ახლახან კიდევ ერთი მაუგლი ბავშვი გადაარჩინეს. ბიჭი რვა წლისაა და თავის ცხოვრებაში ქუჩაში მხოლოდ რამდენჯერმეა ნამყოფი. დანარჩენი დრო ქალაქის ცენტრში მდებარე ბინა მისთვის ციხე იყო, ხოლო ციხის მცველი - საკუთარი დედა. შემთხვევა კრასნოდარის მხარეში მოხდა.
როგორ შეძლო ქალმა ამდენი ხნის განმავლობაში ბავშვის საზოგადოებისგან იზოლაცია - ეს არის კითხვა, რომელსაც ახლა სამართალდამცველები იკვლევენ. რატომ არ დადიოდა ბიჭი საბავშო ბაღში, რატომ არ გაიხსენეს იგი პოლიკლინიკაში, სკოლაში, სოციალურ სამსახურებში?
ბავშვის გადარჩენა, შეიძლება ითქვას, შემთხვევით მოხერხდა. მაისში გამვლელებმა შენიშნეს, როგორ ცვიოდა სახლის ფანჯრიდან ნივთები და ნაგავი. ყველაფერს ეს ბავშვი ყრიდა. მაგრამ ბიჭი აშკარად არ თამაშობდა უბრალოდ, იგი ხმამაღლა ყვიროდა და გამვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.
ამ მიზანს მან საბოლოოდ მიაღწია, ხალხმა შენიშნა ბავშვი, ვიღაცამ პოლიცია გამოიძახა, რადგან აშკარად რაღაც არ იყო რიგზე, უფროსები სახლში არ იყვნენ.
როდესაც სამართალდამცველები ბინაში ავიდნენ, მათ წინაშე საშინელი სურათი გაიშალა. ოთახში იმყოფებოდა გამხდარი რვა წლის ბიჭი, რომელიც ტანსაცმლის ზომასთან შედარებით ბევრად გაზრდილი იყო. თმაც რგძელი და აბურძგნილი ჰქონდა და აშკარად ძალიან იშვიათად აბანავებდნენ. მთელი ბინა ნაგვის მთებით იყო მოფენილი, ირგვლივ მწერები, ბუზები იყვნენ. ტუალეტამდეც კი შეუძლებელი იყო მისვლა - ყველაფერი ნივთებით იყო მოფენილი.
ბიჭის 45 წლის დედა სახლში მოგვიანებით აღმოჩინეს, მაგრამ სტუმრების დანახვა აშკარად არ გახარებია. ქალი ყვიროდა და წინააღმდეგობას უწევდა, როდესაც მის გამოყვანას ცდილობდნენ. შემდეგ პოლიციელებსა და სოციალური სამსახურების თანამშრომლებს უყვებოდა, რომ ისინი შვილთან ერთად ქუჩაში არ გადიან. ბიჭი მუდმივად ოთახში ან აივანზე ცხოვრობს.
სხვა ადამიანებთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს, სკოლაში არ დადის, საავადმყოფოში არც ერთხელ ყოფილა. ამასთან, ბავშვს სერიოზული დაავადება აქვს, ძნელად დადის. იმის შესახებ, რაც სახლში ხდება, იცოდა ბებიამაც. მაგრამ მასაც ასეთი ქცევა უცნაურად არ ეჩვენებოდა.
"დაბადებიდან სრული იზოლაციაშია საზოგადოებისგან, არ არის სოციალიზებული. ბავშვის სიტყვებით, ბინის საზღვრებს გარეთ რამდენიმე წელია არ გასულა, პურით იკვებებოდა, ბოლოს წელიწადზე მეტი ხნის წინ დაიბანა", - აცხადებს კრასნოდარის მხარის პროკურატურა.
არავინ ეკარებოდა ბავშვს, ხოლო მისი კონტროლის გაადვილების მიზნით, ბინაში ვიდეოთვალთვალის კამერა დააყენეს. ოჯახის მეზობლები ჰყვებიან, რომ ზოგჯერ ბავშვის ყვირილს ესმოდათ, მაგრამ არასდროს უნახავთ იგი.
ხოლო მისი დედა და ბებია ზოგჯერ ქუჩაში ჩნდებოდნენ, მაგრამ ყოველთვის ერიდებოდნენ ხალხს, დაუბანლად გამოიყურებოდნენ. ერთხელ ბავშვიც გამოიყვანეს სადარბაზოში, მაგრამ მეზობლები რომ დაინახეს, ბიჭი ისევ დამალეს.
21 მაისს პოლიციელები, მზრუნველობის ორგანოების თანამშრომლები და მედიკოსები კვლავ მივიდნენ ბინაში, რათა განმეორებითი დათვალიერება ჩაეტარებინათ. ამჯერად ბავშვის დედამ ისტერიკა მოაწყო, იგი კატეგორიულად უარს ამბობდა ბინის დატოვებაზე, ასე რომ მისი გამოყვანა სამართალდამცველებს მოუხდათ.
ახლა ბავშვი რეაბილიტაციის ცენტრშია. ბიჭის დედა ასევე საავდამყოფოში გაგზავნეს. უახლოეს მომავალში ქალს მშობლის უფლებებს ჩამოართმევენ.