სამი სკოლის მოსწავლეები და მშობლები, რომლებიც ტურისტულმა კომპანიამ მოატყუა, სამშობლოში კეთილი ადამიანების დახმარებით ბრუნდებიან - "ღმერთს მადლობა, გამოვედით ამ სიტუაციიდან!" - მშობლები

სამი სკოლის მოსწავლეები და მშობლები, რომლებიც ტურისტულმა კომპანიამ მოატყუა, სამშობლოში კეთილი ადამიანების დახმარებით ბრუნდებიან - "ღმერთს მადლობა, გამოვედით ამ სიტუაციიდან!"

2025-05-28 08:02:32+04:00

საკმაოდ უსიამოვნო ფაქტის შესახებ მშობლები და პედაგოგები წერენ. სამი სკოლისკურსდამთავრებულები, მშობლები და რამდენიმე პედაგოგი - ქობულეთიდან, კასპიდან და ნორიოდან - სკოლის დამთავრების აღსანიშნავად კაპადოკიაში გაემგზავრნენ. თუმცა ტურის დასრულების შემდეგ, უკან წამოსვლის დრო რომ დადგა, აღმოჩნდა, რომ კომპანიას მძღოლებისთვის არ ჰქონდა გადახდილი თანხა უკანა გზის და სასტუმროს თანხაც არ იყო ბოლომდე დაფარული. 90 ადამიანი აღმოჩნდა ჰაერში.

"12 საათიდან მზის გულზე იდგნენ ბავშვები მშიერ-მწყურვალები, არ ვიცოდით, რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. ფაქტობრივად, უკან ვერ ვბრუნდებოდით... სანამ ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან არ ჩაერივნენ და თანხა არ გადმორიცხეს", - გვიყვება ერთ-ერთი მგზავრი.

ასევე წერენ ტურის სხვა მონაწილეები:

"მოკლედ კაბადოკიის ტურის ხელმძღვანელი თაღლითი აღმოჩნდა სამი სკოლის მოსწავლე 80 არასრულწლოვანი სრულიად უყურადაღებოდ დატოვა. ღმერთს მადლობა, გამოვედით ამ სიტუაციიდან, რაშიც ძალიან დაგვეხმარა გია ჭყონია, გელა შაქარიშვილი და ჯუმბერ ჭყონია. საჯაროდ მინდა გამოვხატო მათ მიმართ მადლიერება კასპის, ნორიოს და ქობულეთის სკოლის სახელით. მათი დიდი ღვაწლია მოსწავლეების სახლში მშვიდობით დაბრუნება".

"უღრმესი მადლობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის დეპუტატს ბატონ გია ჭყონიას, ქობულეთის ქვედა კვირიკეს მოსწავლეების, პედაგოგებისდა და მშობლების სახელით. ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხის 1-ელი საჯაროსკოლის მოსწავლეების, მშობლების და პედაგოგების ასევე გარდაბნის რაიონის ნორიოს საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების და პედაგოგების სახელით. ასევე თბილისელი ცოლ-ქმრის მხრიდანაც!!! 90 ადამიანი გვიხსნა, ტურისტულ კომპანიის თაღლითობის მსხვერპლი... მძღოლებს არ გადაუხადეს მათი კუთვნილი ანაზღაურება და ტურის მონაწილეები მიგვატოვეს კაპადოკიაში..."

სამი სკოლიდან წასული ჯგუფები გზაში არიან და საქართველოში ბრუნდებიან.