ჩოგბურთი, ლაშქრობები, ბანაკები... - თბილისის მერია ახალგაზრდებს საზაფხულო უფასო პროგრამებს სთავაზობს - მშობლები

ჩოგბურთი, ლაშქრობები, ბანაკები... - თბილისის მერია ახალგაზრდებს საზაფხულო უფასო პროგრამებს სთავაზობს

2025-06-06 09:56:52+04:00

თბილისის მერია ახალგაზრდებისათვის ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, საზაფხულო პროგრამების განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა პროექტში 6 ათასამდე ახალგაზრდას ჩაერთვება.

ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ისეთ სპორტულ აქტივობებში, როგორებიცაა: ჩოგბურთი, პადელი, ბოულინგი, ჯომარდობა, აგრეთვე ლაშქრობებში თბილისის გარშემო და საქართველოს დაცულ ტერიტორიებში.

"პროგრამაში შარშან 5 000-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. წელს გვაქვს შესაძლებლობა, გავზარდოთ რაოდენობა. მნიშვნელოვანია, რომ ტრადიციულ აქტივობებთან ერთად, განხორციელდება 20-მდე თემატური ახალგაზრდული ბანაკი, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის, რობოტიკის, კინო და თეატრალური ხელოვნების, ინგლისური ენის, ინტელექტუალური საკუთრების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სხვა მიმართულებების. ადგილობრივი ბანაკების გარდა, იგეგმება საერთაშორისო ბანაკები ფრანგი და შვედი ახალგაზრდების ჩართულობით", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება.

"პროგრამის ფარგლებში, მონაწილეთათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება და კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურება. 2025 წლის საზაფხულო ახალგაზრდულ პროგრამები დაიწყება 15 ივნისიდან და გაგრძელდება სექტემბრამდე. პროგრამებზე რეგისტრაცია ვებგვერდზე: www.youthtbilisi.ge ეტაპობრივად განხორციელდება", - აღნიშნა კახა კალაძემ.

პროგრამებით სარგებლობა შეეძლებათ დედაქალაქში მცხოვრებ 18-29 წლის ახალგაზრდებს.

დამატებითი ინფორმაცია კი შეგიძლიათ, თბილისის მერიის ცხელ ხაზზე გადაამოწმოთ: 032 272 22 22