"რეკომენდებულია არტერიული წნევის გაზომვა 3-ჯერ. ტერფები უნდა ეხებოდეს იატაკს, ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული..." - როგორ უნდა გაიზომოთ წნევა ისე, რომ უზუსტობა თავიდან აირიდოთ - მშობლები

"რეკომენდებულია არტერიული წნევის გაზომვა 3-ჯერ. ტერფები უნდა ეხებოდეს იატაკს, ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული..." - როგორ უნდა გაიზომოთ წნევა ისე, რომ უზუსტობა თავიდან აირიდოთ

2025-06-10 08:45:06+04:00

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არტერიული წნევის სწორად გაზომვასთან დაკავშირებით სასარგებლო რეკომენდაციებს აქვეყნებს, რომელთა გათვალისწინება უზუსტობას თავიდან აგარიდებთ:

არტერიული წნევა სისხლის დინების შედეგად წარმოიქმნება არტერიების კედლებზე.

იგი ორი მაჩვენებლისგან შედგება: სისტოლური (მაღალი მაჩვენებელი) წნევა – წნევა, რომელსაც გულის მარცხენა პარკუჭი ავითარებს სისხლის ნაკადის გამოტყორცნისას და დიასტოლური (დაბალი მაჩვენებელი) წნევა – წნევა, რომელიც ვითარდება გულის შეკუმშვათა შორის პერიოდში.

არტერიული წნევა მომატებულია, როდესაც სისტოლური წნევა ≥140 მმ. ვწყ. სვ. (ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრი) და დიასტოლური წნევა ≥ 90 მმ. ვწყ.

წნევის გაზომვამდე:

  • 30 წთ ადრე მოერიდეთ თამბაქოს, საკვებისა და კოფეინის შემცველი სასმელის მიღებას, ფიზიკურ დატვირთვას.
  • შეარჩიეთ მშვიდი ოთახი, ოთახში უნდა იყოს ჰაერის ნორმალური ტემპერატურა.
  • რეკომენდებულია შარდის ბუშტი იყოს დაცლილი.
  • წნევის გაზომვამდე 5 წუთის განმავლობაში იყავით მშვიდ მდგომარეობაში

სხეულის პოზიცია:

  • ჯდომისას ზურგით მტკიცედ მიეყრდენით სკამის საზურგეს. მხარი უნდა იყოს გულის დონეზე, მოსვენებით მდგომარეობაში ტერფები უნდა ეხებოდეს იატაკს, ფეხები არ უნდა იყოს გადაჯვარედინებული გაზომვის პროცესში არ ისაუბროთ.
  • მოირგეთ მანჟეტი, შეარჩიეთ ზუსტი, გამართული აპარატი და მხრის ზომის შესაბამისი მანჟეტი.
  • მანჟეტი მჭიდროდ უნდა გეკეთოთ მკლავზე ისე, რომ მენჟეტის აპარატთან შემაერთებელი მილი მოთავსდეს მხრის არტერიის საპროექციო არეზე (იდაყვის ფოსოსთან).
  • ჩართეთ აპარატი და დაიწყეთ არტერიული წნევის გაზომვა.
  • თუ წნევას პირველად იზომავთ, გაიზომეთ ორივე მხარზე. თუ მხრებს შორის განსხვავება აღემატება 10 მმ (ვერცხლისწყლის სვეტის მილიმეტრს) შემდგომში გაიზომეთ იმ მხარზე, რომელზეც წნევა იყო უფრო მაღალი.რეკომენდებულია არტერიული წნევის გაზომვა 3-ჯერ. ინტერვალი გაზომვებს შორის 3-5 წთ. ბოლო ორი გაზომვის საშუალო მაჩვენებელი არის თქვენი არტერიული წნევის სწორი ციფრები.