ბაღებში აღსაზრდელთა დასწრება ელექტრონულად გაკონტროლდება და სპეციალური ბარათები მშობლებსაც დაურიგდებათ - რამდენ გაცდენაზე გაირიცხება ბავშვი ბაღიდან? - მშობლები

ბაღებში აღსაზრდელთა დასწრება ელექტრონულად გაკონტროლდება და სპეციალური ბარათები მშობლებსაც დაურიგდებათ - რამდენ გაცდენაზე გაირიცხება ბავშვი ბაღიდან?

2025-06-12 13:48:29+04:00

კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას იწყებს.

მისივე ინფორმაციით, ყველა საჯარო ბაღში დაინერგება აღსაზრდელთა ციფრული დაშვების სისტემა, რაც 100%-იანი სიზუსტით უზრუნველყოფს რეგისტრირებულ აღსაზრდელთა დასწრების აღრიცხვას.

"დღესდღეობით დედაქალაქის საბავშვო ბაღებში აღრიცხვიანობის სტანდარტული, მანუალური სისტემა მოქმედებს, რომელიც იწარმოება მატერიალური ჟურნალების გამოყენებით და თითოეული ბავშვის აღრიცხვა ხდება სპეციალური თანამშრომლის მიერ. პროექტის განხორციელების შედეგად, თითოეულ საბავშვო ბაღში დაინერგება ელექტრონული დაშვების საბარათე სისტემა, რაც მოიცავს ბარათის წამკითხველებს ვიდეოკამერებსა და ბარათებს. აღნიშნული ბარათები დაურიგდებათ, როგორც თანამშრომლებს, ისე აღსაზრდელების მშობლებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, მერის თქმით, მეტი კომფორტისთვის, ბარათებთან ერთად შესაძლებელი იქნება QR-კოდების მეშვეობით, მობილური ტელეფონის გამოყენებით, აღსაზრდელის ბაღში შესვლისა და ბაღიდან გასვლის დაფიქსირება მშობლის ან უფლებამოსილი პირის მიერ.

"სისტემა საშუალებას მისცემს სააგენტოს მონიტორინგის სპეციალისტებს თითოეულ ბაღში აღსაზრდელთა სწრებადობა და თანამშრომელთა გამოცხადება დროის კონკრეტულ მონაკვეთში ციფრული მატარებლებით გადაამოწმოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის განხორციელება და შესაბამისი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამ ეტაპზე კი, ელექტრონული პროგრამის შექმნის პარალელურად, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ აღსაზრდელის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებიდან ამორიცხვა განსაზღვრული წესით ხდება. ამის შესახებ საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ. კერძოდ:

  • აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს. ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.
  • ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერებახდება ავტომატურად(მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.
  • სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი.

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზია:

  • ა) აღსაზრდელის ან/და აღსაზრდელის ოჯახის წევრის ავადმყოფობა;
  • ბ) ოჯახის წევრის გარდაცვალება;
  • გ)სტიქიური უბედურება ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაცია (მათ შორის პანდემია).

გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე, სხვა განსაკუთრებული შემთხვევა, რომლის საპატიოდ მიჩნევის საკითხს წყვეტს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი.

თამარ იაკობაშვილი