დილის ერთი ჩვევა, რომელიც ბავშვს მთელი დღით ბედნიერად აგრძნობინებს თავს - მშობლები

დილის ერთი ჩვევა, რომელიც ბავშვს მთელი დღით ბედნიერების შეგრძნებას გაუჩენს - ამას არც ფული სჭირდება და არც დიდი ძალისხმევა

2025-06-11 10:27:56+04:00

დილის დასაწყისი დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ტვინის მუშაობაზე, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და ბედნიერების შეგრძნებაზე -ეს დასკვნა ესპანელმა მეცნიერებმა კვლევის საფუძველზე, რომელიც გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალში European Child & Adolescent Psychiatry. მათ სურდათ გაერკვიათ, როგორ შეუძლიათ მშობლებს ბავშვების ფსიქოემოციური კეთილდღეობის გაუმჯობესება და ყურადღება დილის ჩვევებსა და ტვინის თეთრი ნივთიერების მიკროსტრუქტურაზე გაამახვილეს.

რას გვთავაზობს კვლევა

მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში შეისწავლეს 103 ბავშვი 8-დან 11 წლამდე ასაკში, რომელთაც ჭარბი წონა ან სიმსუქნე ჰქონდათ. ეს ჯგუფი შემთხვევით არ შერჩეულა - ასეთი ბავშვები ხშირად აწყდებიან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას, მათ შორის ფსიქიკური განვითარების შეფერხებას, დაბალ თვითშეფასებასა და სოციალიზაციის სირთულეებს.

მეცნიერებმა შეაგროვეს ინფორმაცია ბავშვების ტიპური დილის რუტინების, ძილის ხარისხისა და ხანგრძლივობის, საუზმის ჩვევების შესახებ. ასევე შეფასდა მათი ბედნიერების დონე, თვითშეფასება, ოპტიმიზმი, სტრესი, შფოთვა, დეპრესიის ნიშნები და ზოგადი ემოციური მდგომარეობა. თითოეულ ბავშვზე ტვინის MRT გამოკვლევაც ჩატარდა. მონაცემების შეგროვება 2014-2016 წლებში მიმდინარეობდა, ხოლო კვლევის შედეგები 2023 წლის აპრილში გამოქვეყნდა.

დილის ფიზიკური აქტივობა ტვინის განვითარებას უწყობს ხელს

კვლევამ ცხადყო: იმ ბავშვებში, ვინც დილას ფიზიკური აქტივობით იწყებდა — მაგალითად, სკოლაში ფეხით მიდიოდა — ტვინის თეთრი ნივთიერება უკეთ იყო განვითარებული. განსაკუთრებით თვალშისაცემია მიელინის (ნერვული ბოჭკოების დამცავი ნივთიერება) რაოდენობის ზრდა იმ უბნებში, რომლებიც პასუხისმგებელია ყურადღებაზე, ემოციების მართვასა და სწავლის უნარზე.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დილის ფიზიკური აქტივობა პირდაპირ კავშირშია ტვინის იმ უბნების მდგომარეობასთან, რომლებიც კოგნიტურ და ემოციურ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი.

უფრო მეტიც — ასეთი ბავშვები უფრო ბედნიერად გრძნობდნენ თავს.

დასკვნა მშობლებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში მხოლოდ ჭარბწონიანი ბავშვები მონაწილეობდნენ, მეცნიერები ამბობენ, რომ შედეგები უნივერსალურია და ყველა ბავშვსა და მოზარდს ეხება. ისინი ფიქრობენ, რომ დილის ფიზიკური დატვირთვა აუცილებელი ელემენტია, როგორც ოჯახური, ისე სასკოლო რუტინისათვის.

ამიტომ, თუ ყოველდღე მანქანით მიყავთ შვილი სკოლაში, ღირს დაფიქრებაზე — იქნებ მცირედი სეირნობა უფრო ღირებული იყოს, ვიდრე კომფორტული მგზავრობა. ეს ხომ ბავშვის გონებრივ და ემოციურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს.

ერთი ჩვეულებრივი დილის ჩვევა — სეირნობა ან ფიზიკური აქტივობა გაღვიძების შემდეგ — შესაძლოა იყოს მთავარი გასაღები თქვენი შვილის ტვინის ჯანსაღი განვითარების და ემოციური კეთილდღეობისკენ.