არა უმეტეს 5 წლით ადრე.

ანუიტეტით (სახელმწიფო სესხის სახეობა) თქვენს ანგარიშზე დარიცხული დანაზოგით შეგიძლიათ შეიძინოთ კერძო საპენსიო სადაზღვევო პროდუქტი და მიიღოთ გარანტირებული შემოსავალი სიცოცხლის ბოლომდე.

განსაკუთრებულ შემთხვევებში დანაზოგის მიღება შესაძლებელია საპენსიო ასაკამდეც: შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მიღებისას; საქართველოდან სამუდამოდ გამგზავრებისას (წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი). თუ არსებობს რაიმე სახის განსაკუთრებული შემთხვევა, შეძლებთ დანაზოგის მიღებას, სხვა შემთხვევაში ვერა.

განაგრძეთ კითხვა