"7 ივნისს დავრეკე, მდინარეზე საშიშროებაა მოსალოდნელი-მეთქი, დიდი მადლობაო და ყურმილი დამიკიდეს... " -13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ სპეციალისტები კვლავ გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ - მშობლები

"7 ივნისს დავრეკე, მდინარეზე საშიშროებაა მოსალოდნელი-მეთქი, დიდი მადლობაო და ყურმილი დამიკიდეს... " -13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ სპეციალისტები კვლავ გამომწვევ მიზეზებზე საუბრობენ

2025-06-13 12:19:56+04:00

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეზე მომხდარმა წყალმოვარდნამ კატასტროფული შედეგი მოიტანა, რადგან მდინარის კალაპოტმა ვერ უზრუნველყო დიდი მოცულობის ჩამონადენის სწრაფი გატარება. მას შემდეგ 10 წელი გავიდა. დღეს რა ანალიზი და შეფასება შეიძლება მივცეთ იმ ფაქტებს, რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში და რა არის კიდევ გასაკეთებელი? - ამ საკითხებზე გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ალავერდაშვილი გვესაუბრება, თსუ-ის გეოგრაფიის დეპარტამენტის სასწავლო ჰიდრომეტეოროლოგიური ლაბორატორიის გამგე 1979 წლიდან. ეს ლაბორატორია სწორედ იმ მიდამოში მდებარეობდა და ისიც განადგურდა.

- თქვენ რა დროს და როგორ გაიგეთ ტრაგედიის შესახებ?

- ღამის 12-ის ნახევარზე მდინარე წამოვიდა ძალიან ძლიერი ნაკადით. მალე, ლაბორატორიის ეზოში ამოვიდა წყალი და, რა თქმა უნდა, ჩვენი ლაბორატორიის დაცვამ ეს შეამჩნია. მან, ასევე, დაინახა, რომ წყალი დიდი ნაკადით მოდიოდა იქვე მდებარე კორპუსთან. დაცვის თანამშრომელმა ძლივს აასწრო კიბეზე (იქ ერთი ძაღლი ყოფილა, რომელიც გადაარჩინა) და გამოვიდა ტერიტორიის გარეთ იმ ადგილამდე, სადაც მანქანებს ვაჩერებთ. თავისი მანქანის სიგნალი ჩართო და მოსახლეობას მოუწოდა, რომ სასწრაფოდ გარეთ გამოსულიყვნენ. თავადაც დაიძრა იმიტომ, რომ წამოვიდა წყლის შემდეგი ტალღა. ხალხმა, ვინც გამოვიდა ბინებიდან, თავს უშველა. მაგრამ 7 კაცი მაინც დაიღუპა ჩვენ უბანში. დაცვის თანამშრომელს ასე რომ არ ემოქმედა, ვერავინ იფიქრებდა, რომ წყალი სახლებში შეუვარდებოდათ, მით უმეტეს, ბევრს უკვე ეძინა.

საერთოდ, ხშირად ვრჩებოდი ლაბორატორიაში, მაგრამ იმ ღამეს არ ვიყავი, დილით ადრე უნდა წავსულიყავი მდინარე ლაკბეზე, ჰიდროლოგიური გაზომვების ჩასატარებლად, შეთანხმებული ვიყავი. ვერეს ამბავზე დამირეკეს ღამის სამის ნახევარზე და მითხრეს, ჩართე ტელევიზორი, ნახე რა ხდებაო. ასე გავიგე ეს საშინელი ამბავი. იმდენად იმოქმედა ჩემზე, მაშინვე ვერ შევძელი წამოსვლა, დილის 7 საათზე მივედი ადგილზე.

- წყალმოვარდნის ძირითად ბუნებრივ მიზეზად მიიჩნიეს 4-5 საათის განმავლობაში მოსული დიდი რაოდენობის ნალექი. კიდევ რა ფაქტორები გახდა მიზეზი, დაწვრილებით რომ გაგვარკვიოთ?

- მდინარე ვერეს აუზში 7 ფაქტორი ერთობლივად გამოიკვეთა, რაც შეუძლებელი იყო, ერთი შეხედვით, მაგრამ - ასეა. საგულისხმოა ისიც, რომ მხოლოდ ვერეს აუზში მოვიდა უხვი ნალექი, როცა მის მეზობლად მდებარე მდინარეების - დიღმისწყლისა და ალგეთის ხეობებში მსგავს პროცესებს ადგილი არ ჰქონია.

პირველი ფაქტორი არის ეროზიული მოქმედებების გაძლიერება.13 ივნისის თავსხმა წვიმის დროს, აუზის ორივე ფერდობზე, ხევების გასწვრივ, განვითარდა ძლიერი ეროზია, გამოიწვია მათი დაღრმავება და დიდი მოცულობის ნაშალი მასალის წარმოქმნა, რომელიც ღვარცოფული ნაკადებით მდინარე ვერეს ხეობაში ჩავიდა. მსგავსი კლდეზვავური პროცესები ივნისამდე ორი თვით ადრეც ხდებოდა, ლაბორატორიის მოპირდაპირედ, მდინარე ვერეს მარცხენა კლდის ფერდობზე, რასაც ყოველდღე ვუყურებდით და ასეთი რამ ადგილობრივ უხუცესებს არ ენახათ.

კლდის ნაშალი (ლოდებთან ერთად დიდი ხეები და მცენარეები) ჩამოდიოდა და ჩამოდიოდა. შემეშინდა და მაისის ბოლოს 112 ორჯერ გამოვიძახე და კალაპოტი გავაწმენდინე;

მეორე ფაქტორი არის ატმოსფერული ნალექების სიუხვე.სტიქიამდე დიდი რაოდენობის ნალექი მოდიოდა, 2 თვის მანძილზე, ხოლო 4 ივნისს დაფიქსირდა მდინარის ზემოწელში 120 მმ-მდე, რომელმაც გამოიწვია მდინარის ძლიერი წყალმოვარდნა 156 მ3/წმ ხარჯით, რაც 1960 წლის 5 ივლისის შემდეგ არ ყოფილა;

მესამე ფაქტორი:დანაშაული იყო ვერეს ხეობის განაშენიანება - მდინარის ნაპირზე, ზედა წელში, კერძო სახლები აშენდა;

მეოთხე ფაქტორი:2-3 დღით ადრე წამოვიდა ყვითელი თიხისფერი წყალი, რაც იყო ჯოხონისხევის ფერდის ქვეშ დელუვიური თიხნარის გამორეცხვის შედეგი;

მეხუთე ფაქტორი:მეწყრული პროცესი განვითარდა ჯოხონისხევში, მოწყდა მთლიანი მასა იქ, სადაც ეს ხევი მდინარე ვერეს უერთდება;

განაგრძეთ კითხვა