რა შეიძლება, იწვევდეს ქერტლს და თავის კანის ქავილს და რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი - ზაზა თელიას რეკომენდაციები - მშობლები

რა შეიძლება, იწვევდეს ქერტლს და თავის კანის ქავილს და რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი - ზაზა თელიას რეკომენდაციები

2025-05-22 09:43:23+04:00

დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი,ზაზა თელიაგადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა შეიძლება ქერტლს იწვევდეს:

- ქერტლს შეიძლება, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მიზეზები იწვევდეს. ერთი მხრივ, მიზეზი შეიძლება, მომატებული ცხიმიანობა იყოს. მეორე მხრივ, პირიქით, სიმშრალე. ასევე, ქერტლს შესაძლოა, სხვადასხვა ტიპის ნივთიერებაზე კანის ჰიპერმგრძნობელობითი რეაქცია იწვევდეს. ესენია შამპუნები, დასაბანი საშუალებები, მათ შორის, შესაძლოა, თმის კონდიციონერიც და საღებავიც იყოს.

გარდა ამისა, ქერტლის ყველაზე ხშირი გამომწვევი სებორეული დერმატიტია. სებორეული დერმატიტის დროს ცხიმოვანი ჯირკვლების ჰიპერპროდუქცია ხდება. ცხიმოვანი ჯირკვლები განსაკუთრებით ბევრი თავის სკალპზეა. ამიტომაა, რომ სებორეული დერმატიტის დროს, პრობლემის ყველაზე ხშირი ადგილები სკალპი, სახე, წარბები, ყურის ნიჟარები, ყურის ნიჟარების უკანა ადგილი, გულ-მკერდი, იშვიათად, ქვედა მხარე, გენიტალიებია. ეს გენეტიკური ტიპის მემკვიდრული დაავადებაა. სამწუხაროდ, სებორეული დერმატიტი არ იკურნება, მაგრამ მისი რემისია სრულიად შესაძლებელია. სებორეულ დერმატიტს ამწვავებს თამბაქო, სიმსუქნე/ჭარბი წონა, სტრესი, ნერვიულობა, ალკოჰოლიზმი.

ქერტლს ასევე შესაძლოა, მალასეზია იწვევდეს. ეს სოკოვანი აგენტია, რომელიც ყველა ადამიანს აქვს. მალასეზიის ჰიპერპროდუქციის დროს, როდესაც საფუარა სოკო მრავლდება, შესაძლოა, ქერტლი განვითარდეს.

წყლის ცვლილება

წყლის ცვლილებასთან დაკავშირებით პაციენტებსაც დაუფიქსირებიათ და ლიტერატურაშიც წამიკითხავს. მაგალითად, როდესაც საქართველოდან უცხოეთში ვმოგზაურობთ, შესაძლოა ქერტლის პრობლემა გაჩნდეს. რადგანაც, ყველა ქვეყანაში წყლის სიხისტე განსხვავებულია. წყლის სიხისტის ცვლილებამ შესაძლოა, კანის გარკვეული ტიპის პრობლემები განაპირობოს.

შამპუნი

თუ ჩვენ კანის სიმშრალეზე ან ჰიპერმგრძნობელობაზე ვსაუბრობთ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას შამპუნს ვაქცევთ. შესაძლოა, პრობლემას შამპუნი იწვევდეს. პირობითად, ადამიანს ცხიმიანი სკალპი არ აქვს, იქამდე რაიმე პრობლემა არ ჰქონია და მაინც დაეწყო ქერტლი, დიდი ალბათობით, ეს ან შამპუნის ბრალი იქნება, ან თმის სხვა მოვლის საშუალების. ზეთებს ხშირად იყენებენ - ზეთების გამოყენებამაც შეიძლება, ქერტლი გამოიწვიოს. თმის საღებავიც გასათვალისწინებელია. ამიტომ, უნდა დავადგინოთ, რა არის ქერტლის გამომწვევი და პაციენტს რეკომენდაცია ამის მიხედვით მივცეთ.

რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი?

ერთ-ერთი ხშირი შეკითხვაა ის, თუ რა სიხშირით უნდა დავიბანოთ თავი. ეს ინდივიდუალურია. თუ ცხიმიანი სკალპი და ცხიმიანი თმა გვაქვს, ყოველდღე უნდა დავიბანოთ და ეს არ ნიშნავს, რომ ამით სკალპს ან თმას დავაზიანებთ. თუ მშრალი სკალპი გვაქვს, ამ შემთხვევაში, შეიძლება, ადამიანმა კვირაში 2-3-ჯერ დაიბანოს.

თავის ქავილი

თავის ქავილით შესაძლოა, კანი დავაზიანოთ და ქერცლოვანი ელემენტები გამოვიწვიოთ. სკალპის ქავილის მიზეზი შეიძლება იყოს: რეაქცია თმის მოვლის პროდუქტებზე, სებორეული დერმატიტი, სკალპის ფსორიაზი, ჭინჭრის ციება, სკალპის სოკოვანი ინფექცია, კანის კიბო, ნერვული პრობლემები, ატოპიური დერმატიტი, ტილები, სკაბიესი (ჩვილებში), მარტივი ქრონიკული ლიქენი.

შამპუნის ხშირად შეცვლა

შამპუნის ხშირად შეცვლა იმისათვის, რომ სკალპისა და თმის მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, მითია. თუ ჩვენი კანი პროდუქტს კარგად აღიქვამს და არანაირი პრობლემა არ გვაქვს, რატომ უნდა შეცვალო?! თუ კონკრეტული შამპუნი გვიხდება, მაშინ იმით უნდა დავიბანოთ. მე, მაგალითად, 5 წელია, ერთსა და იმავე შამპუნს ვიყენებ.

იხილეთ გადაცემა სრულად: