თუ ავტობუსსა და მიკროავტობუსში კონდიციონერი არ მუშაობს ან მძღოლი ჩართვაზე უარს ამბობს - რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს, რომ პრობლემა მოაგვაროთ - მშობლები

თუ ავტობუსსა და მიკროავტობუსში კონდიციონერი არ მუშაობს ან მძღოლი ჩართვაზე უარს ამბობს - რა უნდა გააკეთოთ ასეთ დროს, რომ პრობლემა მოაგვაროთ

2025-06-10 11:11:18+04:00

ზაფხულის დადგომასთან ერთად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გაგრილების სისტემის პრობლემის შესახებ არაერთი მგზავრი საუბრობს. მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ გაგრილების სისტემა დაზიანებულია ან მძღოლი მას თვითნებურად არ რთავს.

როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ დროს ან რამდენად ხშირია ეს პრობლემა, თემაზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და თბილისის მიკროავტობუსებს დავუკავშირდით:

"მუნიციპალურ ავტობუსებში გაგრილების სისტემა ყველგანაა ჩართული. თუ ხაზზე გასვლის, უშუალოდ მოძრაობის დროს ავტობუსს რაიმე დაუზიანდა, მათ შორის, გაგრილების სისტემა, ასეთი ავტობუსი ხაზიდან იხსნება და სათადარიგო ავტობუსი გამოგვყავს. თუ ყველაფერი გამართულია და გაგრილების სისტემას მძღოლი არ რთავს, ასეთ შემთხვევაში, მგზავრს აქვს უფლება, მძღოლს გაგრილების სისტემის ჩართვა მოსთხოვოს. ასევე, შეუძლია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფეისბუკის პირად შეტყობინებაში მოგვწეროს ან ცხელ ხაზზე დარეკოს და შესაბამის ზომებს ოპერატიულად მივიღებთ. არის შემთხვევები, როდესაც მგზავრები დილის საათებში თავად ამბობენ უარს, რომ მძღოლმა გაგრილების სისტემა ჩართოს. თუმცა, რომ გითხრათ, რომ გაგრილების სისტემის მასიური პრობლემაა, ასე არ არის. ცალკეულ შემთხვევებში ხარვეზი თუ ფიქსირდება, მალევე ვასწორებთ. ყოველ დილით ხაზზე ყველანაირად შემოწმებული და ტექნიკურად გამართული ავტობუსი გამოდის. დაზიანებული გაგრილების სისტემით ავტობუსი დილით მოძრაობას არ იწყებს. შესაძლოა, მგზავრთა მომსახურების დროს დაზიანდეს და როგორც გითხარით, ასეთ შემთხვევაში, მას სხვა ავტობუსით ჩავანაცვლებთ." - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცხელი ხაზია: 032 293 44 44

თბილისის მიკროავტობუსებშიც გვითხრეს, რომ თუ ტრანსპორტში გაგრილების სისტემა დაზიანებულია, მის ნაცვლად ხაზზე სხვა მიკროავტობუსი გაჰყავთ და დაზიანებულს აკეთებენ:

"გაუმართავი მიკროავტობუსი ხაზზე არ გამოდის. თუ მიკროავტობუსს ხაზზე ყოფნის დროს კონდიციონერი დაუზიანდა, ასეთ შემთხვევაშიც, მძღოლი ვალდებულია, ბოლო მგზავრი დანიშნულების ადგილზე მიიყვანოს და შემდეგ, მიკროავტობუსი შესაკეთებლად წაიყვანოს. მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემა ჩართულია. თუმცა, ეს ხშირად მგზავრებს შორის შელაპარაკების მიზეზიც ხდება. ზოგს უნდა, რომ ჩართული იყოს. ზოგი, პირიქით, გაგრილების სისტემით წუხდება. თუ მიკროავტობუსი დაზიანდა, ჩანაცვლებისთვის საკმარისი რაოდენობის ტრანსპორტია. გარდა ამისა, თუ მძღოლი გაგრილების სისტემას არ რთავს, ან ხაზზე მუშაობს ისე, რომ კონდიციონერი დაზიანებულია, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, კომპანიის ცხელ ხაზს დაუკავშირდეს. დაუყოვნებლივ რეაგირებას ვახდენთ. ამ რეაგირებას, თავის მხრივ, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ამოწმებს. მომხმარებლის არც ერთი პრეტენზია შესწავლისა და მოგვარების გარეშე არ რჩება." - განაცხადეს თბილისის მიკროავტობუსებში.

თბილისის მიკროავტობუსების ცხელი ხაზია: 032 2200340

თამარ იაკობაშვილი