ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი მესამე შვილს ელოდება. ის გადაცემაში "იმუნიტეტი" საუბრობს, თუ როგორ ახერხებს მუშაობას, წარმატებული კარიერის აშენებასა და პარალელურად, დედობას:
- მრავალშვილიანობა, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ფაქტორთანაა დაკავშირებული. ფინანსურ საკითხსაც ვგულისხმობ. ვიღაცას ფიზიკურად არ შეუძლია, ვიღაცისთვის ამისთვის მენტალურად მომზადებაა რთული, ვიღაცას მშობიარობა აშინებს... ვიტყოდი, რომ ყველაფერი მარტივად გამომდის. ორსულობა სამსახურში ხელს არ მიშლის, არც ფრენაში, არც დატვირთვასა და ღამის გათენებაში. პირველი ტრიმესტრი ჩემთვისაც რთულია, მაგრამ ადამიანები მეხმარებიან. სახლში არსებული კარგი გარემო მოქმედებს. ყველაფერს პოზიტივით ვუდგებით და ვერ ვიტყვი, რომ როდესაც ორსულად ვარ, რაღაცას მოწყვეტილი ვარ ან რაღაცას ვიკლებ. შეიძლება, 8-საათიანი ფრენა არ დავგეგმო და შორეულ ქვეყანაში არ გავფრინდე, მაგრამ დანარჩენს ყველაფერს ვაკეთებ. ამ ორსულობის დროს ჩავაბარე გამოცდები, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
შვილების სიყვარული გვამოძრავებს. ანასტასია რომ გავაჩინე, 21 წლის ვიყავი. დებივით ვართ. შვილებს შორის 15-წელია სხვაობა. პატარა ბავშვებზე ზრუნვა სულ უფრო ტკბილი ხდება. ანასტასიაზე გამძაფრებული შფოთვა და ყურადღება მქონდა. მეორე შვილზე ეს შიში განელდა. მგონი, მესამეზე კიდევ უფრო განელებული იქნება, მაგრამ, პირველ რიგში, ეს დათოს დამსახურებაა. დათოს ბავშვის წაქცევაზე ყოველთვის ასეთი რეაქცია აქვს: "არა უშავს, თავად ადგეს." ეზოში რომ ვართ, უფრო თამამად ვართ, რომ წაიქცევა, თავად ადგება, ნაკლებად წუხდება და შველასაც ნაკლებად ითხოვს.
ანასტასია, ქეთი ხატიაშვილის შვილი: - სულ ვამბობდი, რომ და-ძმა მინდოდა. რაც ილია გაჩნდა, ჩემსა და მას შორის ისეთი ურთიერთობა ჩამოყალიბდა, უფრო და უფრო ვახლოვდებით და გვიყვარდება ერთმანეთი. საღამოობით ტრადიცია გვაქვს, ილია დაჯდება, მეც გვერდით უნდა მივუჯდე, თან ვართობ, თან ვაჭმევ და შემდეგ სახლში ვერთობით.