ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს იმ ინფექციებსა და დაავადებებზე, რომლებიც ზაფხულში აქტიურდება:
- ზოგადად, ვირუსები და ინფექციები ყველა სეზონზე არის და იქნება. ამიტომ, ამ მიკროსამყაროსთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ ისე, რომ ჩვენთვის რაც შეიძლება ნაკლებად დამაზიანებელი იყოს. ამისთვის აუცილებელია, სწორი ინფორმაცია გვქონდეს, ვიცოდეთ, რომელი ინფექციაა საშიში და რომელ ინფექციას როგორ უნდა ვუმკურნალოთ.
გრიპი და გრიპის მსგავსი ინფექციები უფრო მეტად ზამთრის პერიოდში გვხვდება, გაზაფხულზე სხვადასხვა შერეული ინფექციაა და გვხვდება, როგორც რესპირაციული, ასევე სხვა ტიპის ვირუსები. ზაფხული გამოირჩევა იმით, რომ რესპირაციული ინფექციები შედარებით ნაკლებია, თუმცა იმატებს იმ ვირუსებისა და ბაქტერიების რაოდენობა, რომლებიც კუჭ-ნაწლავის დაზიანებებს იწვევენ. განსაკუთრებით აქტუალური ცხელ სეზონზე, ზღვის პერიოდშია. ყოველ წელს მსგავსი დაავადებების დიდი რაოდენობა გვაქვს. თუ ჩვენი მოსახლეობა სწორად იქნება ინფორმირებული, შეგვიძლია, ეს დაავადებები თავიდან ავირიდოთ.
როგორც წესი, ალერგიულ დაავადებებს ტემპერატურული რეაქცია არ ახლავს. ან ეს ტემპერატურა შეიძლება, ერთჯერადი და დაბალი იყოს. ხოლო, ვირუსული ინფექციების დროს, რომლებიც რინიტს იწვევენ, ხველასა და სხვა რესპირაციულ ჩივილებს, როგორც წესი, ტემპერატურის მატება ახლავს. ტემპერატურის მატება კი 3 და მეტი დღის განმავლობაში გრძელდება. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ ტემპერატურით მიმდინარე დაავადება გვაქვს და ამას თან ახლავს ცემინება, ხველა, ყელის ტკივილი, უფრო მეტად ვირუსულ ინფექციაზე უნდა ვიფიქროთ. ხოლო ალერგია უნდა ვივარაუდოთ, თუ ის სეზონურია და რინიტით მიმდინარეობს. ასევე, გასათვალისწინებელი ალერგიული ანამნეზი.
კონდიციონერთან ასოცირებული ინფექციებიც არსებობს და ასევე, არის კონდიციონერით გამოწვეული გადაციება, დისკომფორტი, რაც ასევე ხშირია. ესეც დინამიკის მიხედვით უნდა განვასხვაოთ. თუ რაიმე ვირუსული ინფექცია გვაქვს, ის მზარდი ხასიათისაა და სიმპტომების მატების ტენდენცია შეინიშნება. სიცხე, თავის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი რამდენიმე დღე გრძელდება. მაგრამ, თუ კონდიციონერთან დიდხანს ყოფნის გამო გვაქვს სიმპტომები, როგორც კი მას მოვშორდებით, დაახლოებით, 12-24 საათში ეს სიმპტომები ალაგებისკენ მიდის. ამიტომ, დინამიკაზე დაკვირვება ძალიან მნიშვნელოვანია.
როდესაც კონდიციონერი ჩართული გვაქვს, ოთახები ხშირად უნდა გავანიავოთ. სისტემურმა კონდიციონერმა შეიძლება, გარკვეული დაავადებები თავად გამოიწვიოს. აუცილებელია, კონდიციონერის ფილტრები გაიწმინდოს და გამოიცვალოს.
ნაწლავურ ინფექციებს იწვევს როგორც ვირუსები, ასევე ბაქტერიები. სიმპტომები მსგავსია. ასეთ დაავადებებს, როგორც წესი, მწვავე დასაწყისი აქვს. ახასიათებს ტემპერატურის მატება, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. ეს სიმპტომები პირველი სამი დღის განმავლობაში პროგრესირებადია. 80-90% შემთხვევაში აღნიშნული ინფექციები ვირუსებით ან სხვადასხვა ტოქსინითაა გამოწვეული და რაიმე სპეციფიკური მკურნალობა არ სჭირდება. სითხისა და ელექტროლიტების ადეკვატური მიღება აუცილებელია.
მაგრამ, არის მოწყვლადი ჯგუფები, რომლებსაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. მაგალითად, ასაკოვნები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, მცირეწლოვანი ბავშვები. თუ ნაწლავური ინფექციისათვის დამახასიათებელი სიმპტომები განვითარდა, პირველ 48 საათის განმავლობაში ექიმს უნდა მივმართოთ, რადგან მათთან დეჰიდრატაცია ძალიან სწრაფად ვითარდება და შეიძლება, გართულებები გამოიწვიოს.
შესაძლოა, შემდეგი გართულებები გამოიხატოს: წნევის ვარდნა, სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის უკმარისობა. მეტიც, შეიძლება, საკმაოდ მძიმე გართულებამდეც კი მივიდეთ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ აღნიშნულმა რიკ-ჯგუფებში მყოფმა ადამიანებმა ექიმს პირველივე დღეებში მიმართონ. დანარჩენ კონტინგენტში აუცილებელი არ არის, პირველივე დღეს ექიმს მიმართონ, თუმცა არის გარკვეული ნიშნები, როდესაც აუცილებელია, სპეციალისტს მივმართოთ. თუ შარდის გამოყოფა შემცირებულია, ეს გარკვეულწილად მძიმე ნაწლავურ ინფექციაზე მიუთითებს. თუ სისხლიანი ფაღარათია, ესეც მიუთითებს, რომ საქმე შეიძლება, ბაქტერიულ გასტროენტერიტთან გვქონდეს, რომელსაც სპეციფიკური მკურნალობა სჭირდება. თვითნებურად ანტიბიოტიკების მიღება არანაირად არ არის გამართლებული. აუცილებელია, მდგომარეობა ექიმმა შეაფასოს და თუ საჭიროა, აღნიშნული მედიკამენტები მან დანიშნოს.
ზღვის სეზონზე ნაწლავური ინფექციები ძალიან ხშირია. ჰიგიენური ნორმების დაცვა გვიჭირს. ინფექციას მალფუჭებადი პროდუქტების გამოყენება და მჭიდრო და ინტენსიური კონტაქტებიც იწვევს. მოსახლეობას მივცემ რეკომენდაციას, რომ თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აქვთ, ასეთ დროს მზეზე არ გავიდნენ. მზე დეჰიდრატაციას ხელს უწყობს. ბევრი სითხე უნდა მივიღოთ, დავისვენოთ, საკვებიც ადვილად მოსანელებელი შევარჩიოთ. 3-4 დღეში სიმპტომები ალაგდება.