პარაზიტოლოგი ირმა კოკაია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს ჭიების საწინააღმდეგო - ანტიჰელმინთური პრეპარატების გამოყენებაზე:
"ძვირფასო მეგობრებო, ვინც მე მიცნობთ, ყველამ იცით ჩემი დამოკიდებულება კოლეგების მიმართ და ზოგადად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი სიყვარული და პატივისცემა თქვენს მიმართ. ისიც იცით, რომ დიდად არც პოსტების წერით გამოვირჩევი. თუმცა, დღეს მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ანტიჰელმინთური წამლების ასე გახშირებულ და არასწორ გამოყენებას. ანტიჰელმინთურ პრეპარატებს გააჩნია მკაცრად განსაზღვრული ჩვენება, დოზირება და გამოყენების ხანგრძლივობა, რაც აუცილებლად უნდა იყოს დაცული. მსოფლიოს არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ეს მედიკამენტები არ იყიდება რეცეპტის გარეშე და არ გამოიყენება იმ რაოდენობით, რაც საქართველოში. ანტიჰელმინთური პრეპარატები არ უნდა იყოს გამოყენებული ე.წ პროფილაქტიკის მიზნით ან საეჭვო შემთხვევაში. მეტიც, ზოგ შემთხვევაში პარაზიტის მიერ მიყენებული ზიანი ნაკლებია, ვიდრე წამლის. ამიტომ, ყოველ კონკრეტულ პაციენტში და არა მარტო ანალიზზე დაყრდნობით, უნდა განისაზღვროს დანიშვნის ჩვენება. უმეტეს შემთხვევებში, ერთი ტაბლეტი ალბენდაზოლის და მებენდაზოლის გამოყენება აბსოლუტურად საკმარისია. სწორედ ამ პრეპარატების, განსაკუთრებით ბენზიმიდაზოლების, ხანგრძლივ და არასწორ გამოყენებას უკავშირებენ (ხშირად სარწმუნო მტკიცებულების გარეშე) ტოქსიკურ ეფექტებს, რაც არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში თითქმის არ ფიქსირდება. ბენზიმიდაზოლებს სწორი გამოყენების შეთხვევაში საკმაოდ კარგი უსაფრთხოების პროფილი აქვს.
უმეტეს შემთხვევაში, პარაზიტოლოგიური დიაგნოზი ემყარება სეროლოგიურ კვლევებს, რომლებიც ხშირად ცრუ ტიტრებს ან ჯვარედინ რეაქციებს აჩვენებენ და ესეც კლინიცისტის მიერ უნდა შეფასდეს. ლაბორატორიული დიაგნოზი ყოველთვის არ ნიშნავს კლინიკურ დიაგნოზს. ბოლო პერიოდში გახშირდა ლაბორატორიების მიერ პაციენტებისათვის ე.წ პარაზიტული პანელების შეთავაზება. ეს პანელები ხშირად კლინიკური სიმპტომებით ურთიერთგამომრიცხავ დაავადებებს მოიცავენ და საერთოდ გაუგებარია, რა პრინციპით შეირჩა. დამერწმუნეთ, არანაირი პარაზიტული პანელი არ არსებობს და პაციენტს კვლევა ენიშნება ინდივიდუალურად, სიმპტომების მიხედვით. ეს პოსტი არ გულისხმობს, იმას, რომ არ დავნიშnოთ ანტიჰელმინთური პრეპარატები, მაგრამ უნდა გამოვიყენოთ მკაცრად განსაზღვრული ჩვენებებით და იმ შემთხვევაში, როცა აუცილებელია. საკმაოდ კრიტიკულად უნდა შევხედოთ ლაბორატორიულ მონაცემებს, ჯობს ზოგჯერ სხვა ლაბორატორიაშიც გადავამოწმოთ და შემდეგ დავნიშნოთ. როცა პაციენტს თითქმის ყველა ანტიჰელმინთურია პრეპარატი გამოყენებულია აქვს და ანალიზში ისევ უფიქსირდება მაგ. ასკარიდი, ეს დიდი ალბათობით, ლაბორატორიის შეცდომაა და არა წამლის მიმართ რეზისტენტობა. ანტიჰელმინთური პრეპარატი უნდა დაინიშნოს შესაბამისი სპეციალისტის მიერ. ორი სიტყვით ასევე მინდა შევეხო ე.წ. " უსაფრთხო " მცენარეულ წამლებს, რომელთა კლინიკური ეფექტურობა არც ერთი სარწმუნო კვლევით დადასტურებული არა არის და წმინდა მარკეტინგია. მათ ნაცვლად ნიორი და გოგრის თესლი გამოყენებაც შესაძლებელია და თან ბევრად იაფიც ღირს. მოკლედ, რომ შევაჯამოთ, დიდი სიფრთხილეა საჭირო ანტიჰელმინთური პრეპარატების გამოყენებისას".