გამომწერებმა მათ სახლები და მანქანები უყიდეს, საცხოვრებლები გაურემონტეს და ყოველდღიურ ფულსაც ურიცხავენ - როგორ ეხმარება ხალხი მათთვის სრულიად უცხო ადამიანებს - მშობლები

გამომწერებმა მათ სახლები და მანქანები უყიდეს, საცხოვრებლები გაურემონტეს და ყოველდღიურ ფულსაც ურიცხავენ - როგორ ეხმარება ხალხი მათთვის სრულიად უცხო ადამიანებს

2025-06-03 13:58:57+04:00

სოციალურ ქსელებში ხშირად ადამიანები მათთვის სრულიად უცნობ ხალხს უანგაროდ ეხმარებიან, თანხას ურიცხავენ, საკვებითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფას ჰპირდებიან, ბავშვებისათვის სხვადასხვა წრესა და აქტივობას აფინანსებენ, მძიმე დაავადებებთან ბრძოლასა და მასზე გამარჯვების პროცესში გვერდით უდგანან. ხშირად ეს კამპანია იმდენად მასშტაბურია, რომ ადამიანების ცხოვრება მთლიანად იცვლება. ახერხებენ სახლის, მანქანის, სხვადასხვა საჭირო ნივთის შეძენას, უცხოეთში სამკურნალოდ წასვლას, ძვირად ღირებული მედიკამენტების შეძენას...

ბოლო პერიოდში მსგავსი კამპანიები სულ უფრო მასშტაბური გახდა. სხვადასხვა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი ტიკ-ტოკზე, ადამიანები თავიანთი ისტორიების შესახებ ჰყვებიან, დახმარებას სხვადასხვა ფორმით ითხოვენ, ანგარიშის ნომრებს წერენ და ხშირად მხოლოდ ერთი ან რამდენიმე-საათიანი ლაივით საკმაოდ სოლიდურ თანხას აგროვებენ. როგორც თავად ამბობენ, დახმარების კამპანიებში განსაკუთრებით ემიგრანტები მონაწილეობენ.

გიორგი შუკაკიძესა და მის ცოლ-შვილს, ალბათ, ბევრი ადამიანი იცნობს. საზოგადოება ყოველდღიურად აკვირდება, სწორედ მათი თანამონაწილეობით როგორ იცვლება ამ ოჯახის ცხოვრება. გიო და მარი 5 შვილს ზრდიან. ისინი თავდაპირველად სოციალურ ქსელებში სხვადასხვა სახალისო ვიდეოს ტვირთავდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ. შემდეგ კი ლაივ-ჩართვებისა და თავიანთი ანგარიშის ნომრების გამოქვეყნებით უამრავი ადამიანის გამოხმაურება გამოიწვიეს. წყვილმა საზოგადოების დახმარებით სახლის რემონტი, სხვადასხვა ავეჯის, ტექნიკის შეძენა მოახერხა. ცოტახნის წინ კი გიორგი შუკაკიძემ მანქანა შეიძინა, შესაბამისი ავტოფარეხი ააშენა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იზრუნა და მათთვის კეთილმოწყობილი გარემო შექმნა. ოზურგეთელი წყვილი სოციალურ ქსელებში აქტიურობას კვლავ აგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ნეგატიურ კომენტარებს უწერენ, მოუწოდებენ, რომ იმუშაონ და სოციალურ ქსელებში მოწყალების თხოვნა შეწყვიტონ, ადამიანები მათ მიმართ სოლიდარობას მაინც გამოხატავენ და თანხას ყოველდღიურად ურიცხავენ.

gio-mari-1748945058.jpg

მარტოხელა დედა, ქეთი ქველაძე, ტიკ-ტოკზე საკმაოდ პოპულარულია. ქეთი 3 შვილს ზრდის. საზოგადოება კი მას ყოველდღიურად ეხმარება. ქეთი ქველაძე საკუთარი მძიმე წარსულის, სიღარიბის, გადატანილი ძალადობის შესახებ ხშირად გულწრფელად საუბრობს, რაც ბევრი ადამიანისათვის განსაკუთრებით ემოციურია. მან საზოგადოების დახმარებით ბინის შეძენა და შვილებთან ერთად იქ გადასვლა შეძლო. ცოტახნის წინ კი მანქანა იყიდა. ხშირად იღებს ვიდეოებს, სადაც ჩანს, რომ ბავშვებისთვის პროდუქტებს, სხვადასხვა საჭირო ნივთს ყიდულობს და საკუთარ თავსაც აძლევს უფლებას, შეიძინოს ის, რაც ბავშვობაში არ ჰქონია და ძალიან უნდოდა.

keti-kvelaze-1748945218.jpg

ხშირად საზოგადოების მოტივაცია, რომ ადამიანებს ფული ჩაურიცხონ, შეიძლება ითქვას, რომ გართობა და დროის სახალისოდ გატარებაა. ისეც ხდება, რომ სოციალურ ქსელებში პოპულარულ ადამიანებს ზოგჯერ ცეკვის, სიმღერის ან კონკრეტული სურვილის შესრულების სანაცვლოდ, ფულს ურიცხავენ. ერთ-ერთი პირველი ბლოგერი შოთა დარბაიძე გახდა. ის სახალისო ვიდეოებს უკვე მრავალი წელია, სოციალურ ქსელებში აქვეყნებს. ადამიანებიც ხშირად თანხას საკვებისა და დასვენებისთვის ურიცხავენ. ალბათ, ნაპოლეონისა და კოკა-კოლას შესახებ შოთა დარბაიძის ხუმრობები ბევრ ჩვენგანს სმენია და შესაძლოა, მის მიერ გატრენდებული ფრაზები და სიტყვები ხშირად გამოგვიყენებია.

darbaize-1748945428.jpg

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარული ქეთი ეგიდუნაშვილი გახდა. ის მღერის, ცეკვავს, როგორც თავად ამბობს, გულშემატკივრების თხოვნებს ასრულებს და მისივე ინფორმაციით, საზოგადოება კონკრეტული სიმღერისა თუ საცეკვაო ნომრის შესრულებაში ფულს ურიცხავს. როგორც ქეთი ეგიდუნაშვილი ამბობს, მას შვილთან ერთად ცალკე გადასვლა უნდა და თანხას ბინის შეძენისთვის აგროვებს.

egidunashvili-1748945565.jpg

ქუთაისელი ფოტოგრაფის, დავით ოქროპილაშვილის, დანტესის შესახებ მთელმა ქვეყანამ გაიგო. მან სწორედ საზოგადოების დახმარებით შეძლო და მარიამ კოხრეიძის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. მარიამს ჯანმრთელობის პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა, მისი ოჯახი კი კეთილმოწყობილ სივრცეში გადაიყვანა. დანტესი ხშირად სტუმრობს სოციალურად დაუცველ ოჯახებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. ვიდეოებს აქვეყნებს, შემდეგ ადამიანები გაერთიანდებიან, თანხას რიცხავენ და ყველაზე კეთილი ამბებიც ასე გროვდება.

dantesi-1748945604.jpg

ტიკ-ტოკზე უამრავ ადამიანს შევხვდებით, რომლებიც თანხას სხვადასხვა საჭიროებისთვის ითხოვს. ზოგიერთის არგუმენტები საკმაოდ სერიოზულია, ზოგი კი ნეგატიურ გამოხმაურებას იწვევს. თუმცა, ფაქტია, რომ ბევრისთვის სოციალურ ქსელებში აქტიურობა და თანხის შეგროვება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ზოგჯერ ის ადამიანები, რომლებიც თანხას რიცხავენ, აგრესიის მსხვერპლიც ხდებიან და საზოგადოების ნაწილი მათ მოუწოდებს, რომ თანხის ჩარიცხვა შეწყვიტონ, სოციალური ქსელების გმირებს დამოუკიდებლად ცხოვრებისა და შრომის შესაძლებლობა მისცენ. ზოგს კი განსხვავებული პოზიცია აქვს. ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნინო კერესელიძე გვესაუბრება, რა შეიძლება იყოს ადამიანის მთავარი მოტივაცია, რომ მისთვის სრულიად უცხო ხალხს თანხა ჩაურიცხოს და დაეხმაროს:

"პირველ რიგში, ადამიანები სოციალურები ვართ, შესაბამისად, ემპათიის შეგრძნება ხშირ შემთხვევაში ,,გვაიძულებს“, გადავდგათ ნაბიჯები, რომლებიც სხვა ადამიანების დახმარებისკენაა მიმართული. არის მომენტები, როდესაც საკუთარ თავს მათ ადგილზე არაცნობიერად ვაყენებთ და ძლიერი სურვილი, რომ უნდა დავეხმაროთ, აქედან გამომდინარე გვიჩნდება. თითქოს, ეს ვალდებულების ნაწილი ხდება. არის შემთხვევები, როდესაც საკუთარი კარგად ყოფნიდან გამომდინარე, ვალდებულად ვთვლით ჩვენს თავს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა ავიღოთ და სხვებსაც დავეხმაროთ. ხშირად ესეცაა საყრდენი იმისა, რომ სხვადასხვა ადამიანის დახმარების სურვილი გვიჩნდება.

როდესაც ადამიანებს სოციალურ ქსელებში ეხმარებიან, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ბიძგი ემპათიაა. მეორე, მათთვის საინტერესოა ის კონტენტი, დახმარების თხოვნის ფორმა, რომლებსაც ეს ადამიანები სთავაზობენ. იქნება ეს ლაივ-ჩართვები, პირადი ისტორიების გაზიარება, გასართობი კონტენტი თუ სხვა. ინფლუენსერები, სოციალური ქსელების გმირები, რაც უფრო ხშირად და გულწრფელად ჰყვებიან თავიანთი ცხოვრების შესახებ, მით უფრო მეტ გულშემატკივარს შემოიკრებენ. საზოგადოების სხვა წევრებს უჩნდებათ განცდა, რომ მათთან თანაცხოვრობენ და ვალდებულები არიან, რომ დაეხმარნონ, რთული პერიოდები შეუმსუბუქონ...

დახმარების კამპანიებში ემიგრანტები ყოველთვის აქტიურად არიან ხოლმე ჩართულები. ისინი მონატრებასა და ზრუნვას ამ ფორმით გამოხატავენ. რაც უფრო დიდ დისტანციაზეა ადამიანი და რაც უფრო მეტად ენატრება ქვეყანა, ოჯახი, მით უფრო უჩნდება სურვილი, რომ ამ ზრუნვა და სიყვარული ამ ფორმით გამოხატოს. ქცევას ნოსტალგია და, რა თქმა უნდა, ემპათია განაპირობებს. შესაძლოა, კონკრეტულ ადამიანში ისინი თავიანთ ძმას, შვილს, დედას, ახლობელს ხედავდნენ და უნდათ, რომ მათი ცხოვრების შეცვლაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა.

ზოგიერთმა ადამიანმა შესაძლოა, მძიმე პერიოდი გაიარა, მისთვის ის ისტორიები, როლებსაც სოციალური ქსელების გმირები ჰყვებიან, ძალიან ახლო და გასაგებია. საქველმოქმედო კამპანიებში ჩართვის მიზეზი ესეც ხდება ხოლმე.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანები ძალიან მტკივნეულ პროცესებს გადიან და მათთვის ქველმოქმედება, სხვებზე ზრუნვის გამოხატვა ხსნაა. იმ სიყვარულს, გვერდით დგომას, რაც იმ მომენტში სჭირდებათ, აზიარებენ არაცნობიერი მოტივით, რომ ეს ემოცია უკან დაუბრუნდებათ.

ამიტომ, მიზეზი, თუ რა შეიძლება განაპირობებდეს იმას, რომ ადამიანებს სრულიად უცხო ხალხის დახმარების სურვილი უჩნდებათ, საკმაოდ მრავალფეროვანია." - გვეუბნება ნინო კერესელიძე.

სოციალურ ქსელებში საქველმოქმედო კამპანიები სულ უფრო აქტუალური და მასშტაბური ხდება და გვაქვს შესაძლებლობა, ყოველდღიურად ვადევნოთ თვალი, თუ როგორ იცვლება ადამიანების ცხოვრება.