პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მუსიკოსი მათე დევიძე დღეს სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადების შემდეგ მათე დევიძის და შეუძლოდ გახდა.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის "ამას ვერ მოუსმენდა". “მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში” - თქვა დღეს ასევე მათემ.
სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება ამ ფაქტს და აპროტესტებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
დათო გორგილაძე:
„ცდილობ ზოგჯერ ადამიანი, რომ უფრო მეტად ადამიანი გახდე - ვინმესგან არ იწყინო, თუ გეწყინება აპატიო, თუ მთლად ვერ აპატებ, იმავე ბოროტებით არ მიუზღო, როგორც დაიმსახურა.
აბა, როგორ გინდა ეს გამოგივიდეს ლპობის იმ მდგომარეობაში, სადაც შეგვიყვანეს.
როგორ არ უნდა უსურვო ამათ, რომ ზუსტად იმავე სამართლით მიეზღოთ ცხოვრების თითოეულ ნაბიჯზე, რითიც დღეს მათე დევიძე გაუშვეს ციხეში.
სათითაოდ ყველას - მომფიქრებელს, დამგეგმავს, აღმსრულებელს, გამმართლებელს.
ჰოდა, გისურვებთ.“
ანიტა რაჭველიშვილი:
"თავისუფლება მათეს! თავისუფლება სინდისის პატიმრებს!"
კახა კინწურაშვილი:
"ყველამ ყველაფერი იცის, ყველა თავის სიმძიმეს ატარებს დღეს ქვეყანაში და ყველამ იცის, რამდენად უსამართლოა ის გადაწყვეტილება რაც დღეს იქნა მიღებული და რაც შემდეგში დაიშვება.
მე ვიცი, რომ უსამართლო გადაწყვეტილება იქნება ყოველ ჯერზე დღეის ამას იქით და ამ უსამართლობას, მე პირადად, როგორც ერთი ადამიანი არ შევეგუები და ახლა უკვე, თითოეულ მოქალაქეზეა ჯერი.
როცა ქვეყანაში უსამართლობა ხდება, პასუხისმგებლობა არის თითოეულის.”
ინტერნეტში ასევე ვრცელდება 10 წლის მათე დევიძის სიმღერა, დასთან, ელენესთან ერთად.