მარო მაყაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სიმბოლოა, რომლის გმირობაც განსაკუთრებით ახალი თაობისთვის არის შთამაგონებელი.
სამშობლოზე გულმხურვალედ შეყვარებული 19 წლის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი მოხალისედ მიდის ფრონტზე. ის წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისაკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 1921 წლის 19 თებერვალს მარო ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. ის ქართველ იუნკრებთან ერთად დაკრძალეს ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოში (ამჟამად საქართველოს პარლამენტის შენობის ტერიტორია რუსთაველის გამზირზე). მარო მაყაშვილი თავისი ემოციებისა და განცდების შესახებ წერდა დღიურში, რომელიც ფასდაუდებელი მემკვიდრეობა გახდა ჩვენი ქვეყნისთვის.
„საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად. შენი მარო", - წერდა ის თავის დღიურში.
მარო მაყაშვილი პირველი ქალია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. მისი გმირობის შესახებ, დღიურის მნიშვნელობაზე და იმავე გამოწვევაზე, რომელიც მაროს დაღუპვიდან დაახლოებით ერთი საუკუნის შემდეგ უდგას, ისტორიკოსი, „სოვლაბის“ მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი საუბრობს:
როდის იქცა მარო მაყაშვილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ?
მარო მაყაშვილი ფრონტზე დაღუპვისთანავე გახდა თავისუფალი საქართველოს ერთგვარი სიმბოლო. ოკუპაციის პერიოდში, როდესაც საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ომი მიმდინარეობდა, როგორც ჯარისკაცები, გვარდიელები, ისე მოხალისეები იბრძვიან სამშობლოს დასაცავად და 19 წლის სტუდენტი გოგონა, რომელიც მოწყალების დად წავიდა ფრონტზე. თვითონაც დაიღუპა საარტილერიო დაბომბვის დროს და მაშინვე გახდა თავისუფლების ერთგვარი სიმბოლო. დაღუპულთა ჯგუფი 23 თებერვალს ერთად დაკრძალეს სათანადო პატივით და იმ დროიდან მოყოლებული უკვე ამ ომში დაღუპული გმირები საზოგადოებისათვის საკრალურ სიმბოლოებად იქცნენ. პირველი კვირების, თვეებისა და წლების განმავლობაში მათთვის პატივის მიგება ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი გზა და მეთოდი იყო.
სადამდეც არსებობდა ის თაობა, რომელმაც ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახა, დამოუკიდებლობისა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის ეს ღირებულებები ნარჩუნდებოდა. თავისთავად მათ ახსოვდათ ისტორია და ყველა სხვა დაღუპული გმირიც, მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა, ტოტალიტარიზმის, ცენზურის, მეხსიერების წაშლის პირობებში ამ თაობების წასვლის შემდეგ ძალიან ძნელად თუ ხდებოდა მეხსიერების არაოფიციალურად გადაცემა, თუმცა ამასაც კი გაუძლო ამ გმირების, განსაკუთრებით მარო მაყაშვილის ხსოვნამ და 70-80-იანი წლებისთვის, როცა საბჭოეთის კრიზისი და დაშლა იწყება, ეს მეხსიერება უკან ბრუნდება.
მის დღიურს გადაწერილად, გადაბეჭდილად ავრცელებდნენ და კითხულობდნენ, ისევ დაბრუნდა თავისუფლების ეს შეგრძნება და თავისთავად უფრო მეტმა ადამიანმა წაიკითხა მარო მაყაშვილის ჩანაწერები. განსაკუთრებით 90-იანი და 2 000-იანი წლების დასაწყისში, როცა ცხადია, დაიწყო წარსულის უფრო ფუნდამენტურად შესწავლა და აღდგენა, მით უფრო ძვირფასი გახდა მარო მაყაშვილის ხსოვნა და ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, მოქალაქე, განსაკუთრებით ახალ თაობაში, რომელმაც არ იცის მის შესახებ და არ ეძვირფასება მისი სახელი, გმირობა და მემკვიდრეობა.
თქვენ ახსენეთ, რომ მარო მაყაშვილის დღიური საიდუმლოდ გადადიოდა ხელიდან ხელში. რა პერიოდში ხდებოდა ეს?
თავდაპირველად, დღიური მაროს ოჯახში რჩებოდა, შემდეგ გადასცეს ლიტერატურის მუზეუმს. საბჭოური ტოტალიტარიზმის, ტერორისა და ცენზურის პირობებში ასეთი შინაარსის აკრძალული და საშიში ლიტერატურა არაფორმალურად ვრცელდებოდა ხელით გადაწერილი ან გადაბეჭდილი ერთგვარი თვითგამოცემების სახით, რომელსაც ერთმანეთს ათხოვებდნენ ხოლმე სანდო ან დაინტერესებულ ადამიანებს. ტოტალური შიშისა და კონტროლის პირობებში მიმზიდველ თავგადასავლად ჩანდა, როცა ადამიანს შეეძლო რაღაც უცნობი და აკრძალული საიდუმლო წაეკითხა. მართალია, მასობრივად ვერა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან წლებში ასეთი ლიტერატურა მაინც. ანალოგიური ხდებოდა ამ დღიურთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში, მარო მაყაშვილის გმირობასთან დაკავშირებით მეხსიერება შენარჩუნდა.
რა მნიშვნელოვანი მოსაზრებებია გამოთქმული მის დღიურში, რაც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს ჩვენთვის?
ძალიან გამიჭირდება ერთი კონკრეტული მოსაზრების ან ეპიზოდის გამოცალკევება. ამ ჩანაწერების საერთო ღირებულება და მნიშვნელობა არის საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაღუპული ახალგაზრდა ავტორის ფიქრები და განცდები. მისი ერთგვარი მესაიდუმლე იყო ეს დღიური. აქ ჩანს მთელი თაობის ერთგვარი პორტრეტი.
დღიური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გენდერულ ჭრილშიც და მისი მეშვეობით იმ თაობის გოგონების ერთგვარი განზოგადებული სახე შეიძლება დავინახოთ: რით ცხოვრობენ, რა აინტერესებთ, როგორ მოქმედებს მათზე დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფოს დაფუძნების ახალი ერა, როგორ უხარიათ ნებისმიერი მცირე წარმატებაც კი, განიცდიან ყველანაირ საფრთხესა და გამოწვევას, რაც ერთგვარ როლურ მოდელადაც კი განვიხილოთ, რამდენად ორგანული იყო მაშინდელი ახალგაზრდა თაობისთვის საერთო საქვეყნო საკითხებზე ფიქრი, ღელვა, ზრუნვა და ჩართულობა. პირველსავე დაძახილზე უნივერსიტეტის სტუდენტმა გოგონამ მოკიდა ხელი მოჰკიდა ჩანთას, პირველადი დახმარების საშუალებებს და ფრონტზე წავიდა ტყვიების წვიმაში, რომ თავისი მეგობრები, თანამებრძოლები დაეცვა და დახმარებოდა მათ. ეს ნიშნავს იმას, რომ სრულად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თავისუფლება და დამოუკიდებლობა გარანტირებული არ არის და მართლა სისხლით და სიცოცხლით იყო დასაცავი. ამ თაობისთვის და ამ კონკრეტული ადამიანებისთვის ინდივიდუალურ დონეზე დიდ გმირობად არც განიხილებოდა ფრონტის ხაზზე წასვლა. მიიჩნევდნენ, რომ მოვალენი იყვნენ, სამშობლოს წინაშე ეს ელემენტარული საქმე გაეკეთებინათ, დაეცვათ ის და ამ მთავარი ღირებულებების გადასარჩენად მათ სიცოცხლე დადეს სასწორზე. თუ ეს გვაღელვებს, თავისთავად ჩვენც მზად უნდა ვიყოთ მისთვის.
როგორ ეხმიანება მაშინდელი ვითარება ახლანდელ საქართველოს და რატომ შეიძინა დღიურმა კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა დღეს?
მარტივად რომ ვთქვათ, მაშინაც ბეწვის ხიდზე გადიოდა საქართველო სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, დამოუკიდებლობის, თითოეული მოქალაქის პირადი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის თვალსაზრისით, ამ დროს უხეშმა ძალამ გადაწონა და გაიმარჯვა, რაც შემდეგ 70-წლიან ტყვეობად გაგრძელდა. დღესაც არანაკლებ მძიმე, თუ უფრო მძიმე გამოწვევის წინაშე არ დგას ჩვენი ქვეყანა. 21-ე საუკუნეში ისევ ოკუპაციისა და მონობის პერსპექტივაზე ფიქრი ფაქტობრივად დასასრულს ნიშნავს განსხვავებით მაშინდელი პერიოდისა, როდესაც შეიძლება გაცილებით მასშტაბური სისასტიკე ხდებოდა, მაგრამ ბრძოლის და გადარჩენის უფრო მეტი რესურსი და სივრცე იყო. ახლა, 21-ე საუკუნეში მონობა ნიშნავს, რომ ფაქტობრივად განწირული ხარ ამ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მართვის მეთოდების მთელი არსენალიდან გამომდინარე და მოსახლეობს უმეტესობა ცხადია ამ საფრთხეს აცნობიერებს და თავისთავად ამ ფონზე ძალიან ეძვირფასება ჩვენი წარსულიდან მოლაპარაკე თანამოაზრეების ხსოვნა და სახელი და ეს არის მთავარი.
რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მარო მაყაშვილის დღიური პერიოდულად გამოიცემოდეს და ხელმისაწვდომი ხდებოდეს მკითხველთა უფრო ფართო წრეებისთვის, ახალი თაობებისთვის?
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ტექსტი უფრო მეტ ადამიანამდე მივიდეს, ბევრ რამეზე დააფიქროს, უბიძგოს, რომ კიდევ სხვა ინფორმაცია მოიძიოს, ეს ეპოქა შეისწავლოს და თავისთავად უფრო ცხადად იგრძნოს ეს გამოწვევები. არა მხოლოდ წიგნის ფორმით არამედ ამ წარსულის ყველა თანამედროვე მეთოდით გაცოცხლება და მიტანა ფართო აუდიტორიამდე არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რასაც უნდა ვაკეთებდეთ და ვისაც ეს ესმის, ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებს კიდეც. იმედია, ეს პროცესი უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს.
რა იქნება თქვენი მთავარი სათქმელი საზოგადოებისთვის 26 მაისთან დაკავშირებით?
მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და საერთოდ ჩვენი იდენტობა არის სასიკვდილო საფრთხის წინაშე რუსული იმპერიალიზმის აგრესიის გამო და გადარჩენის გზა არის ისევ და ისევ ცოდნა, ერთიანობა, პრინციპულობა და ბრძოლა იმ იდეალებისთვის, რაც დაგვიტოვეს იმ წინაპრებმა, რომლებზეც ვსაუბრობთ, მათ შორის მარო მაყაშვილმა. მათი გმირობა როგორც გვაძლიერებს, ასევე გვავალდებულებს, რომ ჩვენ ვიაროთ ბოლომდე.
R