სმენა ადამიანის უნარია, აღიქვას და დაამუშაოს ბგერები. ბგერების ანუ ხმოვანი სიგნალების აღქმა და ინტერპრეტაცია გადამწყვეტია კომუნიკაციის, გარემოსთან ურთიერთობისა და უსაფრთხოებისათვის. ეს პროცესი კი ხორციელდება ყურის მეშვეობით, რომელიც შედგება სამი ძირითადი ნაწილისაგან: გარეთა ყური, შუა ყური და შიგნითა ყური.
გარეთა ყურის ნიჟარა ბგერით ტალღებს იჭერს და მათ ყურის არხისკენ მიმართავს. გარეთა სასმენი არხში ბგერითი ტალღები გადის და შუა ყურში აღწევს.
შუა ყური წარმოადგენს ბგერების გადამყვან სისტემას გარეთა და შიდა ყურს შორის. მისი მთავარი ამოცანა ბგერითი ტალღების მექანიკური ვიბრაციების სახით გადაცემა და გაძლიერებაა. შუა ყურის ევსტაქის მილი საშუალებას აძლევს წნევას გათანაბრდეს გარეთა და შიდა გარემოს შორის, რაც ხელს უშლის დაფის აპკი გადაჭიმვას ან გასკდომას. მასში შემავალი სასმენი ძვლები და ბარაბნის გარსი რეაგირებენ ძალიან ძლიერ ხმებზე, რაც ნაწილობრივ იცავს შიდა ყურს დაზიანებისგან.
შიდა ყურის მთავარი ნაწილი სითხით სავსე, სპირალურად დახვეული სტრუქტურაა. მასში არსებული უჯრედები გადააქცევენ მექანიკურ ვიბრაციებს ელექტრულ იმპულსებად, რომლებიც ტვინს სმენის ნერვის გავლით გადაეცემა.
სმენის სისტემის დაზიანება მრავალმხრივი შეიძლება იყოს. პრობლემის გამოსავლენად კი ოქროს სტანდარტი აუდიომეტრიაა. სმენის გამოკვლევის დროს ვადგენთ დაზიანების ლოკაციასაც. სმენის დარღვევების, დიაგნოსტირების და პრევენციის შესახებ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოტორინოლარინგოლოგი ინგა გოგია გვესაუბრება.
როგორ ხდება სმენის დაქვეითება და რა იწვევს მას?
ზოგადად, სმენის დაქვეითების დროს ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ სმენის დაზიანების ტიპი, ხარისხი და ლოკალიზაცია.
სმენის დაქვეითების ტიპებია კონდუქტიური და სენსონევრალური. კონდუქტიური ტიპის დაქვეითება შუა ყურის ან მასში ბგერის გამტარობის პრობლემას გულისხმობს. სენსონევრალური დაზიანების დროს შიდა ყური ან სმენის ნერვი ზიანდება. ეს გახლავთ ბგერის მიმღები აპარატის დაზიანება. შეიძლება ერთდროულად ორივე ტიპის დაზიანება გვქონდეს.
სმენის დაქვეითების ხარისხს აუდიომეტრიით ვამოწმებთ. ის ოქროს სტანდარტადაა მიჩნეული და სმენის სიმახვილეს ადგენს. იმის მიხედვით, თუ რამდენ დეციბელზე ესმის პაციენტს, ვადგენთ დაქვეითება მსუბუქია, საშუალო, მძიმე თუ ძალიან მძიმე. შედეგის მიხედვით განისაზღვრება, სჭირდება თუ არა პაციენტს სმენის აპარატი.
სმენის დაქვეითების კვლევის დროს ვადგენთ ლოკალიზაციასაც. აუდიომეტრია ამ პროცესშიც გვეხმარება. არის შემთხვევები, როდესაც აუდიომეტრიის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პრობლემა არის არა ყურში, არამედ - თავის ტვინში. ამ დროს პაციენტს MRT კვლევაზე ვგზავნით, რომელიც ისეთი სერიოზული პათოლოგიების დროულად დადგენის საშუალება გვაძლევს, როგორიც სიმსივნე ან სისხლჩაქცევაა.
როდის არის საჭირო აუდიომეტრიის ჩატარება?
პაციენტმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს აუდიომეტრია, როდესაც სმენის დაქვეითება, ყურების დაგუბება ან ხმაური აღენიშნება.
გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადამიანი სრულად ვერ აღიქვამს, თუ რამდენად დაქვეითებული აქვს სმენა. ამ დროს მნიშვნელოვანია ექიმის ჩართულობა და ანამნეზის დეტალურად გამოკვლევა. აუცილებლად უნდა გამოვკითხოთ, უჭირს თუ არა კომუნიკაცია, ადამიანების საუბარს მარტივად იგებს თუ არა, ჰქონია თუ არა შემთხვევები, როდესაც ბგერები ესმის, მაგრამ ვერ არჩევს მათ.
მნიშვნელოვანია, რომ ყურის დაავადებების დროა, როგორიცაა ანთება, ინფექცია ან გამონადენი, ჩატარდეს აუდიომეტრია.
გარდა უშუალოდ სმენის პრობლემებისა, არსებობს სხვა შემთხვევებიც, როდესაც აუდიომეტრიის ჩატარება მნიშვნელოვანია.
რას გულისხმობთ სხვა შემთხვევებში, კიდევ როდის უნდა ჩატარდეს აუდიომეტრია?
თავის ტრავმის დროს აუცილებელია აუდიომეტრიით სმენის შემოწმება. ამ დროს შეიძლება გამოვავლინოთ როგორც შუა ყურის, ისე სმენის ნერვის დაზიანება.
ასევე, აუდიომეტრია ტარდება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სპეციფიკური მკურნალობა უტარდება. ეს ეხება ქიმიოთერაპიის დროს საჭირო კონკრეტულ მედიკამენტებს, რომლებიც ოტოტოქსიურია.
რა ტიპის პროცედურაა აუდიომეტრია? როგორ მიმდინარეობს პროცესი?
ზოგადად, აუდიომეტრია არსებობს 2 ტიპის: სუბიექტური და ობიექტური. ობიექტური აუდიომეტრია ბავშვებში ტარდება და ამ დროს პაციენტის მიერ სმენის სიმახვილის შეფასება არ ხდება. დასკვნა აპარატის საშუალებით კეთდება.
ხოლო კვლევა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არის სუბიექტური აუდიომეტრია და ის 6 წლის ასაკიდან ტარდება. სუბიექტური აუდიომეტრიის შემთხვევაში ჩვენ დამოკიდებული ვართ პაციენტის პასუხზე და დიაგნოზი მისი შეფასების მიხედვით კეთდება. სწორედ ამიტომ ეწოდება კვლევას სუბიექტური.
აუდიომეტრი აღჭურვილია 2 ტიპის ტელეფონით. ესენია ჰაეროვანი და ძვლოვანი. ჰაეროვანი ტელეფონით შუა ყურში ჰაეროვან გამტარობას ვადგენთ, ძვლოვანით კი - ძვლოვან გამტარობას. კვლევა ბგერაგაუმტარ ოთახში ტარდება, სადაც პაციენტს ბგერებს ვასმენინებთ და ვარკვევთ, რამდენ დეციბელზე ესმის ესა თუ ის ბგერა.
ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი მაქსიმალურად კონცენტრირებული, ექიმი კი - პროცესში ჩართული იყოს. ყველა სპეციალისტს კვლევის თავისი მეთოდი აქვს. სხვადასხვა პრინციპით რამდენჯერმე ვასმენინებთ ერთსა და იმავე ბგერას, რომ პასუხის სისწორეში დავრწმუნდეთ.
რამდენი ხანი გრძელდება კვლევა?
აუდიომეტრია 15-30 წთ გრძელდება. ბავშვებსა და ხანდაზმულ პაციენტებთან შედარებით მეტი დროა საჭირო, რომ მათ მაქსიმალურ კონცენტრაციას და ჩართულობას მივაღწიოთ.
კვლევა შეიძლება მეტ-ნაკლებად გაიწელოს ისეთ პაციენტთან, რომლებსაც ყურში ხმაური აქვს. ამ დროს მას სჭირდება მაქსიმალური გაორმაგებული ყურადღება, რომ გაარჩიოს, რომელია აპარატის და რომელი მის ყურში არსებული ხმაური.
სჭირდება თუ არა პაციენტს აუდიომეტრიისთვის მომზადება?
კვლევას მომზადება არ სჭირდება. ერთადერთი წინაპირობაა, რომ აუდიომეტრიის ჩატარებამდე, ის აუცილებლად უნდა ნახოს ოტო-რინო-ლარინგოლოგმა და ყურში საცობის არსებობა გამოირიცხოს. თუ პაციენტს საცობი აქვს, ჯერ მისი ამოღება უნდა მოხდეს და შემდეგ ჩატარდეს კვლევა.
საჭიროა თუ არა სმენის სკრინინგი და ვისთვის?
სმენის რეგულარული კვლევა აუდიომეტრიის საშუალებით აუცილებელია მათთვის, ვისაც ყოველდღიური საქმიანობა ხმაურიან გარემოში უწევს. ასეთი ადამიანები მუდმივად აკუსტიკური სტრესის ქვეშ არიან. ხმაურიან გარემოდ ითვლება როგორც საწარმოები, ისე მუსიკალური სტუდიები.
სასურველია, რომ 40+ ადამიანებმა 3 წელში ერთხელ, 50+ კი - წელიწადში ერთხელ ჩაიტარონ აუდიომეტრია და შემოწმდეს, დაწყებულია თუ არა სმენის დაქვეითება.
აუდიომეტრიის ჩატარების დროს მნიშვნელობა აქვს თუ არა აპარატს? „ნიუ ჰოსპიტალსში“ რომელი აპარატით ტარდება კვლევა?
ზოგადად, აუდიომეტრიაზე ბგერის 125 ჰერციდან 8 000 ჰერცამდე შემოწმება ხდება. მოწმდება თითოეულ სიხშირეზე რამდენ დეციბელზე ესმის პაციენტს. „ნიუ ჰოსპიტალში“ კი გვაქვს აპარატი, რომელიც სმენას 12 500 ჰერცამდე სიხშირეზე ამოწმებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან შეიძლება ადამიანს სმენა ზღურბლოვან ნორმაზე ჰქონდეს და 8 000 ჰერცზე დარღვევა არ გამოჩნდეს. ჩვენს აპარატზე კი თუ ვნახავთ, რომ უფრო მაღალ ჰერცზე აღარ ესმის, მივხვდებით, რომ სმენის ნერვის დაზიანება დაწყებულია. ამ დროს პაციენტი უფრო ყურადღებით გაითვალისწინებს რეკომენდაციებს და სმენას მეტად გაუფრთხილდება.
შესაძლებელია თუ არა სმენის დაქვეითების თავიდან აცილება? როგორ უნდა გაუფრთხილდეს ადამიანი სმენას?
არის შემთხვევები, როდესაც სმენის დაქვეითების თავიდან აცილება ან განკურნება შესაძლებელია. რიგ შემთხვევებში სმენის ნერვის აღდგენა ვერ ხერხდება. უფრო ხშირად კი ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით სმენის შენარჩუნებაა შესაძლებელი.
სმენის დაქვეითებას განსაკუთრებულად უწყობს ხელს ყურსასმენების ხშირი და არასწორი გამოყენება. ყურსასმენებში მაღალი ბგერების მოსმენა პირდაპირ მოქმედებს სმენის ნერვზე და აზიანებს მას. თუ ადამიანს ყურსასმენების გამოყენება მაინც უწევს, მაშინ გარეგანი გამოყენების ყურსასმენი უმჯობესია. ის სმენის ნერვს ნაკლებად აზიანებს. ასევე, მნიშვნელოვანია, ყურსასმენებში არ გადავაჭარბოთ დეციბელების დასაშვებ ნორმას. 45-55 დეციბელით მოსმენა დასაშვებია. 85 დეციბელის ზემოთ კი უკვე ნერვის დაზიანება ხდება.
სმენაზე დიდ გავლენას ახდენს უეცარი, დიდი ხმაური. მაგალითად, ადამიანები ვისაც ნადირობა უყვარს ან ჯარში სასწავლო სროლებზეა, აუცილებლად უნდა გამოიყენონ ყურის დამცავები.
სმენის დაქვეითების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ვირუსით გამოწვეული ყურის ანთების დროს დროულად მივმართოთ ექიმს, რაღა გამოვრიცხოთ სმენის ნერვის დაზიანება.
ნერვის დაზიანების აღდგენა ძალიან რთული პროცესია. თუმცა მე პირადად მყავდა რამდენიმე პაციენტი, რომელსაც კოვიდით გამოწვეული ნერვის დაზიანება ჰქონდა და ჰორმონოთერაპიის შედეგად სმენა აღუდგა.
R