ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ მისი შვილი ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერია. თუმცა, როუზ და დევიდ ჰარის-ბერტილებმა ამაში მთელი მსოფლიო დაარწმუნეს. მათი ორი წლის შვილი, ჯოზეფი, უკვე საერთაშორისო ინტელექტუალთა კლუბის — Mensa-ს — წევრი გახდა.
Mensa-ში გაწევრიანება მხოლოდ ყველაზე მაღალი IQ-ს მქონე ადამიანებს შეუძლიათ. ზღვარი — მინიმუმ 132 ქულაა. ჯოზეფმა ეს ბარიერი 2 წლისა და 6 თვის ასაკში მარტივად გადალახა.
როგორც მშობლები, მეცნიერები როუზი და დევიდი ჰყვებიან, ჯოზეფი დაბადების დღიდანვე ასაკისთვის არადამახასიათებელი სისწრაფით ვითარდებოდა. მან თავი პირველად 5 კვირისამ მოაბრუნა, 7 თვის ასაკში დაიწყო საუბარი, ხოლო 1 წლისა და 9 თვისამ თავისი პირველი წიგნი ხმამაღლა, სრულად, ყდიდან ყდამდე წაიკითხა.
2 წლისა და 3 თვის ასაკში ჯოზეფი თავისუფლად კითხულობდა და უპრობლემოდ ითვლიდა ასამდე — წინ და უკან, შეეძლო ეს ყველაფერი 5 ენაზე გაეკეთებინა.
თავისუფალ დროს ჯოზეფი სწავლობს ბერძნულ ანბანს, ინტერესდება მენდელეევის პერიოდული სისტემით, ითვისებს მორზეს ანბანს და ხსნის მათემატიკურ ამოცანებს. მას ასევე უყვარს ფორტეპიანოზე დაკვრა, ქაღალდის თვითმფრინავების გაშვება, მშობლებისთვის სამზარეულოში დახმარება და უცხო ენების შესწავლა.
„ის დაუჯერებლად ცნობისმოყვარეა, უყვარს სირთულეები და ნამდვილ სიამოვნებას იღებს გამოწვევებით. უბრალოდ ჭკვიანი კი არა — მიზანდასახული, კეთილშობილი და, რაც მთავარია, იუმორის გრძნობაც აქვს“, — ამბობს ჯოზეფის დედა, როუზი.
როდესაც მშობლებმა შენიშნეს, რომ მათი შვილი კითხულობდა იმ ასაკში, როცა ბევრი ბავშვი ლაპარაკსაც არ იწყებს, გადაწყვიტეს, Mensa-სთვის მიემართათ — რათა ჯოზეფს იმ თანატოლებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონოდა, რომელთაც მსგავსი ინტერესები აქვთ.
დღეს ჯოზეფი დადის ბაღში და იღებს ინდივიდუალურ მუსიკალურ განათლებას მასწავლებელთან, რომელიც მის უნარებს ავითარებს. Mensa-ს მეშვეობით უკვე შეიძინა მეგობრები, რომლებსაც ასევე უყვართ რთული ამოცანების ამოხსნა და ახალი ცოდნის მიღება.
თუმცა ჯოზეფი მხოლოდ „მოსიარულე ენციკლოპედია“ როდია — ის ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვია, რომელიც სწრაფად პოულობს საერთო ენას თანატოლებთან და გულწრფელად უზიარებს მათ თავის სათამაშოებს.
„გავრცელებული მითია, თითქოს ნიჭიერ ბავშვებს ყველაფერი მარტივად გამოსდით. სინამდვილეში, მათ, ისევე როგორც ყველას, მხარდაჭერა და სწორი საგანმანათლებლო გარემო სჭირდებათ. სხვა შემთხვევაში, მათი ნიჭი შეიძლება უბრალოდ ჩაქრეს“, — ამბობს როუზ ჰარის-ბერტილი.
სხვათა შორის, ჯოზეფმა ახალი რეკორდი დაამყარა — ის გახდა ყველაზე პატარა ასაკში Mensa-ში მიღებული ბავშვი. მან წინა რეკორდი, რომელიც ამერიკელ გოგონას, აილა მაკნაბს ეკუთვნოდა (2 წელი და 195 დღე), მცირე სხვაობით გადალახა.
MENSA საერთაშორისო კლუბია, რომელიც მაღალ ინტელექტის მქონე ადამიანებს აერთიანებს. წევრობისთვის საჭიროა სპეციალური IQ ტესტის ჩაბარება, რომელიც აკრედიტებულია MENSA-ს მიერ. ხშირად იყენებენ Raven-ის პროგრესული მატრიცების ტესტს ან მსგავს ლოგიკური აზროვნების ტესტებს. საქართველოში MENSA-ს ოფიციალური ფილიალი ჯერ არ ფუნქციონირებს, თუმცა ქართველებს შეუძლიათ ტესტის ჩაბარება იმ ქვეყნებში, სადაც ტესტირება ტარდება.