ბოლო ზარი ერთადერთი მე-12 კლასელისთვის - "როდესაც ჩემი კლასის კარი შევაღე და იქ მარტო ერთი მერხი დამხვდა, გავაანალიზე, როგორი იყო მარტო ყოფნა" - მშობლები

ბოლო ზარი ერთადერთი მე-12 კლასელისთვის - "როდესაც ჩემი კლასის კარი შევაღე და იქ მარტო ერთი მერხი დამხვდა, გავაანალიზე, როგორი იყო მარტო ყოფნა"

2025-05-22 09:47:17+04:00

ხაშურის რაიონის სოფელ ქინძათის საჯარო სკოლას წელს ერთადერთი მე-12 კლასელი ჰყავდა. ლერი ნოზაძე წლების განმავლობაში კლასში მარტო იჯდა. მის შესახებ სიუჟეტი გადაცემამ "დილა მშვიდობისა საქართველო" მოამზადა. ლერი საკუთარი ემოციებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრობს:

ლერი ნოზაძე - როდესაც ჩემი კლასის კარი შევაღე და იქ მარტო ერთი მერხი დამხვდა, გავაანალიზე მეშვიდე კლასელმა ბავშვმა, როგორი იყო მარტო ყოფნა. თავიდან, ერთი წელი ძალიან რთული იყო. არაფერი ხდებოდა. 1 წლის შემდეგ კი, მთელი სკოლის ბავშვები ჩემი მეგობრები გახდნენ. ამიტომ, ისეთ მარტოობას აღარ ვგრძნობდი, როგორც თავიდან. სკოლა ჩემი სახლი იყო. არ ვაცდენდი. ეს წლები ძალიან მომენატრება. აქ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი და ლამაზი წლები გავატარე. შევისწავლე წერა, კითხვა, მეგობრობა, ურთიერთობა და ადამიანობა.

თინათინ ჩუბინიძე, მასწავლებელი - ლერის ვარსკვლავი უნდა გავუხსნათ იმიტომ, რომ თავისი მშობლიური სკოლა არ მიატოვა და მარტომ განვლო ეს წლები. თანაც ძალიან წარმატებით.

ნუნუკა ლომიძე, მასწავლებელი - როდესაც ლერი პირველ კლასში შემოვიდა, გუშინდელი დღესავით მახსოვს. ძალიან ჭკვიანი, საოცრად მოწესრიგებული, ნიჭიერი, შეგნებული ადამიანია. იმედი მაქვს, რომ ლერის ყველა ოცნება რეალობად იქცევა.

ლერი ნოზაძე - ჩემი საკლასო ოთახი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ამ ფანჯრების იქით ცხოვრება ძალიან დიდი მეჩვენება, მაგრამ ვიცი, რომ წინ გრძელი და ლამაზი გზა მელის. მინდა, წარმატებული ინჟინერი გავხდე, რომელსაც მთელი მსოფლიო გაიცნობს. მინდა, რომ ჩემით იამაყოს ჩემმა სკოლამ, ჩემმა მასწავლებლებმა, ჩემმა მხარემ, მშობლებმა და ყველამ. მომავალში არასდროს დამავიწყდება ადგილი, საიდანაც ყველაფერი დავიწყე.