როგორი ამინდი გველოდება ივნისის თვის განმავლობაში და როდემდე გაგრძელდება წვიმა საქართველოში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან - მშობლები

როგორი ამინდი გველოდება ივნისის განმავლობაში და როდემდე გაგრძელდება წვიმა საქართველოში - პროგნოზი გარემოს ეროვნული სააგენტოდან

2025-06-03 11:22:17+04:00

მიმდინარე დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. 11 ივნისამდე როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით, ხანმოკლე ხასიათის წვიმაა ნავარაუდევი - ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ განგვიცხადა:

- 6 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +22, +27 გრადუსის ფარგლებში იქნება. მომდევნო დღეებში კიდევ მოიმატებს. კვირის ბოლოსკენ კი +33 გრადუსს მიაღწევს. მაღალი ტემპერატურა მომდევნო კვირის განმავლობაშიც გაგრძელდება. თუმცა, საღამოს საათებში ხანმოკლე ხასიათის წვიმები იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში დღეს და ხვალ წვიმაა მოსალოდნელი, ინტენსივობა შემდეგ შესუსტდება. მაგრამ, საღამოსა და ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია, ხანმოკლე ხასიათის წვიმა აღინიშნოს. მიმდინარე დღეებში ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსის ფარგლებში იქნება. კვირის ბოლოსკენ აღმოსავლეთ საქართველოშიც ჰაერის ტემპერატურა +33 გრადუსს მიაღწევს.

თბილისში ხვალ დილამდე მცირე ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. ასევე, 6 ივნისსაც დღისით წვიმაა ნავარაუდევი. შემდეგ 12 ივნისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 6 ივნისამდე ჰაერის ტემპერატურა +26, +27 გრადუსი ფარგლებში იქნება, 7 ივნისიდან +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს, 11-12 ივნისს კი შესაძლებელია, +33, +34 გრადუსი დაფიქსირდეს.

დასავლეთ საქართველოში, სანაპირო რაიონებსა და კოლხეთის დაბლობზე და ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, ქართლსა და კახეთში, თვის საშუალო ტემპერატურა +20, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობაზე 1-2 გრადუსით მაღალია.

დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში თვის საშუალო ტემპერატურა +18, +21 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი, მაღალ მთაში კი - +15, +17 გრადუსის ფარგლებში, რაც საშუალო მრავალწლიურ მნიშვნელობასთან 1-2 გრადუსით მაღალია.

ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონებში +33, +36 გრადუსამდე მოიმატოს. კოლხეთის დაბლობზე +35, +39 გრადუსამდე. დასავლეთის მთაში +32, +35 გრადუსამდე, მაღალ მთაში კი +28, +31 გრადუსამდე.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ცალკეულ დღეებში შესაძლოა, ტემპერატურამ +35, +38 გრადუსამდე მოიმატოს. მთაში +31, +34 გრადუსამდე, მაღალ მთაში +27, +30 გრადუსამდე.

ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებში და მასზე ნაკლები იქნება.

თამარ იაკობაშვილი