რამდენიმე მედიასაშუალებამ ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რამაც არაერთ მშობელთან და მოსწავლესთან დაბნეულობა გამოიწვია.
მათი ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები იმ ფორმით, რა ფორმითაც ახლაა, აღარ იქნება და მოსწავლეები უნივერსიტეტებში პირდაპირ სკოლიდან ჩაირიცხებიან.
თუმცა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ჯერჯერობით სამინისტროს რაიმე გადაწყვეტილება არ მიუღია და არც დეტალები იძებნება სადმე. იმის გამო, რომ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციის გადასამოწმებლად მივმართეთ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გვითხრეს, გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები უქმდება, სიცრუეა.
"სკოლა და უნივერსიტეტი კიდევ უფრო მეტად უნდა დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ამ მიმართულებით სამინისტრო სულ მუშაობს და პრაქტიკის შესწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმებას არანაირად არ უკავშირდება." - გვითხრეს სამინისტროში.
სკოლის ნიშნები რომ უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებაზე გავლენას მოახდენდა, ეს თემა გასულ წელს განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა წამოჭრა. მან განაცხადა, რომ სამინისტრო სკოლებში ე.წ. ეროვნული შეფასების დაბრუნებაზე მუშაობდა და სკოლის აკადემიური მოსწრება უმაღლეს სასწავლებლებში ეროვნული გამოცდების ერთ-ერთი ალტერნატივა გახდებოდა. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 2024 წლის სექტემბერში გადადგა და მისი ინიციატივის შესახებ განათლების სამინისტროში ინფორმაცია არ დაუზუსტებიათ.
საკითხი 2025-2028 წლის სამთავრობო პროგრამაშიც გამოჩნდა, რომელიც 2024 წლის ნოემბრით თარიღდება. თუმცა, ჯერჯერობით ვადები და ცვლილების დეტალები უცნობია.
თამარ იაკობაშვილი