„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა - მშობლები

„როდის „მოვკლათ“ ბიზნესი?“- თიბისის ხუთშაბათის შეხვედრების კიდევ ერთი სესია გაიმართა

2025-06-04 11:08:10+04:00

თანამედროვე ბიზნესფორუმებზე, ტედ თოქებსა და პანელურ დისკუსიებზე ხშირად შეხვდებით გმირებს, რომლებიც საკუთარი წარმატებული ბიზნესის გამოცდილებას სიამოვნებით გაგიზიარებენ. თუმცა, ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც იმ მძიმე გადაწყვეტილების შესახებ ღიად ისაუბრებენ, თუ როგორ მოუწიათ საკუთარი ბიზნესის „მოკვლა“, იმ საქმის მიტოვება, რაშიც სული და გული, მსუყე ინვესტიცია და ძალისხმევა ჩადეს.

ასეთი გამბედავები განახლებული ფორმატის „ხუთშაბათის შეხვედრების“ მთავარი სპიკერები“ ელენე ზამთარაძე (ჰოსტელ „შავი პომიდვრის“ დამფუძნებელი) და გაბრიელ მელივა - ტექ ანტრეპრენერი აღმოჩდნენ.

ელენემ იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც ქუთაისის ისტორიულ უბანში, ჰოსტელის გახსნის დროს გადააწყდა. თავგადასავლების მოყვარული სოლო ტურისტებისთვის გათვლილი სოციალური სივრცის მართვა დედაქალაქიდან წარმატებული, მაგრამ არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ბიზნესი ჯერ კოვიდმა მოკლა, სამწლიანი პაუზის შემდეგ კი გადაწყვეტილება პარტნიორთან ერთად თავად მიიღო.

“იმ ინვესტიციის ამოღებას, რომელიც საქმეში ჩავდეთ, ხანგრძლივი დრო სჭირდება. უნდა გაგვეაზრებინა: გვინდოდა მოცდა და ძირითადი სამსახურის პარალელურად ამ საქმის მართვა თუ - არა. ჩვენ „მოკვლის“ გადაწყვეტილება მივიღეთ“, -“აღიარა” ელენემ.

ელენესგან განსხვავებით, ბიზნესების მოკვლის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს გაბრიელ მელივას. წარმატებული ბანკირის პირველი საქმე, ჰოთდოგები ბიზნესი აღმოჩნდა, რომელიც სადგურის მოედნისა და მეორადი ტანსაცმლის სიახლოვეს გახსნა. გახსნა და მალევე ინანა. მას შემდეგ, ბევრი სხვა ბიზნესი ააწყო და ძალიან წარმატებულიც, თუმცა ყველა გადაწყვეტილება, როდესაც „მოკვლას“ ეხებოდა, გააზრებული და ნაფიქრი იყო.

სპიკერების გულწრფელობამ აუდიტორიაში სხვასაც მოანდომა საკუთარი წარუმატებელი ისტორიის აღიარება, ამიტომ მრგვალ მაგიდას დამატებით სამი სკამი დაემატა.

ცოტნე ყალუჩავამ, რომელმაც ველოსიპედზე მოძრავი საყავე ცოტა ხნის წინ „დაამუხრუჭა“, საკუთარ მაგალითზე ახსნა ის სირთულეები, რაც ბიზნესის მართვის პროცესს ახლავს.

„ჩემს ყავის აპარატს წინა მხრიდან რომ შეხედოთ ისეთ პრიალა ზედაპირს, ლამაზ ბრენდინგს დაინახავთ, ყავის დალევის სურვილს რომ გაგიჩენთ. საკმარისია, მეორე მხრიდან მოუაროთ და დაინახავთ ალაგ-ალაგ ამომწვარ ხის დეტალებს. ასეა ბიზნესიც, გარედან მიმზიდველია, მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა უამრავი შრომა დევს.თუმცა, დროულად უნდა მიხვდე, რომ ყავა არ გადმოვიდეს და ყველაფერი არ გაფუჭდეს“-ამბობს ის.

გური სიჭინავამ, რომელმაც ახლახან საკუთარი პრინტინგ ბიზნესი „მოკლა“ ( როგორც ამბობს დროებით) პროცესის ემოციურ მხარეზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქმის შეჩერება, ხანდახან ნიშნავს იმის აღიარებას, რომ იდეას აღარ აქვს ზრდის პოტენციალი და შენს ძალასა და რესურსს უმჯობესია თუ სხვა მიმართულებას მოახმარ.

„ჩემი ლექტორისგან მუდამ მახსოვს ფრაზა, რომ ბიზნესში ორი დიდი და 4 მცირე გასასვლელია,“-აღნიშნა ტანსაცმლის ბრენდის „რუმორის“ დამფუძნებელმა მარიამ ( მაკუნა) გოგიბედაშვილმა, რომელმაც ბიზნესმოდელი სრულიად შეცვალა და უნიფორმების წარმოებაზე გადავიდა.

მიუხედავად განსხვავებული ისტორიებისა, არც ერთ სპიკერს არ უნანია საქმის წამოწყება. თითოეულმა მათგანმა ამ პროცესით ბევრი რამ ისწავლა და დიდი გამოცდილებაც მიიღო.

თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გრძელდება. ივნისის თვის სესიის თემატიკის და სპიკერების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

R