"ჩემი მშობლები სანამ ცოცხლები იყვნენ, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ. ჩემი საფეხბურთო კარიერის პერიოდი თავგანწირვაში, რწმენასა და ლოცვაში გაატარეს" - გიორგი ლორიას ემოციური სიტყვა გარდაცვლილ მშობლებს - მშობლები

"ჩემი მშობლები სანამ ცოცხლები იყვნენ, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ. ჩემი საფეხბურთო კარიერის პერიოდი თავგანწირვაში, რწმენასა და ლოცვაში გაატარეს" - გიორგი ლორიას ემოციური სიტყვა გარდაცვლილ მშობლებს

2025-06-05 11:51:04+04:00

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი ლორია, ნაკრებში კარიერას ამთავრებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა გუშინ, ბოლო სანაკრებო მატჩის წინ განაცხადა. მან თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, ახლობლებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებით კი მშობლები აღნიშნა:

- ყველაზე განსაკუთრებული მადლობა მინდა, ჩემს მშობლებს გადავუხადო, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, ჩემთან ერთად აღარ არიან. სამაგიეროდ, სანამ ცოცხლები იყვნენ, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ. ჩემი საფეხბურთო კარიერის პერიოდი თავგანწირვაში, რწმენასა და ლოცვაში გაატარეს. ისინი ყოველთვის ჩემს გულში იქნებიან ნებისმიერ თამაშში, ნებისმიერ სეივსა და სიჩუმეშიც კი.

ჩემთვის, საქართველოს ნაკრებს მაისური უბრალოდ ფორმა არასდროს ყოფილა. ეს ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი, ოცნება და ჩემი ბავშვობის პასუხი იყო. მადლობა, საქართველოს. მე ეროვნულ ნაკრებში საფეხბურთო კარიერას ვამთავრებ, სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება, ქართული ფეხბურთის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა. მე კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთისთვის, რადგან მინდა, რომ ჩემი ცოდნა მომავალ თაობებს გავუზიარო. ყოველთვის ქართული ფეხბურთის გვერდით ვიდგები. კიდევ ერთხელ, მადლობა, საქართველოს.

გიორგი ლორიამრამდენიმე წლის წინ გადაცემაში "ნოესთან" საკუთარი ბავშვობის შესახებ ემოციურად ისაუბრა და თქვა, რომ გაჭირვების გამო, იმ პერიოდის გახსენება არ უყვარს:

- დიღმის მასივში ვიზრდებოდი. არაფრით არ განვსხვავდებოდი სხვა ბავშვებისგან. გაჭირვებული ოჯახიდან ვიყავი. ჩემი ბავშვობა არ მიყვარს. საერთოდ არ მიყვარს... არ მახსენდება კარგად და იმიტომ. ერთადერთი კარგი მაშინ ის იყო, რომ მამაჩემი იყო ცოცხალი. ბავშვობიდან მეტი კარგი არაფერი მახსოვს. ძირითადად, გაჭირვება იყო. რომ ვხედავდი, როგორ უჭირდა ჩემს ოჯახს, როგორ მტოვებდნენ სხვაგან... ერთხელ დასავლეთში დამტოვეს დედაჩემის დასთან, ჩემი და სხვაგან იყო, მაგრამ მაინც კავშირზე ვიყავით. ბოლოს დედაჩემმა და მამაჩემმა ისე ქნეს, რომ ყველაფერი დაალაგეს. მაგრამ, ცალკე, დაახლოებით, ნახევარი წელი ვიყავი. მაგრად განვიცდიდი. წარმოიდგინე, ზუსტად არ იცი, სად არის შენი დედა და მამა. ერთხელ თუ ორჯერ ჩამოვიდნენ... თან პატარა რომ ხარ, ეს უფრო მძიმეა.