სულ მალე ზაფხულის არდადეგები დაიწყება და ძალიან ბევრი მოსწავლე მასწავლებლების მიერ მიცემული დავალებებით გაატარებს დასვენების დღეებს. რამდენად საჭიროა მეცადინეობა არდადეგების პერიოდში და რას ფიქრობენ ამის შესახებ მშობლები და მასწავლებლები - გთავაზობთ მათ მოსაზრებებს.
- "ზაფხული არის სოფელი, ბებო, ბავშვები, მდინარე, სტადიონი, მერე ზღვა, გართობა, განტვირთვა და დასვენება 🥰 რამდენიმე კლასგარეშე წიგნი შუა დღის შესვენების დროს."
- "თვითონ ბავშვი უნდა იყოს დაინტერესებული....აზრი არა აქვს ძალდატანებას."
- "ზომიერად უნდა ჰქონდეთ სამეცადინოც და საკითხავიც. ეკრანთან ყოფნას ისევ მეცადინეობას ვამჯობინებ, ასევე ძალიან შესამჩნევია ხოლმე ბავშვი, რომელიც მეცადინეობდა და რომელიც უქმად ატარებდა დროს. ახლა ეზარებათ მშობლებს, მაგრამ შედეგს თავადვე ნახავთ, როგორია ზაფხულში გატარებული დღეები."
- "ალბათ ზომიერების ფარგლებში და არა ისე, როგორც დედაჩემი აკეთებდა - მუსიკის, ინგლისურის და ლიტერატურის წიგნებით დაგვატარებდა დასავლეთში."
- "არავითარ შემთხვევაში! ზაფხული დასვენებისთვისაა! მხოლოდ მხატვრული ლიტერატურა აკითხეთ, მისთვის მისაღები და საინტერესო."
- "რეჟიმს მთლად არ უნდა მოსწყდნენ, თუმცა სკოლიდან კიდევ რაიმე დაავალონ, მეტისმეტია."
- "ზომიერად. დასვენება და კითხვა უნდა შეუთავსონ ერთმანეთს. შუადღით, გაგანია მზის გულზე გარეთ უნდა ირბინონ? ან მთელი დღე ტელეფონებს ჩააშტერდნენ? დღეში 1 ან 2 სთ კითხვას და მეცადინეობას დაუთმონ, მერე დაიძინონ და დილა საღამოს ინავარდონ. რა თქმა უნდა, დავალებებიც აუარება არ უნდა იყოს."
- "სამეცადინო არ უნდა ჰქონდეთ,მაგრამ მხატვრული ლიტერატურა ასაკის შესაბამისად შეუძლიათ წაიკითხონ, სურვილისამებრ."
- "ზაფხული არის არდადეგები, კიდევ ერთი სემესტრი კი არა! ვინც იტყვით, აბა ტელეფონში უნდა იყვნენო? სწავლის პერიოდში არ არიან ეკრანთან? წიგნების წაკითხვა აუცილებელია, მაგრამ სამეცადინოდ დაჯდომა - არა! ეყოფათ, ისედაც იმდენ სიშტერეს ასწავლიან ამ ბავშვებს."
- "არდადეგები იმისთვის არის რომ უნდა დაისვენონ,თუმცა დატვირთეთ შემოქმედებითად. სახალისო დავალებებით და მხატვრული ლიტერატურის კითხვით, გაატარეთ არდადეგები ტელეფონის გარეშე."
- "ბავშვობაში არასოდეს გადამიმეორებია სასწავლო მასალა, მხოლოდ წიგნებს ვკითხულობდი, არც არაფერი მავიწყდებოდა სკოლაში, რომ მივდიოდი, განტვირთვა ყველასთვის საჭიროა."
- "მე რაც მწამს, ისაა, რომ დრო ფულია, დრო ძვირფასია. არც ერთი წამი უნდა დაიკარგოს უქმად, რადგან ისედაც ცოტას ვცოცხლობთ. ცოტა თამაში, ბევრი სწავლა."
- "ნამდვილად სჭირდებათ დღეში ორი საათით მაინც მეცადინეობა, სულ სხვა დონით მივლენ. მთელი დღე ეკრანის ყურებას ჯობს, სკოლის პროგრამა არ დაავიწყდეთ"
- "ჩემი შვილები იმდენად გადატვირთული არიან, ზაფხულში ნებაზე მყავს მიშვებული... ზოგადად მათ კითხვა და ხატვა უყვართ ...ყველაფერი არის ინდივიდუალური..მობილური თამაშები დიდად არ ხიბლავთ."
- "არ უნდა ჰქონდეთ, იმიტომ რომ შვებულებაში ისევ არ უნდა მიწევდეს მუშაობა".
- "ზაფხულში უნდა დაისვენონ, დრო საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარონ. მხატვრული ლიტერატურა იკითხონ, ბუნების სიახლოვით დატკბნენ."
- "როდის იღლებიან? არდადეგების წინა და შემდეგი კვირასაც ისვენებენ, დათვალეთ."
- "მე აუცილებლად ვამეორებინებ ზაფხულის პერიოდში ანგარიშსაც, უცხო ენის სიტყვებსაც და კლასგარეშე ლიტერატურას. ზოგს მასწავლებლის რჩევით,ზოგსაც ისეთს ვყიდულობ, რომელიც თავად აინტერესებთ. დღევანდელი ბავშვები ისედაც გონებაგაფანტულები არიან და საკმაოდ იოლად ივიწყებენ ყველაფერს"
- "დავალებული დავალებების შესრულებას დიდი შედეგი არ მოაქვს! ზაფხული დასვენების და გართობის დროა, მაგრამ ახალი წიგნების წაკითხვა, უამრავი საინტერესო ამბის გაგება და ოცნება წიგნის პერსონაჟებთან ერთად, რატომ არ არის გართობა და დასვენება?"
- "უნდა დაისვენონ, გაერთონ, შეიცვალონ გარემო, შეიძინონ ახალი მეგობრები,მაგრამ დღეში 1-2 საათი რომ დაუთმონ წიგნებს, არაფერი მოუვათ."
- "ისე დავამთავრე სკოლა, არასოდეს მქონია ზაფხულში სამეცადინო. თუმცა მე სულ ვამეცადინებ, ვაკითხებ, რომ არ მოუდუნდეთ გონება. აგვისტოში ვასვენებ და მეც ვისვენებ. ყველაფერი ნორმის ფარგლებში, არ უნდა მოვაბეზროთ თავი. თქვენი ბავშვობაც გაიხსენეთ".
- "ჩემი აზრით, არ უნდა იყვნენ დატვირთულნი, თუმცა საზაფხულოდ რაიმე პატარა წიგნის წაკითხვა არ იქნება ზედმეტი. არდადეგები იმიტომაა, რომ მთელი წლის მეცადინეობის შემდეგ განიტვირთოს მოზარდი სავალდებულო საგნებისაგან, მაგრამ საერთოდ არ უნდა ამოვარდეს სასწავლო პროცესიდან. მას უნდა ჰქონდეს დავალება, ზაფხულში გააკეთოს ჰერბარიუმი, დახატოს, თუ ამისი ნიჭი აქვს, იკითხოს კლასგარეშე ლიტერატურა. მასწავლებლისაგან ჰქონდეს მითითება, რომ ამოიწეროს წაკითხულის ფაბულა. ეს დატვირთვა მოზარდის სასიამოვნო - გასართობი დავალებაა. შეიძლება პირწმინდად ვერ გააკეთოს, რაც ევალება, მაგრამ, რასაც შეძლებს, ისიც კარგია. პასუხისმგებლობის გრძნობას უმუშავებს. ჩვენ გვქონდა ზაფხულის დავალებები და იგი გულისხმობდა იმ წელს ნასწავლი მასალის არდავიწყებას, გამეორებას დავალებებით. კიდევ წიგნების კითხვას. ამაში არაფერი იყო ცუდი. რა თქმა უნდა დავალებები არ უნდა იყოს უზომოდ ბევრი."