"მშობლებს მინდა, იაკობ გოგებაშვილის "საგანძური" ვურჩიო..."- ქართულის მასწავლებელი გვირჩევს, რა წავაკითხოთ ბავშვებს ზაფხულის არდადეგებზე - მშობლები

"მშობლებს მინდა, იაკობ გოგებაშვილის "საგანძური" ვურჩიო..."- ქართულის მასწავლებელი გვირჩევს, რა წავაკითხოთ ბავშვებს ზაფხულის არდადეგებზე

2025-06-11 09:40:15+04:00

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ლელა კოტორაშვილი, გადაცემაში "ახალი დღე" ზაფხულის არდადეგებისათვის ბავშვებსა და მათ მშობლებს საკუთარი გამოცდილებით რამდენიმე საინტერესო წიგნის წაკითხვას ურჩევს:

- მე-6 კლასელებთან ერთად წიგნის "კაფკა და მოგზაური თოჯინა" წაკითხვა დავიწყე. თითოეული წიგნი რაღაც იდეას გვკარნახობს. ამ წიგნმა გვიბიძგა, რომ ჩვენზე განაწყენებული ადამიანებისათვის ან ჩვენ ვინც გავანაწყენეთ პირადი წერილები მიგვეწერა. ბავშვებს სულ ვთხოვ, რომ წიგნებზე მინაწერი გააკეთონ. ყდაზე დღის ჩანაწერი დავწეროთ. ეს ჩვენს ცხოვრებას ინახავს.

8-9 წლის ბავშვებთან ერთად ენიდ ბლაიტონის "ხუთეული განძის კუნძულზე" კითხვა დავიწყე. სათავგადასავლო წიგნია და ძალიან მოეწონათ.

ჩემს 12 წლის შვილთან ერთად 1 წელია, "ოლივერ ტვისტს" ვკითხულობ. ეს დაუვიწყარი თავგადასავალია. ზუსტად ივნისში დავიწყეთ, მაგრამ ჯერ ბოლოში ვერ გავედით. ერთმანეთს ხმამაღლა ვუკითხავთ. გუშინაც ძალიან რთული დღე მქონდა. ღამის 1-ის ნახევარი იყო. ჩემმა შვილმა მკითხა, "ოლივერ ტვისტი" ხომ არ წაგიკითხოო. მასაც ეძინებოდა და მეც... დროს ხშირად ვერ ვპოულობთ, მაგრამ ძალიან ვმხიარულობთ. ჩარლზ დიკენსმა ოლივერი სად არ ატარა, თხრობას წელავს... შვილი რომ გიკითხავს და შენ რომ უკითხავს მას, ამას რა სჯობს?! დაუვიწყარი პროცესია.

გოდერძი ჩოხელის "წითელი მგელი" - მინდა, მე-10 კლასელებს ვურჩიო, რადგან გოდერძი ჩოხელი არის ის მწერალი, რომელიც მოზარდობის ასაკში უნდა წაიკითხო. მგონია, ამ დროს წაკითხული მისი შემოქმედება, მოთხრობები, რომანები, "წითელი მგელი", "ადამიანთა სევდა", "მღვდლის ცოდვა" სულ სხვანაირ კვალს დატოვებს ადამიანზე. არქეტიპული აზროვნება, ქართველი ხალხის მითოსი, რასაც აცოცხლებს გოდერძი ჩოხელი, მოზარდისთვის არაჩვეულებრივი საკვები იქნება.

შიო მღვიმელის ლექსები - ჩემს ერთი წლის შვილს ვუკითხავ. პოეზია ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შიო მღვიმელი ერთ-ერთი უდიდესი ჰუმანისტი პოეტია და მინდა, მშობლებს ვურჩიო.

მშობლებს მინდა, ასევე იაკობ გოგებაშვილის "საგანძური" ვურჩიო. იაკობ გოგებაშვილს ისეთი საყვარელი ენა აქვს, რომლის შესახებაც ბავშვს ყურადღება უნდა გავამახვილებინოთ და ისინი ნელ-ნელა ამ პროცესით აუცილებლად დაინტერესდება.